ერთი წლის განმავლობაში გამგებელს, გია გოგუაძეს, რომლის თვიური ანაზღაურება 2 360 ლარს შეადგენდა, პრემიის სახით 7 080 ლარი აქვს მიღებული. მის მოადგილეს, ნუგზარ ღლონტს _ 4 500 ლარი; მოადგილეს, გიორგი ჭყონიას _ 900 ლარი. კიდევ ერთ მოადგილეს, “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურ სახეს, კახა ასკურავას _ 5 960 ლარი. აპარატის უფროსზე, ლია იმნაძეზე 3 500 ლარია გაცემული; მთავარ სპეციალისტს, ელიკო იმნაძეს 1 680 ლარი ერგო; თანაშემწეს _ მეგი იმნაძეს 1 800 ლარი; მთავარ სპეციალისტს, ვაჟა ებრალიძეს _ 1 680 ლარი; მდივანს, ნატო ნუცუბიძეს _ 1 050 ლარი; გია გოგუაძის მძღოლს, გიორგი ფირცხალაიშვილს _ 4 350 ლარი; განყოფილების უფროსს ბუხუტი ბარამიძეს _ 2 500 ლარი; დამლაგებლებს _ 600-600 ლარი; გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ღლონტის მძღოლს, ელგუჯა გოგუაძეს _ 4770 ლარი; მთავარ სპეციალისტს, ია ცინცაძეს _ 1 680 ლარი. ამდენივე აქვს აღებული მთავარ სპეციალისტებს _ მაია ცინცაძეს და ირინა ძნელაძეს; ინფრასტრუქტურის სამსახურის მძღოლს დავით ჩხაიძეს _ 4 350 ლარი; სამსახურის უფროსს, სარდიონ ჩხაიძეს _ 2 100 ლარი; მთავარ სპეციალისტს ვახტანგ შალიკაშვილს _ 1 680 ლარი; ომარ ჯანაძეს _ 840 ლარი. ამდენივე აქვს მიღებული რევაზ ჩხიკვაძეს; გულივერ ჯორბენაძეს _ 1 680 ლარი; მანანა გოგუაძეს _ 1 680 ლარი; ნიკა მენაღარაშვილს _ 1 260 ლარი; ალექსანდრე მახათაძეს _ 420 ლარი; სამსახურის უფროსს, იოსებ ჩხაიძეს 2 800 ლარი მისცეს პრემიის სახით, ნუგზარ ბოლქვაძეს _ 2 000 ლარი; განყოფილების უფროსს გია ხოფერიას _ 2 000 ლარი; მთავარ სპეციალისტს აკაკი იმნაძეს _ 1 680 ლარი. ამდენივე მიიღეს მიხეილ ორაგველიძემ, ხვიჩა ნიკოლაიშვილმა, ია ცინცაძემ და ზურაბ ბზეკალავამ; სამსახურის უფროსს, ირმა მგელაძეს 2 800 ლარი ერგო; მათე ორაგველიძეს _ 1680. ამდენივე მიიღო პრემიის სახით თათია გოგიბერიძემ; როლანდ ლაშხიას 2 800 ლარი მისცეს; ნინო კიკვაძეს _ 2 500 ლარი; კახა ჩხარტიშვილს _ 1 680 ლარი. ამდენივე მიიღო ვერა კუკულაძემ. თამაზ იმედაიშვილმა გასულ წელს პრემიის სახით 2 500 ლარი დაიმსახურა; ლიანა ურუშაძემ – 2 100 ლარი; თეა ფირცხალაიშვილმა _ 1 680; ლელა ჯვართავამ _ 1 500 ლარი; ბიძინა ზენაიშვილმა _ 1 260 ლარი; გიორგი ქურიძემ _ 420 ლარი; მაია აფხაზავამ _ 3 500 ლარი; მაია ჩხაიძემ და ნონა მიქელაძემ 1 680-1 680 ლარი; მაია გოგიჩაიშვილს 700 ლარი ერგო; თამარ ასკურავას _ 1 400 ლარი; სანდრო ასკურავას _ 840 ლარი; ლია ნიკოლაიშვილს _ 1 680 ლარი; ნათია ორაგველიძეს _ 1 610 