ცენტრის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.naec.ge; online.naec.ge. თუმცა, რამდენიმე დღეა, აბიტურიენტები აღნიშნულ ვებგვერდზე, საკუთარ პროფილში შესვლას ვერ ახერხებენ.
“გურია ნიუსს” ამ პრობლემის შესახებ ასეულობით აბიტურიენტი დაუკავშირდა. ყველა მათგანი ამბობს, რომ გამოცდების შედეგებს ვებგვერდიდან ვერ იღებენ, რადგან სერვერი არ მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დაკავშირებაც შეუძლებელია.
სამაგიეროდ, გამოცდების შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ხდება, ამისთვის კი თანხაა საჭირო _ ერთი სმს ღირებულება 50 თეთრია.
_ თუ ფულს გადავიხდით, შედეგებს ვიგებთ. არადა, ინფორმაციის მიღება ვებგვერდიდანაც უნდა შევძლოთ. თუმცა, ამ სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ მავანს კარგად გათვლილი ბიზნეს-გეგმა აქვს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეიკო ანჯაფარიძე ამბობს, რომ ვებგვერდს არანაირი პრობლემა არ აქვს:
_ ვებგვერდს არანაირი შეფერხება არ აქვს და გამართულად მუშაობს. მხოლოდ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში საიტზე შედის 30 000-ზე მეტი აბიტურიენტი. დღის განმავლობაში, საიტზე შემოსული ადამიანების რაოდენობა ბევრად აჭარბებს აპლიკანტთა რაოდენობას. აპლიკანტები შეუფერხებლად შემოდიან სისტემაში, თუ თავად მათ არ აქვთ ლოკალური შეფერხება და ის თავისი კომპიუტერიდან ვერ ახერხებს სისტემაში შესვლას. რაც შეეხება ცხელ ხაზს, ზარების მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება. ვპასუხობთ აბსოლუტურად ყველა ზარს. შეიძლება მომხმარებელს ზარების სიმრავლის გამო მოცდა დასჭირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს მეილის სისტემა და ფეისბუქის გვერდი, რომელსაც მუდმივად პასუხობენ, _ გვითხრა ანჯაფარიძემ.
_ მაგრამ ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ და რამდენიმე აბიტურიენტმა ვერ შეძლო ვებგვერდზე შესვლა…
_ ეს იმ შემთხვევაში, თუ ლოკალური პრობლემა აქვს თვითონ აბიტურიენტს და ის ვერ შედის თავისი კომპიუტერიდან ან ქსელიდან. მონაცემები გითხარით, მხოლოდ პირველ საათში 30 000 ზე მეტი აბიტურიენტი შემოდის. ხშირია, რომ თვითონ აბიტურიენტს შეცდომით შეჰყავს ინფორმაცია ან თავისი ინდივიდუალური პრობლემაა, თორემ სისტემა შეუფერხებლად მუშაობს, _ აღნიშნა ანჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება შედეგების გამოცხადების შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება:
_ სააპელაციო განაცხადების მიღება მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა აბიტურიენტს ეცოდინება მიღებული ქულა. ეს აგვისტოს შუა რიცხვებში მოხდება და ხუთი დღის ვადაში დასრულდება. წელს არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც _ აბიტურიენტს, სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე საშუალება აქვს ცვალოს ფაკულტეტები და საგანმანათლებო პროგრამები, _ გვითხრა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძის მოსაზრების უტყუარობაში, რომ ვებგვერდზე მოქალაქეები თუ ვერ შედიან, ეს მათი კომპიუტერის ან ქსელის ბრალია, კომპიუტერის ელემენტარული ანაბანას მცოდეს შეეპარება ეჭვი, რადგან კომპიუტერი და ქსელი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, მით უმეტეს, როცა ასეთი შემთხვევა უამრავია, ხოლო ის, რომ სერვერი გადატვირთულია, ეს ისედაც მშვენივრად ჩანს. საინტერესოა, რატომ ვერ მოახერხა გამოცდების ეროვნული ცენტრმა, რომელსაც უზარმაზარი დაფინანსება აქვს და აბიტურიენტებისგანაც საკმაო დიდი თანხა შესდის, ნორმალურ სერვერზე განეთავსებინა გამოცდების შედეგები? თუმცა, ალბათ, ამ დროს ყურადსაღებია ეჭვი, რომ აბიტურიენტს სპეციალურად აიძულებენ, ფასიანი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია, რითაც ცენტრის ბიუჯეტი კიდევ უფრო შეივსება.
ისიც აღსანიშნავია, რომ ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, საათობით ლოდინის დროს, აბონენტს იმის შესახებ ესაუბრებიან, თუ სად შეიძლება აიღოს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათი!!! და ეს მაშინ, როცა მისაღები გამოცდები დიდი ხანია დასრულდა!