ამიტომ მოქალაქეები ახალი ამბის თუ ვაკანსიების სანახავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებს სტუმრობენ, მაგრამ აქაც სირთულეს აწყდებიან, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდების დიდ ნაწილში საჯარო ინფორმაცია საკმარისად არ არის განთავსებული და თვითმმართველობებში არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც საზოგადოებასთან, ასევე მედიასთან ურთიერთობის საშუალებას.
აღნიშნულით დაინტერესდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგები „გურია ნიუსმა“ 2013 წლის 12 აპრილს გააცნო მკითხველს. მას შემდეგ 4 თვე გავიდა, ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვალა ამ მხრივ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და ვებ-გვერდებზე ინფორმაციების შეგროვება აბაშიდან დავიწყეთ.
აბაშის საკრებულოს ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ 20 მარტია. რატომ გაჩერდა დრო და რატომ არ ხდება ინფორმაციის განახლება? ამ საკითხის გასარკვევად აბაშის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარ სპეციალისტს ნათია ჩოჩიას დავუკავშირდით.
ნათია ჩოჩია: “ეს საკითხი ეხება ბესიკ ხომერიკს, ის არის ვალდებული შეავსოს და განაახლოს ვებ-გვერდი. მე ვერაფერს გეტყვით.”
მასთან საუბრის შემდეგ ბესიკ ხომერიკს დავუკავშირდით, რომლის თანამდებობაა “მთავარი სპეციალისტი, კომპიუტერის ოპერატორი.”
_ ბესიკ, საკრებულოს ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ 20 მარტია, არც ინფორმაციაა განახლებული და არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციებია გათვალისწინებული. მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა მონიტორინგის შემდეგ _ დიზაინი შეიცვალა ვებ-გვერდის.
_ დიახ, დიზაინი შეიცვალა. მართალი ხართ, 20 მარტის მერე არ განახლებულა ვებ-გვერდი. ჩვენ ველოდებით ხელშეკრულების გაფორმებას ზუგდიდელ ფოტოგრაფთან და ფინანსებს. ამის შემდეგ მე გავივლი ტრენინგებს იმ ადამიანთან, ვინც ახალი დიზაინი გააკეთა და შემდეგ დავიწყებ საიტის განახლებას. ამას დაახლოებით 20 დღე დასჭირდება.
_ რატომ აფორმებთ ხელშეკრულებას ზუგდიდელ ფოტოგრაფთან _ აბაშაში ფოტოგრაფები არ არიან? ეს ხომ დასაქმებასაც შეუწყობდა ხელს.
_ აბაშაში პროფესიონალი ფოტოგრაფები არ არიან და ამიტომ.
ასე რომ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ინფორმაციის მოძიებას ვებ-გვერდის საშუალებით ცდილობს, კიდევ 20 დღე მოუწევს მოცდა.