ლარი; სოფიკო ორაგველიძეს _ 840 ლარი; ეთერ ჭყონიას _ 2 800 ლარი; სალომე გურგენიძეს 2100 ლარი; ნინო მშვიდობაძეს _ 1 260 ლარი; მაკა სულაბერიძეს _ 420 ლარი; შოთა ჩაგუნავას _ 2 800 ლარი; იზაბელა აბშილავას _ 1 680 ლარი. ამდენივე მიიღეს გულინა კუნჭულიამ და თამარ ფირცხალაიშვილმა. მალხაზ ვირუბოვმა _ 3 500 ლარი მიიღო; მიხეილ ჩერქეზიამ _ 2 000 ლარი; დავით ცინცაძემ _ 1 260 ლარი; ბიჭიკო ჩხაიძემ _ 420 ლარი; თამარ გოგუაძემ _ 1 680 ლარი; ზაზა ქავზინიძემ _ 2 800 ლარი; პაატა ურუშაძემ და ანა ქერქაძემ _ 1 260-1 260 ლარი; ხოლო კახა ასკურავას მძღოლმა, რევაზ იმედაიშვილმა _ 420 ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გასულ წელს, პრემიებისთვის საერთო ჯამში 147 570 ლარი დახარჯა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, გია გოგუაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრემიები დამსახურებების მიხედვით რიგდებოდა.
_ ბატონო გია, თქვენი მმართველობის დროს, მძღოლებს ასეთი დიდი რაოდენობის პრემია რატომ აქვთ აღებული?
_ მძღოლს ეკუთვნის პრემია და ვაძლევდი.
_ ყველა მძღოლს ამ რაოდენობის პრემია ეკუთვნოდა?
_ რა რაოდენობის პრემიას ვაძლევდი? დეტალებში არ მახსოვს.
_ მაგალითად, თქვენ მძღოლს 4 700 ლარის პრემია აქვს მიღებული, მოადგილეების მძღოლებსაც თითქმის ამდენივე….
_ არ ვიცი, დეტალებში არ მახსოვს, მაგრამ კვარტალში ერთხელ თუ ორჯერ, მახსოვს, რომ ვაძლევდით…
_ უფრო ხშირად, ბატონო გია _ ორ თვეში ერთხელაც კი.
_ შეიძლება.
_ და რა მიზეზით?
_ დატვირთვა ჰქონდათ მაგათ _ დილიდან საღამომდე ოჯახს არ ეკუთვნოდნენ და ამიტომ, თორემ პრივილეგირებული არავინ არ ყოფილა.
_ და თქვენ რომ 2 360 ლარი ხელფასი გქონდათ და 7 000 ლარის პრემია გაქვთ აღებული, არც ეგაა პრივილეგია?
_ არ უნდა ამეღო?
_ უნდა აგეღოთ ამ რაოდენობის პრემია?
_ ნუ, ახლა კვარტალში ერთხელ მეკუთვნოდა ალბათ, პრემია და ვიღებდი.
_ კვარტალში ერთხელ აღებული პრემიის ჯამია ეს? ხელფასის ოდენობის პრემიას იღებდით?
_ ჰო, რა თქმა უნდა. აბა?!
_ ყველა მოადგილისთვის მძღოლი რა აუცილებლობა იყო?
_ რატომ არ იყო აუცილებლობა _ რაიონში მოადგილემ ფეხით უნდა იაროს?
_ მანქანა რომ თავად ემართა და ბიუჯეტს ცოტა უფრო მეტად მოფრთხილებოდით, არ შეიძლებოდა? მით უმეტეს, რომ არც ჩოხატაურში და არც ოზურგეთში გამგებლის მოადგილეებს მძღოლები არ ემსახურებოდნენ…
_ მე მიმაჩნდა, რომ უფრო სწორი იყო, გამგებელის მოადგილეს მძღოლი ჰყოლოდა _ ასე უფრო მეტი საქმე გაკეთდებოდა.
_ როგორც გვითხრეს, მძღოლების პრემიების წილში ხელმძღვანელები “იჯდნენ”.
