მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, როცა ის ამბობდა, ბახმაროდან საბაგირო ტრასას პირდაპირ ურეკში გაიყვანენო, რამდენიმე წელი გავიდა _ თავის დროზე გაპიარებულ კურორტ ურეკს, უკვე რამდენი წელია, გადაუჭრელი პრობლემა აქვს _ უწყლობა და კანალიზაციის არარსებობა. თავის დროზე “იმედის ქალაქად” მონათლული ურეკი, დღესაც უწყლობას უჩივის.
ურეკის პრობლემებზე “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, თუმცა პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.
ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებდა, რომ გურიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის, ურეკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყებოდა.
“ურეკი, შავი ზღვის სანაპიროზე, ძალიან მნიშვნელოვანი კურორტია. ჩვენ მივიღეთ კურორტების დაგეგმარების და მაქსიმალური ეფექტის მიღების გარკვეული გამოცდილება. ამის ნათელი მაგალითია ანაკლია, რომელიც მიმაჩნია, რომ უნიკალური კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში გავახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ამავე ტიპის კონცეფცია შევიმუშაოთ ურეკში, სადაც ის ადამიანები იმუშავებენ, რომლებმაც ანაკლიაზე იმუშავეს. მინდა, ვთხოვო გუბერნატორს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება, მოგაწოდოთ. აზიის განვითარების ბანკის დახმარებით ურეკში ჩვენ მთლიანად შევცვლით წყლის და კანალიზაციის სისტემას, რომელიც დიდი ხანია აწუხებს ურეკელებს. ამასთანავე, ბევრი ადგილობრივი დასაქმდება. როცა ვიყავი გურიის გუბერნატორი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, რადგან მაშინ ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა მეტ-ნაკლებად გამოჩნდა და ყველა გურული ნახავს, რომ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება,” _ აღნიშნა მაშინ ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან.
2011 წელს მოსახლეობა “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ყველაზე დიდ გადაუჭრელ პრობლემაზე _ უწყლობაზე საუბრობდა.
_ აგვისტოა ჩვენთვის სახეირო შემოსავლის მხრივ, თუმცა იმდენად მოუწესრიგებელია ურეკი, ხალხს იმედი არ აქვს, რომ დამსვენებლები ჩამოვლენ. ახლომახლო სოფლებიდან _ შრომიდან და ნატანებიდან ჩამოგვაქვს სასმელი წყალი. აქაური წყალი არ დაილევა, კანალიზაციის სიბინძურე შიგ ჩადის. ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დასალევი წყალი არ არის და ბალონებით ვეზიდებით. გზები რა მდგომარეობაშია, თქვენც კარგად ხედავთ. ჩვენ 2004 წლიდან ვმუშაობთ აქ და წინსვლა ნამდვილად არაა, _ ამბობდნენ ურეკის სასტუმროების მფლობელები.
იგივე სიტუაციაა ახლაც, 2013 წლის ზაფხულში. მოსახლეობა კი ურეკის ძველ წყალსადენზე საუბრობს, რომელიც მათი განცხადებით, გაყიდულია.
_ ურეკს უნიკალური წყალი აქვს, დააქუცმაცეს წყალსადენი იმ დროს, როცა ჯუმბერ ყაზაიშვილი იყო დაბა ურეკის გამგებელი და მას ვანო ჩხარტიშვილი “კრიშად” ედგა. წყალსადენის დაქუცმაცება და გაყიდვა პერიოდულად ხდებოდა, წლების განმავლობაში. თავდაპირველად პატარკაციშვილს ხელს უწყობდა ჟვანია, ჩვენ გვაქვს დადგენილება ჟვანიას მიერ ხელმოწერილი. გამგებელმა ჯუმბერ ყაზაიშვილმა დაიწყო ამ პროცესების ამოქმედება, აი, ნახეთ რას ჰგავს ურეკი, გვახრჩობს წვიმა, ნიაღვარი რომ წამოვა, საშინელებაა. ძალიან დიდი ფული იყო ამ წყალსადენში ჩადებული და იმიტომაც გაყიდეს. მოსახლეობას არაფერი აღარ გვაქვს. რატომ უნდა ვიყოთ ასეთ დღეში ურეკელები? გამოიძიონ ეგ საქმე, ვინ და რატომ გაყიდა ურეკის წყალსადენი. ყველაფერი წაგვართვეს. აქ ჩადგმულია სასტუმროები. რატომ არ გვქონდა ადგილობრივებს ამდენი უფლებები და ამ ოლიგარქებს საიდან აქვთ? ნახეთ, სულ ტროტუარებზეა დადგმული სახლები და სასტუმროები, _ აცხადებენ ” გურია ნიუსთან” ურეკელები.
ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში გურამ ბერძენიშვილი:
_ დღეის მდგომარეობით, ურეკში ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე მუშაობს მხოლოდ ერთი ჭაბურღილი, რომელიც მოქცეულია დასასვენებელი სახლების და სასტუმროების ქსელში. თვით ამ ქსელს არ გააჩნია კაპიტალური გამწმენდი ნაგებობები, რომლებიც, წესით, მიერთებული უნდა იყოს კანალიზაციის ქსელთან. დასასვენებელი სახლების და სასტუმროების ფეკალური მასა იღვრება იქვე, სახელდახელოდ გაკეთებულ ორმოებში და აქედან გამომდინარე, დღეს, ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე მოქმედი ჭაბურღილი, ფაქტიურად, იკვებება ფეკალური მასის ნაჟურით. ის პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა ყოფილი წყალსადენის გაუქმების შედეგად (ახალი წყალსადენის გაკეთების მოტივით), მათი უპასუხისმგებლობით არის გამოწვეული, ვინც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა ურეკის განაშენიანების პროგრამას. ესენია ყოფილი გამგებელი ჯუმბერ ყაზაიშვილი, ე.წ. შპს “მაგნეტიტის” დირექტორი, აწ გარდაცვლილი გურამ შავდია, ურეკის განაშენიანების პროექტის მოთავე საყვალა სალუქვაძე, ასევე ის პიროვნებები, რომლებიც ჩართული იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმით მიწების გაცემის საკითხში. ასევე, იყო დაბა ურეკის მიწათმომწყობი გელა მუსერიძე, რაიონის მაშინდელი გამგეობა და მიწის მართვის სამმართველო, მთელი შემადგენლობით.
_ რატომ გაყიდეს?
_ ფულის გულისთვის, იქ ერთი კვადრატული მიწის ფართობი ღირდა 100 დოლარი. იმიტომ ყიდდნენ, რომ ადგილი დაეთმოთ სასტუმროებისთვის. წყალსადენის ზონა ამჟამად არის 60 კვადრატული მეტრი, ერთი 1,2 ჰექტრის ნაცვლად. დანარჩენი გაყიდულია _ 1,16 ჰექტარი, უფრო სწორად, ნაწილ-ნაწილ იყიდება 2000 წლიდან მოყოლებული და დღეს ურეკს წყალი არ აქვს. აქ რომ კანალიზაცია გაკეთდეს, მაშინ ბევრი სასტუმრო უნდა დაინგრეს. რაც შეეხება იმ პროექტს, რომლის გაშენების მიზეზსაც შეეწირა ურეკის წყალსადენი, არა თუ მშენებლობაა გახორციელებული, პროექტიც ეჭვის ქვეშაა.
გია მამაკაიშვილი, ოზურგეთის რაიონის გამგებლის მოადგილე 2004 წელს: _ მე 2004 წლიდან ვიყავი ოზურგეთის გამგებლის მოადგილე, ინფრასტრუქტურის კუთხით. წყალსადენთან დაკავშირებით მე რაც მახსოვს, წვერმაღალიდან რეზერვუარით მოდიოდა წყალი, მილების საშუალებით. რაღაც პრობლემები იყო წყალსადენთან დაკავშირებით, კი ბატონო, ახლა ის განადგურებულია და გაყიდულია.
_ ბატონო გია, ზუსტად ეგ გვაინტერესებს, რატომ გაიყიდა, ვინ გაყიდა, ვისი მეშვეობით გაყიდეს? ურეკს ამდენი წლის განმავლობაში წყალი არ აქვს.
