უფლებადამცველი ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საპატიმროებში განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა წამებამ თამაზ რასოიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიუთითებს “პატიმრობის შესახებ” კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილს, სადაც მოცემულია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც პატიმარს სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თამაზ რასოიანს ამ ნუსხაში ჩამოთვლილი დაავადებები აწუხებს და ექვემდებარება პატიმრობიდან გათავისუფლებას.
თამაზ რასოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს განზრახ მკვლელობის ბრალდებაში, რის გამოც 2004 წლიდან პატიმრობაშია. თუმცა, ამ დანაშაულისათვის მას სასჯელი პრაქტიკულად მოხდილი აქვს და ამჟამად იხდის მეორე სასჯელს, რომელიც საპატიმროში დაემატა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას მთლიანობაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პროკურატურას, გადახედოს თამაზ რასოიანის მეორე ბრალდებას _ ქურდული სამყაროს წევრობას.
“გასათვალისწინებელია, რომ დაკავებამდე რასოიანი მანქანების რეცხვით არჩენდა ოჯახს და ე. წ. ქურდული ტრადიციებით არ ცხოვრობდა. ეს ბრალდება მას ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების შემდეგ წაუყენეს, როცა სხვა პატიმრებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამეფებული კორუფციის გამოაშკარავება სცადა. მის წინააღმდეგ ჩვენებები იძულებით მიაცემინეს სხვა მსჯავრდებულებს, რომლებიც დღეისათვის მზად არიან, პროკურატურას რეალური ჩვენებები მისცენ. გარდა ამისა, თამაზ რასოიანი 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტის მოწმეა. მისი ჩვენება ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2012 წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა და პროკურატურას მოუწოდა, შეესწავლა მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია,” _ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ორგანიზაცია მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროულად შეისწავლოს საპატიმროებში დარჩენილი წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების საქმეები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.”
“თამაზ რასოიანის საქმე ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ სჯიდნენ წამების მსხვერპლ პატიმრებს, როცა ისინი თავიანთი უფლებების დაცვას ცდილობდნენ და საპატიმროებში გამეფებულ ძალადობრივ რეჟიმს აპროტესტებდნენ”, _ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.