“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ქობულეთის სამსახურის უფროსად ოზურგეთელი დავით ცხომელიძე ინიშნება. დავით ცხომელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მკვიდრია. იგი ბოლო წლებში, აჭარა-გურიის სააღმსრულებლო ბიუროს აღმასრულებელი იყო, საპარლამენტო არჩევნების წინ კი კუდ-ის გურიის სამსახურის თანამშრომელი გახდა. არჩევნების შემდეგ მან ანტიკორუფციული დეპარტამენტის გურიის სამსახურში გააგრძელა მუშაობა.
ინფორმაციას, ცხომელიძე მისი ქობულეთში სუს-ის უფროსად გადაყვანის შესახებ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის მუშაობს გურიაში, ანტიკორუფციულ სამსახურში.
_ აგიხსნით, ეხლავე, რა! მე ვარ სამხედრო მოსამსახურე და სადაც მეტყვიან, შესაბამისად, იქ წავალ. სხვა საუბარი არ ყოფილა და დამატებით ვერაფერს ვერ გეტყვით, _ გვითხრა ცხომელიძემ.
კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის უფროსი კახა ვადაჭკორია ფოთის სუს-ს უფროსად გადაიყვანეს. ამ პოსტზე, შესაძლოა, კონტრტერორისტული სამსახურის თანამშრომელს ელგუჯა ჩავლეშვილი გადაიყვანონ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი აკაკი სიხარულიძე თანამდებობას ტოვებს და, ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის პორტში მოქმედი რეზერვის ოფიცრად ინიშნება. თავად აკაკი სიხარულიძე “გურია ნიუსთან“ საუბარში გურიაში თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა, ბათუმში დანიშვნას უარყოფს და აცხადებს, რომ ის თბილისშია, ჯერ არსად დანიშნულა და ახალი სამსახურის მოლოდინშია.
ამ თანამდებობაზე, როგორც ადრე ვწერდით ირაკლი თავდიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ ჯერ ის არ დაუნიშნავთ. ეს ინფორმაცია თავად თავდიშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა და გვითხრა, რომ როგორც კი დაინიშნება, მაშინვე გვეტყვის ამის შესახებ. ახალი უფროსის დანიშვნამდე მისი მოვალეობა ვანო საჯაიამ უნდა შეასრულოს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სუს-ს ქალაქ ბათუმის უფროსად გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, კუდ-ის გურიის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ ჩანტლაძე ინიშნება. იგი „გურია ნიუსთან“ კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს.
ქობულეთის სუს-ს სამსახურის უფროსი ვანო ბარამიძე, რომელიც წინასაარჩევნოდ კუდ-ის უფროსი იყო გურიაში და რომლის ადგილიც დავით ცხომელიძემ უნდა დაიკავოს, ჩვენი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას.
მიუხედავად ჩვენი მრავალჯერ მცდელობისა, ვანო ბარამიძემ “ გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.