თბილისიდან ტელეფონით დაგვიკავშირდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, რომელმაც მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია: “12 აგვისტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ქუმსიაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ. ბრძანებაში ნათქვამია: “გადაეცეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში მდებარე შენობა-ნაგებობა #1-121.8 კვ.მეტრი,#2, #3-146,6 კვ, #4-348 კვ.მ, #5, #6-1021კვ.მ, #8, #9, #10 და მასზე დამაგრებული 54235 კვ.მეტრი არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი: #27.15.42.89, როგორც დამატებითი ქონება. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.” ეს ბრძანება ნიშნავს, რომ გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა ერთი თვის ვადაში გადაეცემა თავის კანონიერ მფლობელს, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას”.
_ ამ წუთში გამოვიტანე ხელმოწერილი ბრძანება, სადაც წერია, რომ ბაზა უკვე ჩვენ ბალანსზე გადმოვიდა, _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.
_ სპონსორზე რას იტყოდით?
_ ახლა უკვე თავისუფლად შეგვეძლება სპონსორის მოძიება. პარასკევს ან შაბათს ველოდებით პირველ სპონსორს რუსეთიდან და უკვე ინტენსიურად გავმართავთ მოლაპარაკებებს მათთან. ჩვენთვის უმთავრესი იყო, ბაზა გადმოგვცემოდა და ეს უკვე მიღწეულია, _ გვითხრა ურუშაძემ.