_ რა ვიცი, წყალსადენი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა ჩემს დროს, მახსოვს. მედალს აქვს ორი მხარე. შეიძლება სასტუმროების ასაშენებლად სჭირდებოდათ მიწა და გაყიდეს. ასეთი პრესტიჟული ადგილია და მეორე მხარე რაღაც მიწის კუთვნილებაზე იყო.. აუ, არ მახსოვს, მაგრამ ეს საკითხი რომ იდგა, ეგ კი მახსოვს. იყო საუბარი ახალი წყალსადენის გაკეთების თაობაზე. თქვენ კარგად იცით, რომ ურეკში კანალიზაციის პრობლემა ახლაც როგორ დგას. არ არსებობს გამწმენდი ნაგებობა. მაშინ ცხონებულმა პატარკაციშვილმა ითავა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ მერე წარმოიშვა სხვა პრობლემები. ფინანსურად ეს ძალიან დიდ თანხებზე ავიდა. კანალიზაცია და წყალი ერთ პროექტზე უნდა მიბმულიყო. ამიტომ წვერმაღალას სათავე ნაგებობის აღდგენის საკითხი დადგა დღის წესრიგში, მაგრამ მერე ეს საკითხი შეჩერდა. არც კანალიზაციაა გაკეთებული და არც წყალი აქვს ურეკს.
ჯუმბერ ყაზაიშვილი, ურეკის გამგებელი 1993 წლიდან 2007 წლამდე:
_ ფაქტობრივად, წყალსადენი იყო, მაგრამ მთლიანი კურორტის იმ წყალსადენით მომარაგება მაინც შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, დადგა საკითხი ახალი წყალსადენის მშენებლობისთვის, რომელიც მოემსახურებოდა მთელ კურორტს, მათ შორის დამსვენებლებს. აქ არ იყო საუბარი მარტო მოსახლეობაზე. მერე რატომ არ გახორციელდა ეს პროექტი, ეგ აღარ ვიცი. ყოველ შემთხვევაში 2003 წელს უნდა დაწყებულიყო კანალიზაციისა და წყალსადენის პროექტი, რომელსაც დააფინანსებდა პატარკაციშვილი და ნაწილობრივ სახელმწიფო. 2003 წლიდან მოვიდა ახალი მთავრობა და ეს დაპირებები დარჩა ჰაერში. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ჩემს დროს პრობლემები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი უწყლობა ნამდვილად არ ყოფილა. ეს წყალსადენი იყო ოზურგეთის ბალანსზე, რომელსაც კურირებას ვუწევდით. ის ტერიტორია, რომელიც წყალსადენს ეჭირა, სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. დაზიანდა ძრავები. ვის ევალებოდა მისი აღდგენა და რემონტი, ეგ აღარ ვიცი. ჩემს დრო ყველაფერი რიგზე იყო, ვერ გეტყვით, მერე რა მოხდა.
“გურია ნიუსმა” ის ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ურეკში წყალსადენის არსებობას ადასტურებს: “ოზურგეთის რაიონული გამგეობის დადგენილება #125, 2000 წლის 17 ნოემბერი.
რაიონის გამგეობა ადგენს: სოფლის წყალსადენების საექსპლოატაციო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ურეკის წყალსადენი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს ურეკის ადგილობრივ თვითმმართველობას.
დაევალოს ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის სამმართველოს, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 სექტემბრის #531 ბრძანებულების შესაბამისად, სოფლის წყალსადენების საექსპლოატაციო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ურეკის წყალსადენის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოზე გადაცემისას, დააფუძნოს შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება “ურეკის წყალსადენის სახელმწიფო საწარმო” სახელმწიფოს 100%-იანი წილობითი მონაწილეობით.
“კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, წყალსადენზე არსებულ ჭაბურღილების ირგვლივ აღდგენილი (ახალი წყალსადენის აშენებამდე) და დაცული იქნას პირველი სანიტარული მკარი ზონა და მეორე ზონა.
ჭაბურღილების ირგვლივ პირველი სანიტარული მკაცრი ზონის აღდგენა განახორციელოს შპს “მაგნეტიტმა”, რომელიც ამჟამად ითავსებს დაბა ურეკის დირექციის უფლებამოსილებას.
ეთხოვოს დაბა ურეკის საკრებულოს, ხელმძღვანელობის ფორმით, დაავალოს შპს “მაგნეტიტს”იმ ორგანიზაციულ-ფინანსური საქმიანობის გახორციელება, რასაც უნდა მოჰყვეს წყალსადენის სრული რეაბილიტაცია.
ეთხოვოს დაბა ურეკის საკრებულოს, პანსიონატ “მთის ბროლთან” გააფორმოს ხელშეკრულება წყალსადენით სარგებლობის შესახებ.
დადგენილების პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ საკითხთა გადაწყვეტა გახორციელდეს 2000 წლის 10 დეკემბრამდე.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს გამგებლის მოადგილეს ბატონ გია მამაკაიშვილს.”
ხელს დადგენილებას რაიონის გამგებელი ა. ღელეყვა აწერს.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.