2012 წლის 24 სექტემბრიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე, პრემიერ-მინისტრის პარტიას მინისტრებმა, საჯარო მოხელეებმა და ბიზნესმენებმა სულ 3 მლნ. 388 ათასი ლარი შესწირეს. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ანგარიშზე კი ამ დროისთვის სულ რაღაც 221 ათასი ლარი ირიცხება _ ამ თანხის დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებამდე, სექტემბერში ჩაირიცხა.
პარტიამ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო” შემოწირულობა იმ ბიზნესმენებისგანაც მიიღო, რომლებიც წინა წლებში ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ. მაგალითად, 29 ივლისს, შპს “ტრანსლიბერთის” 33%-იანი წილის მფლობელმა გელა ბაზაძემ პარტიას 25 ათასი ლარი ჩაურიცხა. ზუსტად 1 წლის წინ კი 25 ათასი მან “ნაციონალური მოძრაობის” ბიუჯეტს შემატა.
შემომწირველთა შორის განსაკუთრებული ხელგაშლილობით პარლამენტარ ზვიად ძიძიგურის ქვისლი კობა დარჯანია გამოირჩევა _ 2012 წლის 8 ოქტომბერს მან “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს”, და არა კონსერვატორებს, 40 ათასი ლარი შესწირა. მიმდინარე წლის 25 ივლისს კი 25 ათასი ლარი, სულ 65 ათასი. კობა დარჯანია ამჟამად პარლამენტში, ფრაქცია “კონსერვატორების” აპარატში მოწვეული სპეციალისტის თანამდებობას იკავებს, ფულს კი კოალიციაში შემავალ სხვა პარტიას ურიცხავს.
გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებას, რომლითაც მან მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფულის შეწირვა სთხოვა, ძირითადად საჯარო მოხელეები გამოეხმაურნენ. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის სამი თვეა დარჩენილი და სავარაუდოდ, ბიზნესმენთა აქტივობა ეტაპობრივად გაიზრდება.