“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 155-ე მუხლი ალკოჰოლური სასმელების ვაჭრობის წესების დარღვევას ეხება _ ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში არასრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრის მოთხოვნის დარღვევა სავაჭრო ობიექტს 100-ლარიანი ჯარიმა დაუჯდება.
ალკოჰოლური სასმელი არასრულწლოვანისთვის მიყიდვა ვაჭრობის ობიექტის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამ მუხლით, იმავე წლის განმავლობაში ჩადენილი დარღვევა მაღაზიებს 1000 ლარი დაუჯდებათ.
განსაკუთრებით საინტერესოა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 170 -ე მუხლი, რომელიც არასრულწოლოვანთა დათრობას კრძალავს _ მშობელი, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილს დაათრობს, 300 ლარით დაჯარიმდება.
171-ე მუხლმა, რომელიც საზოგადოებრივი ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმას ან ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ ყოფნას ეხება, მოქალაქეებში დიდი გაურკვევლობა და კანონის სხვადასხვანაირი დეფინიცია გამოიწვია.
ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან საზოგადოებრივი ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით დაჯარიმდება. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების წლის განმავლობაში გამეორება 200 ლარით გაიზრდება და 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს; ხოლო მესამედ იგივე მუხლის დარღვევის განმეორება 700-ლარიანი ჯარიმით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, კანონპროექტი ითვალისწინებს 15 დღით პატიმრობას.