7 ივლისს, ლანჩხუთის გამგეობაში მისულებს გამგებლის მისაღებში ფეხბურთელები დაგვხვდნენ. როცა გამგებლის მოადგილეს ვახტანგ ზენაიშვილს ვკითხეთ, თუ რის გამო იყვნენ ფეხბურთელები მისულები გამგეობაში, გვიპასუხა, რომ ხელფასების თაობაზე.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა უჯდება მუნიციპალიტეტს კლუბის შენახვა და რა ოდენობის დავალიანება აქვთ ბანკებში _ კლუბის შესანახად საკრებულომ შარშან 400 ათასი ლარი გამოყო, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებით 600 ათასი ლარამდე კიდევ დაიხარჯა: _ დღეის მონაცემებით, ბიუჯეტს სწორედ ფეხბურთის დაფინანსებიდან წარმოშობილი 700 ათასი ლარი ვალი აქვს, _ ამბობს ზენაიშვილი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ბოლო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებისთვის კიდევ აიღონ ბანკიდან კრედიტი 94 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც, პროცენტების ჩათვლით, ბიუჯეტიდან გადაიხდიან.
ამჟამად კლუბის საბანკო დავალიანება 340 ათასი ლარია. თანხა აღებული აქვთ ორი ბანკისგან _ “პრივატ ბანკისგან” და “კალა ბანკისგან”.
როგორ აპირებს აპირებს მუნიციპალიტეტი “გურიას” ვალების გასასტუმრებლად ან აპირებს თუ არა სამომავლოდ კლუბის დაფინანსებას, თუ სპონსორი არ გამოჩნდება, ამის შესახებ გამგებლის მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს ვესაუბრეთ:
_ თანხა, რომლითაც ლანჩხუთის “გურია” ფინანსდება, არის ბიუჯეტის თანხა. მე ვფიქრობ, რომ ლანჩხუთის მოსახლეობას აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს რამდენად უღირს მას ერთი საფეხბურთო კლუბის დაფინანსება. როდესაც, დავუშვათ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის 5 მილიონი, ამ თანხის 30% ერთ კლუბზე რატომ უნდა წავიდეს? ეს უნდა გადაწყვიტოს მოსახლეობამ. გამგებელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გუნდი მოეყვანა აქამდე. ჩვენ რომ მოვედით, ეს ყველაფერი დაგვხვდა _ გამოყოფილი თანხა, აღებული სესხი, ლანჩხუთის “გურიაც” გადადიოდა უმაღლეს ლიგაში. არაფერში ხელი არ შეგვიშლია, პირიქით, ხელი შევუწყვეთ გუნდს, რაც შეგვეძლო. გარდა ამისა, გამგებელი დღემდე ცდილობს მოძებნოს სპონსორი გუნდისთვის და კერძო სექტორს ჩააბაროს იგი.
დგება მომენტი, როცა ბიუჯეტს აღარ შეუძლია ასეთი ძვირად ღირებული კლუბის შენახვა. ფუფუნებაა ის, როცა გუნდზე მუნიციპალიტეტი ამდენ თანხას ხარჯავს. უბრალოდ, ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევდით არსებულ სიტუაციას, რადგან ფეხბურთი ლანჩხუთში საკმაოდ ტრადიციული სპორტია.
დავსვათ საკითხი ასე: ფეხბურთი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს და უნდა იყოს სანახაობრივი. მოგეხსენებათ, სტადიონზე ხალხი არ დადის, ბილეთები არ იყიდება. ბილეთები რომ გავყიდოთ, ხალხი საერთოდ აღარ მივა. მაყურებელთა რაოდენობა საშუალოს 70-100 კაცია. კომერციული ფუნქცია ხომ საერთოდ არა აქვს. აქედან გამომდინარე, ვერანაირ მოგებას გუნდი ვერ მოიტანს, პირიქით 100%-იან დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ფეხბურთის განვითარებას უწყობდეს ხელს, ესეც ეჭვის ქვეშ დგას. მე მგონია, რომ ვითარება უნდა შეიცვალოს. _ რაიონის ბიუჯეტი ეკუთვნის, როგორც ფეხბურთის მოყვარულებს, ისე ყველა ლანჩხუთელს. ამიტომ, მოსახლეობამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს უღირს ამხელა თანხის ჩადება ფეხბურთში თუ არა. უკვე დახარჯულა მილიონ ასია თასი ლარი _ ნაწილი ბიუჯეტის ფულია, ნაწილი _ კრედიტია, რომელიც ისევ ბიუჯეტის ფულით უნდა დაიფაროს. ეს, ფინანსური თვალსაზრისით, არის ჭაობი და ჩვენ ამ ჭაობში დიდხანს ყოფნას არ ვაპირებთ.
_ ანუ, თუ სპონსორი არ გამოჩნდა, ადგილობრივი ხელისუფლება უარს იტყვის “გურიას” დაფინანსებაზე?
_ ბიუჯეტს რა შესაძლებლობებიც აქვს _ 200-300 ათასი ლარი, ეს შეიძლება გაიცეს იმდენად, რამდენადაც ა (ა)იპ- ია, ადგილობრივი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს გუნდი და არა ჩამოყვანილი ფეხბურთელებით. ჩამოვიყვანოთ სხვადასხვა კლუბებიდან ფეხბურთელი და თანხა ვუხადოთ, მე მგონი, ამას ხალხი არ გვაპატიებს. ჩემი აზრთ, უპრიანია ბიუჯეტის თანხა დაიხარჯოს საავადმყოფოებზე, საბავშვო ბაღებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს ჩემი აზრია, არავისთვის თავზე მოხვევას არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთი უნდათ თუ არა, ეს ლანჩხუთელებმა უნდა გადაწყვიტონ.
_ ამის შესახებ ხომ არ აპირებთ გამოკითხვის ჩატარებას მოსახლეობაში?
_ ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე კითხვაა ჩემი ლანჩხუთელების მიმართ _ უნდათ თუ არა ფეხბურთი?!
_ სხვა სახის გამოკითხვის ჩატარებაზე რას იტყვით?
_ შეიძლება, ესეც გავაკეთოთ, არაა გამორიცხული.