აფხაზეთის ეკლესიის საკითხი უკვე დიდი ხანია დგას ქართულ-რუსული ეკლესიების დღის წესრიგში: “ჩვენ, ტრადიციულად, განვიხილავთ აფხაზეთის თემას და ასტრახანიდან ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხს,” _ ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
2013 წლის მაისში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაიკარგა სულიერი კავშირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და აფხაზეთის მართლმადიდებლობის მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. თავის მხრივ მოსკოვის საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის საკითხი რთული თემაა, სიტუაციის საბოლოო დარეგულირებისთვის აუცილებელია დრო და კომპლექსური მიდგომა საეკლესიო კანონების მიხედვით.
პატრიარქების შეხვედრაზე, შესაძლოა, განხილულ იქნას მე-18 საუკუნეში, ასტრახანში დასაფლავებული ქართველი მეფეების _ ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.
ამ თემაზე, 2011 წლის ნოემბერში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქ კირილს მიმართვა გაუგზავნა, რის შემდეგაც პატრიარქ კირილის ინიციატივით შეიქმნა ორმხრივი კომისია, რომლის პირველი სხდომა 2012 წლის დეკემბერში გაიმართა.
პატრიარქ კირილის თქმით, “ქართველი მეფეების ნეშტის გადასვენების საკითხი რუსეთში სახალხო განსჯის საგნად უნდა იქცეს, რადგან საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ასეთმა ქმედებებმა, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ორი ქვეყნის უთიერთობებს.”
პატრიარქების შეხვედრაზე საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებსაც შეეხება, მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულ-რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო.