ზოგადად, გობელენი დეკორატიული ქსოვილია, რომელსაც სხვადასხვა ავეჯზე გადასაკრავად თუ სქელ ფარდებად იყენებენ. ისე კი, ხალხური რეწვის სამყაროში იგი ხელით ნაქსოვი კედლის ხალიჩაა და ჩვენში მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის.
ვიდრე ჩვენი რუბრიკის საინტერესო და ხელოვნების დონეზე დასპეციალებულ მქსოველებს შევხვდებით, მსურს, მარტივი ხერხით, ამჯერად პატარა გობელენის მომზადების წესი შემოგთავაზოთ. ეს მეთოდი ყველა დამწყებ მქსოველსა და ხელსაქმის მოყვარულს გამოადგება.
ავიღოთ პატარა ზომის სქელი დეკორატიული ქსოვილის ნარჩენი, რომელიც ყველა ოჯახში მოიძებნება. მივცეთ სასურველი ფორმა (ოთხკუთხა, მართკუთხა თუ რომბისებური…). მასზე არსებულ ფიგურებს შევურჩიოთ ფერები და ისე ამოვქარგოთ. შევნიშნავ _ დეკორატიულ ქსოვილს იმიტომ ვამჯობინებ, რომ დამწყები მქსოველისთვის საწყის ეტაპზე საკუთარი ესკიზის შექმნა ძნელია. იმედია, მოყვარულმა მქსოველმა ძირითადი და წარმოქმნილი ფერების გარჩევა იცის და იმის აღქმაც შეუძლია, რომელ ფერს რომელი შეუხამოს.
ასე ჩვენ მივიღებთ ძალიან ლამაზ, ხელით მომზადებულ, პატარა ზომის გობელენს, რომელსაც ჩამოსაკიდი მაკრამეს მოშველიებით უნდა გავუკეთოთ. შესაძლოა, სხვა საშუალებით ჩამოჰკიდოთ ან მიამაგროთ საკუთარი სახლის სასურველ კედელზე. ფანტაზიის მოშველიება თქვენზეა. რაც შეეხება ძაფებს, ამ საკითხს ეკონომიურად და დაკვირვებული თვალით მიუდექით. საყოფაცხოვრებო პირობებში ჩვენ არაერთ ძველ, სხვადასხვა სახის სამოსს ვიშორებთ თავიდან და არ ვაკვირდებით, მოქსოვილია თუ არა ის გაუხუნარი ფერების ძაფისგან. დავშალოთ, მოვუძებნოთ ბოლოები, მოვარღვიოთ და დავახვიოთ გორგლებად. სპეციალურად ნაყიდ ძაფთან ერთად, ეს ძაფებიც ძალიან გამოგვადგება.
მოიშველიეთ ფანტაზია და ისე ორიგინალურად გაალამაზებთ თქვენს საოჯახო სივრცეს, თავადაც აღტაცებული დარჩებით და მნახველიც ხელობას შეგიქებთ.