ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინდმეწარმეების 2012 წლის შემოსავლების (ბრუნვის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც შედარებულ იქნა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ბაზასთან, რის შედეგადაც მიღებულ იქნა შემდეგი სურათი: საარსებო შემწეობის მიმღები აღმოჩნდა 1402 პირი (1380 ოჯახი), რომლებიც ამავე დროს 2012 წელს ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოჯახებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. დახმარების შეუჩერებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში არამიზნობრივად დაიხარჯებოდა 320 274 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წელს ამ ოჯახებზე ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის სახით გაიცა 1,167,356 ლარი.