სოფელი ბახვი. ალესორიანი ლიანა, 1 ოქტომბერი – ეს წერილი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დღეს დაწერა ქალბატონმა ლიანამ და საარჩევნო ურნაში ჩააგდო, იფიქრა, რომ ადრესატამდე მივიდოდა. არ ვიცი მივიდა თუ არა ადრესატამდე ეს წერილი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა.
ქალბატონი ლიანას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სულ სხვა მდგომარეობა იქნებოდა. “გურია ნიუსი” მას 9 თვის შემდეგ ეწვია სახლში, გვინდოდა, რომ პოლიტიკაზე და გენდერზე გვესაუბრა, მაგრამ ამ საკითხზე მხოლოდ მოკლე პასუხი მივიღეთ:
_ ერთი კი ვიცი შვილო, ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს ქვეყანაში. კარგია, რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, რადგან იქნებ ქალმა მაინც შევიდეს ჩემს მდგომარეობაში და გაიგოს ჩემი გასაჭირი. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დავდივარ თითქმის ყოველთვის მთავრობაში და პასუხს არ მაძლევენ. გამგეობაში მითხრეს, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში იქნებ მიხვიდეო, როგორ უნდა წავიდე იქ, ამიხსენით. ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს გარდაცვლილი, მეორე შვილი სად არის, საერთოდ არ ვიცი და ახლა ჩემთან სახლში ჩემი 11 წლის შვილიშვილია. არა ვარ ისეთი ჩავარდნილი, შემიძლია შრომით ვიშოვნო საჭმლის ფული. მხოლოდ ერთს ვითხოვ ერთი ოთახი მინდა, ერთი ჭერი და მეტი არაფერი, – გვითხრა ლიანა ალესორიანმა.
2012 წლის გაეროს ადამიანური განვითარების ანგარიშის მიხედვით, საქართველო ადამიანის განვითარების მიხედვით 75 ადგილზეა (187 ქვეყანას შორის). გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით 73-ე ადგილზე ( 146 ქვეყანას შორის ) და 2011 წლის გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის მიხედვით 86-ე ადგილზე (135 ქვეყანას შორის) .
“საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარების პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხარისხი მეტად მცირეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისევ პიროვნულ ცნობიერებაში უნდა ვეძებოთ – ქალები არ აღიქმებიან თანასწორუფლებიან პარტნიორებად და მათი პროფესიული, ინტელექტუალური და პირადი ღირსებები სათანადოდ არ ფასდება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს გენდერული თანასწორობა, რადგან კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ იგი განმტკიცებულია მთელი რიგი ღონისძიებებით.”- აცხადებს developmentgoals.wordpress.com-სთან საუბრის დროს ექსპერტი ქალთა საკითხებში ქეთევან მსხილაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ირინა საჯაიას თქმით, ქალები მსოფლიოს ნახევარზე მეტს შეადგენენ და მათი რესურსი სათანადოდ არ არის გამოყენებული, ქალს გააჩნია განსხვავებული ღირებულებები, ხედვა.
_ ქალების მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში ქვეყნის სტაბილურობის პირობაა. ძალიან ხშირად იწერება და გვესმის იმის შესახებ, რომ ქალი განსაკუთრებით სენსიტიურია სოციალური საკითხების მიმართ და მართლაც ასეა, რაც შემიძლია დავადასტურო ჩემი გამოცდილებით საკრებულოში მუშაობის პერიოდში. თუნდაც, სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად ჯანსაღი გენდერული კლიმატის შექმნაა საჭირო, სადაც ქალები თავიანთ თავს უფრო რეალიზებულს გახდიან ვიდრე დღეს შექმნილი სიტუაციაა, _ გვითხრა ირინა საჯაიამ.
სოფელი ბახვი ისე დავტოვეთ, რომ ქალბატონი ლიანა მხოლოდ ერთ ოთახზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ფიქრობდა.