სამინისტროს ჩუქნიდნენ ყველაფერს: ავტომანქანებს, მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ცეცხლსასროლ იარაღს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მჩუქებელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ჩუქების სახელით ქონება იძულებით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლაც დაიწყო. დღეს ეს “მჩუქებლებიც” და ისინიც, ვინც ჩუქებას არ აპროტესტებს, მედიასთან კომენტარს ერიდებიან.
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით მხოლოდ 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ჩუქების ფორმით 14,724.1 ათასი ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივები გადაეცა. აქედან, 2011 წელს 2მლნ. 691 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანები, 716 ათასი ლარის მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, 72 ათასის მატერიალური მარაგები, 15 ათასის შეიარაღება (სულ 3 მლნ. 495 ათასი ლარის)
2012 წელს, შს სამინისტროს საჩუქრად გადაეცა 1 მლნ 359 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანები, 2 მლნ. 080 ათასი ლარის არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, 7 მლნ. 632 ათასი ლარის 3 საცხოვრებელი კორპუსი კახეთის გზატკეცილზე , მანქანა-დანადგარები და ინვენტარი 54.5 ათასის ლარის ღირებულების. ასევე მატერიალური მარაგები და გრძელვადიანი მცირეფასიანი არაფინანსური აქტივები 26.5 ლარის ( სულ 11 226,6 ლარი).
ტენდერში მოგებული და ნაჩუქარი პოლიციის სამმართველო
ს/ს “არქეოპოლისი” ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალმილიონიანი ქონება აჩუქა.
დაბა მესტიაში, გამგეობის შენობის გვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, მესტიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე ტენდერი 2011 წლის მარტში გამოცხადდა. პოლიციის შენობა ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის პროექტით უნდა აშენებულიყო. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანია _ “არქეოპოლისმა” მიიღო და გაიმარჯვა, თუმცა, 2012 წლის თებერვალში კომპანიის დირექტორმა დავით გვარამიამ მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხაზე უარი თქვა და 2 მლნ. 282 ათასი ლარის ღირებულების შენობა უსასყიდლოდ დაუთმო შს სამინისტროს.
“ს/ს “არქეოპოლისის” მიერ სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადმოცემულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმრათველოს, 2,080.1 ათასი ლარის ღირებულების ადმინისტრაციული შენობის სამუშაოები, რომელიც იმავე დღეს (29/02/2012) ბალანსიდან ბალანსზეა გადაცემული შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსათვის (სულ 2,282.8 ათასი ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი შენობა 202.6 ათასი ლარის საპროექტო სამუშაოების ჩათვლით). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ს/ს “არქეოპოლისმა” აღნიშნული შენობის მშენებლობის დაკვეთა ტენდერში გამარჯვების შედეგად მიიღო და ძალზე არალოგიკურად ჩანს მისი გადაწყვეტილება სამშენებლო სამუშაოების ღირებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ,” _ ნათქვამია შს სამინისტროს აუდიტის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა.
“გურია ნიუსი” კომპანიის ხელმძღვანელთან ჩუქების მიზეზის გარკვევას შეეცადა, თუმცა, არც დავით გვარამიამ და არც მისმა მოადგილემ ალან თოდუამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს. გვარამიას 22 ნოემბრის 2011 წლის N140 წერილის თანახმად მისი სურვილია წვლილი შეიტანოს ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის საქმეში და ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით უსასყიდლოდ გადასცეს შენობა შს სამინისტროს.
შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ნაჩუქარი მანქანები სასამართლომ შს სამინისტროს დაუტოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 17 ივლისს ვასილ გრძელიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა. გრძელიშვილი მასსა და შსს-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და გაჩუქებული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნებას ითხოვდა. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოსარჩელემ ჩუქების ორივე ხელშეკრულება ნების თავისუფლად გამოვლენის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იძულებისა და ზეწოლის შედეგად გააფორმა. მან ავტომანქანები ”ლენდ როუვერ რეინჯერი” და ”ბმვ X5 4.4.” შვილის, აკაკი გრძელიშვილის, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების სანაცვლოდ გაუფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მოპასუხე მხარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევდა , რომ გრძელიშვილის პოზიცია ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდს და მოსაზრებების დონეზე იყო წარმოდგენილი. ამასთან, ქონების ჩუქების ფორმით შსს-სთვის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა და შესაბამისად, ვ. გრძელიშვილის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ვასილ გრძელიშვილმა, ვერ წარმოადგინა საჭირო მტკიცებულებები და ვერ დაადასტურა, თუ ვისი იძულების გამო გააფორმა შსს-სთან ჩუქების ხელშეკრულებები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩუქების ხელშეკრულებები თავისუფალი ნების საფუძველზე გააფორმა.
ვასილ გრძელიშვილის მსგავსად სავარაუდოა, რომ ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება სხვებსაც გაუჭირდებათ, რადგან სასამართლო მათ ზეწოლის და იძულების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას ავალდებულებს, შს სამინისტრო კი მსგავს შემთხვევებში მტკიცებულებების და კვალის დატოვების გარეშე მოქმედებდა.
“გურია ნიუსმა” მის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულელებეთან დაკავშირებით კომენტარი გრძელიშვილის ადვოკატს სთხოვა, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.
რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შს სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში მოხვდა როგორც შს სამინისტროსთვის ჩუქების, ასევე სამინისტროს მიერ ფიზიკურ პირებზე ქონების უკანონოდ გასხვისების ცალკეული შემთხვევები.