თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად პროკურატურამ უნდა გასცეს.
“შს სამინისტროს მიერ შიდა მოკვლევის თუ გამოძიების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ დაუშვებლად არის მიჩნეული შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდეს საკუთარ უწყებაში ჩადენილ დანაშაულს, რაც, სავარაუდოდ, ამ უწყების მოხელეთა მიერ არის ჩადენილი. გირგვლიანის საქმეში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იძიებდა ის უწყება, რომლის მოხელეთა მიერ იყო დანაშაული ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მთავარ პროკურორს, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიბრუნოს ეს საქმე და ყველა შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი,” _ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.
აღსანიშნავია, რომ მამუკა მიქაუტაძის საქმე საქართველოს შს სამინისტროს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილებით გადაეცა და მას ამ დრომდე სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.
“2013 წლის 05 ივლისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე არსებული ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გელა მანჯავიძე. იგი დაკავებისას შეეცადა თავიდან მოეშორებინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი 11,56 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა შეშელიძის ქუჩაზე არსებული ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. 2013 წლის 06 ივლისს, გელა მანჯავიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 05 ივლისს, გელა მანჯავიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი ნაცნობი, ავტოსადგომზე ხელოსნად მომუშავე აწ გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 2013 წლის 05 ივლისს (16:36-17:55 სთ), შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დაკითხული იქნა მოწმის სახით.
მამუკა მიქაუტაძე თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ გ. მანჯავიძემ მანქანიდან გადმოუსვლელად დაუწყო საუბარი, მოიკითხა და უთხრა, რომ მისთვის მოტანილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელიც გახვეული იყო პოლიეთილენი პაკეტში და იმ მომენტისთვის გელა მანჯავიძეს ეჭირა ხელში. მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლების მისვლისას გელა მანჯავიძემ იხელთა დრო და საქარე მინიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მამუკა მიქაუტაძეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. მოწმის სახით დაკითხვისას და ნარკოლოგიური გამოკვლევის შემდგომ, იმავე დღეს დაახლოებით 23:00 საათზე, მამუკა მიქაუტაძე კერძო ტაქსით დაბრუნდა თავის სამსახურში.
რაც შეეხება მიქაუტაძის გვამის გამოკვლევის შედეგებს, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნით მამუკა მიქაუტაძის გვამს კისრის ზედა მესამედში, ფარისებრი ხრტილის ზემოთ აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი სტრანგულაციური ღარი და კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ნაჭდევი. რაც განვითარებულია სამარყუჟე მასალის ჩაჭერის შედეგად. სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან.
“გარდა თავის ჩამოხრჩობით მიღებული დაზიანებისა, გვამს გარეგნულად მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება,” _ ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
მოწმის სახით დაკითხულმა გელა მანჯავიძემ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესს, მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ საერთო ფლიგელში და მამუკა მიქაუტაძე დაკითხვის დროს იჯდა მის მოპირდაპირე მხარეს. გელა მანჯავიძის ჩვენებით მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში, ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან სხვა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
“დაახლოებით ერთი კვირით ადრე მანჯავიძე ამბობდა, რომ დაკავების დროს თავდაპირველად ის მიქაუტაძესთან ერთად იმყოფებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიქაუტაძე გაიყვანეს და მხოლოდ 20 წუთის შემდეგ დააბრუნეს. უკან დაბრუნებულმა მამუკამ მას უთხრა, რომ ვერ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და თავადვე ეცდება ციხიდან მის გაყვანას,” _ ამბობს გიორგი მშვენიერაძე. მისივე თქმით, დაუჯერებელია, რომ ბრალდებული და მთავარი მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას ერთ ფლიგელში დაეკითხათ, ისე რომ მათ ერთმანეთის დანახვის საშუალება ჰქონოდათ. ასევე უცნაურია მანჯავიძის მიერ ბრალის აღიარება იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიქაუტაძის ჩვენება მისი თვითმკვლელობის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა და მანჯავიძეს რეალურად მიეცა გამართლების შანსი.
უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ გუშინ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ვიდეო კადრებმა კიდევ უფრო გაამყარა მათი ვარაუდი მიქაუტაძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.
“მამუკა მიქაუტაძის უკანონო დაკავების ფაქტი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებითაც დასტურდება _ როდესაც მიქაუტაძე გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, მას გარკვეული პერიოდის მანძილზე აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება, ხოლო შემდეგ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მიქაუტაძეს ხელები უკან უწყვია, როგორც შეყვანის, ასევე გამოყვანის მომენტში და მას თან ახლავს სამართლადამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეჭვს.
შს სამინისტროს ასევე არ უპასუხია კითხვაზე, 4 საათის განმავლობაში რატომ არ მისცეს მიქაუტაძეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება. ერთ-ერთი არგუმენტი რომელსაც შსს სამინისტრო იყენებს, არის სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მინდა გითხრათ, რომ როგორც ამ დასკვნას, ისევე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას აქვს თანაბარი იურიდული ძალა და გაურკვეველია, როგორ ვერ მოახერხა სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ იმ დაზიანების იდენტიფიცირება, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის მიერ შეფასებულია, როგორც სიცოცხლის დროინდელი ტრავმა და ემთხვევა იმ შუალედს, როდესაც მიქაუტაძე იმყოფებოდა სამართლადამცავ უწყებაში,” _ ამბობს მშვენიერაძე.
დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა მამუკა მიქაუტაძის ქვრივიც, რომელმაც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობა გამოუცხადა. ზიზი ეძგვერაძე დაანონსებულ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა. ეძგვერაძე ამბობს, რომ ეჭვქვეშ არ აყენებს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც გარდაცვლილის სხეულზე სისხლნაჟღენთი დააფიქსირა, თუმცა, შესაძლოა, მისმა მეუღლემ ეს დაზიანება ხიდან ჩამოვარდნის დროს ან სხვა ვითარებაში მიიღო და არა პოლიციელთა მხრიდან გახორციელებული ზეწოლის შედეგად.