როგორც გავარკვიეთ, კომპანია “ალფამ”, რომელსაც გურიის ბაზრის 100% უკავია, უმწეოთა დაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდებოდა უბნის ექიმები და სასწრაფო დახმარების სამსახური, არარენტაბელურობის გამო დატოვა, რაც ხელფასების განახევრების მიზეზი გახდა.
_ “მედალფა”, წინა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული, ჩართული იყო სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიას დავალებული ჰქონდა, ექირავებინა ფიზიკური პირი, ექიმი, დაედო ხელშეკრულება და განეხორციელებინა პროგრამა. ხარჯების 50%-ს იხდიდა სახელმწიფო, 50%-ს _ “მედალფა”. იგივე სქემა იყო სასწრაფო დახმარების სამსახურზე. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, “მედალფა” ამ პროგრამიდან, 218-ე დადგენილებიდან გავიდა, რადგან ეს პროექტი მათთვის წამგებიანი იყო და შესაბამისად, ფულს აღარ იხდის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ავერსის” კლინიკურმა დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში.
_ როგორც ვიცი, ამ ეტაპზე სამინისტროსა და კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის საუბარი, რომ როცა მოლაპარაკება დასრულდება, თანხა, რომელიც ამ დრომდე მიუღებელი აქვთ ექიმებს, გადახდილი იქნება, მაგრამ დაზუსტებული არ არის, ვინ გადაიხდის _ სადაზღვევო კომპანია თუ სახელმწიფო. თუმცა, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული და როდის მიაღწევენ, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, _ გვითხრა მდინარაძემ.
კომპეტენტური პასუხის მიღება ამაოდ ვცადეთ ჯანდაცვის სამინისტროდან _ მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, სამინისტროს პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
არადა, ჯერ კიდევ მარტში, ლანჩხუთში ჩამოსული დავით სერგეენკო უბნის ექიმებს პრობლემების მოგვარების პირობას აძლევდა: “არ მეგონა თუ ამდენი პრობლემა დამხვდებოდა, განსაკუთრებით სოფლის ექიმის ინსტიტუტის ირგვლივ. ვეცდებით, ყველა იმ პრობლემას, რაც ამ შეხვედრაზე დაისვა, კომპლექსურად მივუდგეთ”, _ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებთან შეხვედრაზე.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. როგორც ჩანს, მედიკოსთა პრობლემებით ჯერ არავინ დაინტერესებულა.
_ ჩვენც ადამიანები ვართ. გვესმის, რომ ჩვენი პროფესიის ხალხი, არ შეიძლება გავიფიცოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე ჩვენს ხელშია, მაგრამ ამის გამო არაფრად არ უნდა ჩაგვაგდონ?! ჯერ სამასი ლარი რა არის და იმასაც რომ გაგვინახევრებენ, ოჯახები რითი ვარჩინოთ? მთელი დღე ქუჩაში ვართ, ოჯახიდან ოჯახში დავდივართ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ. გადაამოწმეთ, ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზები _ 90% მართლდება, თუმცა, როგორც ჩანს, მავანს ჩვენ პიროვნებებად არ მივაჩნივართ და მხოლოდ იმას გვეუბნებიან, ექიმები ხართ და გაფიცვის უფლება არ გაქვთო. იმის უფლება გვაქვს, რომ შვილები შიმშილით მოვკლათ? _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას უბნის ექიმები, რომლებიც ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ გაფიცვას აპირებენ.
ანალოგიურ სიტუაციაში არიან სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები. უფრო მეტიც, განახევრებული ხელფასის გამო, ამ დრომდე კურორტ ურეკში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანა არ დგას.
_ სასწრაფოს ექიმებმა ურეკში ყოფნაზე უარი თქვეს. ამდენ ხნას, სეზონის დაწყებიდან დასრულებამდე, ყოველთვის იდგა ერთი მორიგე მანქანა. ახლა არ მიდიან და ამბობენ, რომ თუ იქნება გამოძახება, წავლენ. მათი ხელფასი ახლა 180 ლარია. ეს ყველამ იცის _ გამგებელმა, მაჟორიტარმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით მდინარაძე.
_ “ვიცით”, “გვესმის”, “ყველაფერი მოგვარდება”… დავიღალეთ უკვე ამის მოსმენით. ვინმემ აგვიხსნას _ ექიმობაზე აუცილებელი და საჭირო პროფესია არის რომელიმე? გამგებელს 3 000 ლარი აქვს, დეპუტატს _ 5 000, მინისტრს _ 7 000. ჩვენ რომ 300 ლარი მაინც გვქონდეს, არ შეიძლება?! ათასებს ხომ არ ვითხოვთ?! არც კაბინეტი გვინდა და არც კომფორტული ავტომობილები. როცა ამ პროფესიაზე გავაკეთეთ არჩევანი, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა და რას გავაკეთებდით. სახელმწიფოს ექიმების მიმართ ასეთი მონური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.