როგორც ბავშვის დედა ნ. ბ. გვიყვება მისი შვილი სახლიდან ძაღლის გასასეირნებლად გავიდა.
– ხშირად ასეირნებდა ძაღლს და სახლში მოგვიანებით ბრუნდებოდა, რადგან მეგობრებთან ყოვნდებოდა. როცა დაღამდა და სახლში აღარ დაბრუნდა ძებნა დავუწყე. პოლიციაში არ გაგვიცხადებია იმიტომ, რომ შიშის ფაქტორი გვქონდა. ჩემი ქმარი არჩევნებში იყო ჩართული, ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო და რამდენჯერმე იყო ამის გამო პოლიციაში დაკითხვაზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს ჩემი ქმრის აქტივობას. _ გვითხრა არასრულწლოვნის დედამ, რომელიც “გურია ნიუსს” სთხოვს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით მისი შვილის უსაფრთხოება დავიცვათ.
ჩვენს კითხვაზე, როგორ მოხერხდება უსაფრთხოების დაცვა, როდესაც ის უარს ამბობს მისი და შვილის ვინაობის გამჟღავნებაზე, ქალბატონმა გაგვიცხადა, რომ ვისაც შესაძლოა ეს საკითხი უკავშირდებოდეს, ის მარტივად ამოიცნობს ამ ისტორიას. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდეს.
არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტს ადასტურებენ ოჯახის ახლობლებიც, რომლებიც ინფორმაციის გაუხმაურებლობის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ბავშვის მამის პოლიციაში დაბარებებთან იყოს რაიმე კავშირში და სიტუაციის გართულებას თავს არიდებენ.
“გურია ნიუსი” შსს-საც დაუკავშირდა, სადაც კონკრეტული პირის შესახებ ვიკითხეთ, ფლობდნენ თუ არა რაიმე ინფორმაციას მის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ მათთან არანაირი შეტყობინება არც დაკარგვისა და არც ფიზიკური დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით არ შესულა.