_ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც გამოიხატება მისი მუშაობით, შეხვედრებით თუ დისკუსიებით. იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც შეეხება „ლუდომანია“-ს. ამ სენით დაავადებულია პირი, რომელიც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე მსგავს კანონპროექტი არ არსებობდა. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვას, მაგრამ არა ასეთი ეფექტური. კანონპროექტის მიღების მიზანია ლუდომანიის, როგორც დაავადების პრობლემის მოგვარება და მისი სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი მდგომარეობით მთელ მსოფლიოში უკვე 5 %-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული. აღნიშნული დაავადება იქცა სოციალურ პრობლემად, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც იმ პირებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან აზარტულ თამაშებზე, ასევე ოჯახის წევრებსა თუ საზოგადოებას. ლუდომანიით დაავადებულ პირებში ხშირია მიდრეკილება ალკოჰოლისადმი, ასევე თვითმკვლელობისკენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლუდომანია თავის სირთულით არ ჩამორჩება იმ დაავადებებს როგორებიცაა: ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. მნიშვნელოვანია ამ პრობლემის სამართლებრივი რეგულირება, რომელიც დაიცავს იმ ოჯახებს, სადაც ამგვარი პრობლემებია. ჩვენი მიზანია დავიცვათ პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ სენით, ასევე, მათი ოჯახის წევრები ძალადობისგან და იმ მნიშვნელოვანი ზიანისაგან რაც მათ ადგებათ. ეს ზიანი გამოიხატება ხშირ შემთხვევაში იმით, რომ ბევრი ოჯახი რჩება უსახლკაროდ, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი, არჩილ ჭავჭანიძე.
მისივე თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად ლიბერალური გზის მოძებნაა საჭირო:
_ პუერტო-რიკოში, ადგილობრივ მასმედიაში კაზინოების რეკლამის განთავსებაც კი აკრძალულია. ყაზახეთსა და რუსეთში კაზინოების მოწყობა მხოლოდ პერიფერიულ ზონაშია ნებადართული. დედაქალაქიდან კაზინოები სომხეთში და აზერბაიჯანშიც გადააქვთ. მნიშვნელოვანია საზღვარგარეთი ქვეყნების გამოცდილება, მაგრამ მივიჩნევთ, რომ ასეთი რადიკალური მიდგომა დაუშვებელია და უნდა ვეძიოთ უფრო მეტად ლიბერალური გზა ამ პრობლემის გადასაწყვეტად, _ ამბობს ჭავჭანიძე.
კანონპროექტზე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატები: გიორგი კოპალეიშვილი, თამარ საძაგლიშვილი, არჩილ ჭავჭანიძე, გიორგი მირიანაშვილი, მარიამ ღვინიაშვილი, იზა კასრაძე, ნათია ლუტიძე, გიგა ფარტენაძე, ირაკლი ჭელიძე და ქეთი ებრალიძე მუშაობდნენ.
_ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ აღნიშნული წინადადებას მხედველობაში მიიღებს საქართველოს პარლამენტი და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის სამართლებრივ რეგულირებას, _ დასძენს ჭავჭანიძე.