_ როგორ გეკადრებათ. ასეთ სიბინძურეს ნუ ამბობთ.
_ ჩვენ გვითხრეს და თქვენთან ვამოწმებთ.
_ გითხრეს? ვინ გითხრათ? მე გეუბნებით, რომ სიბინძურეა. მე თქვენ სხვანაირად გიყურებთ და ასეთი რაღაცეები სიბინძურეა.
_ ნუ ბრაზობთ, ბატონო გია _ ჩვენ მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმეთ მხოლოდ.
_ სიბინძურეს გეუბნებიან და ასეთებს არ უნდა ისმენდეთ, _ რჩევა-დარიგება არ დაიშურა, ყოფილმა გამგებელმა და “ნაციონალების” საპარლამენტო კანდიდატმა.
რაც შეეხება საკრებულოს, იქ ერთი წლის განმავლობაში 58 270 ლარის პრემაა დარიგებული: რევაზ ჩიტიძეს 10 090 ლარი აქვს აღებული; მის მოადგილეს, ზვიად აფხაზავას _ 6 600 ლარი; ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით ჩხაიძეს _ 3 250 ლარი; კომისიის თავმჯდომარეებს: ილო გვარჯალაძეს _ 3 250 ლარი, გია ორაგველიძეს _ 2 600 ლარი; გოჩა ჯანაშიას _ 3 250 ლარი. ამდენივე აქვს მიღებული პაატა ფირცხალაიშვილს. ფრაქციის თავმჯდომარეს მარინე თურნავას _ 2 600 ლარი; კომისიის თავმჯდომარეს, მერაბ წილოსანს _ 3 250 ლარი; თანაშემწეს, დონარა დოლიძეს _ 1 900 ლარი; განყოფილების უფროსს, მაია კეკელიძეს _ 2 340 ლარი; განყოფილების უფროსს ალეკო ჭყონიას _ 1 000 ლარი; მდივანს, მარინა ცენტერაძეს _ 1 400 ლარი; მძღოლს გიგა წერეთელს _ 3 930 ლარი; დამლაგებელს _ 600 ლარი; მთავარ სპეციალისტს, ირინა დოროხოვას _ 2 520 ლარი; დავით კვაჭაძეს _ 1 260 ლარი; გურამ ბოლქვაძეს _ 420 ლარი; ეკა ხვედელიძეს კი 1 260 ლარი.
ოფიციალურ დოკუმენტებში ერთი კურიოზული ბრძანებაც აღმოვაჩინეთ _ 2012 წლის 1 თებერვალს, საკრებულოს თავმჯდომარე, რევაზ ჩიტიძე #22 ბრძანებას წერს. ბრძანების თანახმად, ‘”სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის გაიცეს პრემიარული ანაზღაურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე, ზვიად აფხაზავაზე”.
ბრძანებას, ხელს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკრებულოს თავმჯდომარე, რევაზ ჩიტიძე აწერს.
გასულ წელს, პრემიების გარეშე ლანჩხუთში არც სოფლის რწმუნებულები დაუტოვებიათ. რაც შეეხება მიზეზებს. საჯარო სამსახურში დასაქმებულები, უმეტეს შემთხვევაში პრემიას “სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის” იღებდნენ. თუმცა, დოკუმენტებში გვხვდება ასეთიც _ “საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით”, “აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით”, “უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით”.
რაც შეეხება 2013 წელს, მიმდინარე წლის 3 იანვარს, საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის ბრძანებით პრემიები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგმა თანამშრომლებმა მიიღეს (ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” ბირთვმა) _ სულ ასმა ადამიანმა.
27 თებერვალს, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა მის მოადგილეს, ზვიად აფხაზავას გამოუწერა პრემია; ხოლო ათ აპრილს მის წინამორბედს _ ფრაქცია “თვითმმართველობა განვითარებისთვის” თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურისგან განსხვავებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალ ხელმძღვანელობას პრემიები არც საკუთარი თავისთვის დაურიგებია და არც თანამშრომლებისთვის.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.