“ისევე როგორც საქართველოს პატრიარქს, მეც იმედი მაქვს, რომ რუსულ–ქართული ურთიერთობები დალაგდება. დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას, რომელსაც ამბობს რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შეასრულებს. მე გამოვრიცხავ იმას, რომ მას მიეცა პატრიარქისთვის რაიმე ისეთი პირობა ან წინადადება, რომელსაც ის იგნორირებას გაუკეთებდა შემდგომში. ეს არის გამორიცხული. ძალიან პოზიტიურად ვაფასებ პატრიარქის ვიზიტს” -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, _ ხომ არ სცდება რუსეთში პატრიარქის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები ეკლესიის ფარგლებს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
“მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქის ვიზიტით გაიღო გარკვეულწილად სარკმელი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ისეთი უმნიშვნელოვანესი თემების მოგვარებისაკენ, როგორიც არის ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული აფხაზეთის, ე.წ სამხრეთ ოსეთის და ჩვენი დევნილების საკითხი. ეს ეკლესიის ფარგლებს არანაირად არ ცდება. ამას პატრიარქი აკეთებს, მან ძალიან კარგად იცის და საკუთარ ხალხზე და მოსახლეობაზე ზრუნვა ნამდვილად არ ცდება მართლამიდებლური ეკლესიის კომპეტენციის ფარგლებს. ეს არის შესაძლებლობლობებზე საუბრის დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ახლა სწორი გაგრძელება სჭირდება არა მხოლოდ სასულიერო პირებს შორის, არამედ სჭირდება სწორი პოლიტიკური გარემო. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება საქართველოში ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ჩააბარებს მანდატს ილაპარაკოს საქართველოს სახელით და იბრძოლოს საქართველოს ერთიანობისათვის და საქართველოს სწორი საგარეო კურსის უზრუნველყოფისათვის”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.