საქმე ისაა, რომ რეკრეაციულ ზონებს მერიის მიერ სტატუსი აქვს შეცვლილი და ინვესტორებზე ხეების ჭრის ნებართვაც მერიის მიერაა გაცემული. თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ ბიზნეს ინტერესებს, ბუნება არ უნდა გადავაყოლოთ.
“ეს არის სადაო საკითხი. პარტია “თავისუფალ საქართველოს” სხვა პოზიცია აქვს. ის, რომ რაღაცა პროექტი არის კომერციულად მომგებიანი, ეს ჩვენთვის არგუმენტი არ არის. რესტორნის მაგივრად ბორდელი რომ გავაკეთოთ ვაკის პარკში, ძალიან მომგებიანი იქნება. ამის გამო რომ ავდგეთ და ბიზნესს ავუნთოთ მწვანე შუქი, არ მიმაჩნია სწორად. საერთოდ, არ მგონია, ბიზნესი იყოს რესტორანი. ბიზნესია ფაბრიკა და ქარხანა. მაინც და მაინც ნუ დაგვამადლიან, ერთ რესტორანს თუ გახსნიან. ალბათ, ლონდონშიც იჭრება ხე. უბრალოდ ამას სჭირდება ზომა-წონით შეფასება პროფესიულად. კომერციული და ბიზნეს ინტერესებით იმის გამართლება, რომ ხეები უნდა გაიჭრას, არასწორი მგონია.
ეს არ არის მარტო ეკოლოგიური საკითხია, პოლიტიკური საკითხიცაა. საქმე ისაა, ქალაქის საკრებულოს ეყოფა თუ არა ერთი ადგილი, მშენებლობები შეაჩეროს, მაგალითად, კუს ტბაზე. თუ ვიტყვით, რომ ბიზნეს ინტერესია მთავარი, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანი, მაშინ რას ვერჩოდით უგულავას?! უგულავაც ხომ არ ითვალისწინებდა მოსახლეობის აზრს?!”, – განაცხადა კახა კუკავამ.