_ უბრალოდ, სირცხვილია, რომ იქვე აშენებულია საპირფარეშო, რომლის გახსნას არ დაადგა საშველი. ქალაქი ხომ უნდა ჰგავდეს ქალაქს, რაც აქ ხდება, არ ჯდება არანაირ ცივილიზებულ ფორმებში. ტურიზმის განვითარებაზე თუ ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვართ, რომ ტურისტი შარდის სუნზე აქ არ მოვა, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს რამდენიმე ოზურგეთელი.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის ცენტრში ტუალეტის აშენების შესახებ გასულ წელს წერდა. საქართველოს მასშტაბით “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” საპირფარეშოების შენება დაიწყო.
კომპანიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დღეის მდგომარეობით, 33 ტუალეტიდან 12 დასრულებულია მთლიანად, რეგისტრირებულია შენობიანად და არის “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ბალანსზე. 21 ტუალეტში უნდა მოხდეს ცვლილებები:
–მაგალითად, აუცილებელია მიწების დაზუსტება, ვინაიდან ეს ტუალეტები აშენდა სხვა ადგილებში და არა იქ, სადაც პროექტის მიხედვით იყო დაგეგმილი. დღეს არსებობს მათი რეგისტრაციის პრობლემა, ორი ტუალეტის მშენებლობა არ არის დასრულებული – ჩოხატაურსა და ურეკში – ამ შემთხვევაში მოხდა მშენებელი კომპანიის – შპს “ოქტან-მედეას” დისკვალიფიკაცია და მას დაერიცხა ჯარიმები არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო. ხოლო რაც შეეხება დარჩენილ 10 ტუალეტს, უახლოეს ხანში გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რაზეც თანხმობა უკვე მიღებულია ეკონომიკის სამინისტროდან.
საქართველოს წყალმომარაგების ახალ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტუალეტები არ არის წყალმომარაგების პროფილი. ამდენად დღეისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ამ ტუალეტების ექსპლუატაციისთვის გადაცემის თაობაზე, მითუმეტეს, რომ ეს მუნიციპალიტეტების სურვილიცაა. მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ვინაიდან სწორედ მათი საბოლოო თანხმობაა საჭირო ამ ცვლილების გასახორციელებლად. დღეისათვის ყველა ტუალეტი დაკეტილია იქამდე, ვიდრე არ გადაწყდება თუ ვის დაქვემდებარებაში დარჩება ეს ტუალეტები _ წყალმომარაგების კომპანიის თუ მუნიციპალიტეტების.
2011 წლის ბოლოს, დეკემბერში 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობაზე. 2012 წლის მაისში დაიწყო ტუალეტების სამშენებლო სამუშაოები, მთლიანობაში დაპროექტდა 33 ტუალეტის მშენებლობა და თანხა დაზუსტდა 2 მილიონ 300 ათას ლარამდე, _ წერია “გურია ნიუსისთვის” მოწერილი წერილში, რომელიც “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” პრესსამსახურიდან მივიღეთ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის, ნინო სალუქვაძის თქმით, მუზეუმის უკან მდებარე საპირფარეშო არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე. იგი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის, თუმცა მისი უკეთ მოვლა-პატრონობის მიზნით, საუბარია აღნიშნული ობიექტის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემაზე.
_ რაც შეეხება ბიუსტების თემას, ჩვენთვის გასაგებია აღნიშნული პრობლემის შესახებ და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოვაგვაროთ, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნინო სალუქვაძემ.
P.S. საპირფარეშოს თემაზე ერთი ფაქტი გამახსენდა. ლაგოდეხელმა მოქალაქემ 2011 წლის 16 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე საპირფარეშოს გახსნის კადრები დააპატენტა. ლაგოდეხში ტუალეტის საზეიმოდ გახსნის კადრებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა: ორმა ლაგოდეხელმა ტუალეტის წინ წითელი ლენტი გაჭრა და ლაგოდეხელებს კიდევ ერთი “ტურისტული” ობიექტის გახსნა მიულოცა.
ტუალეტი, რომელიც საზეიმოდ გახსნეს, მიშა სიყმაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოშია აშენებული, რომელიც სახუმარო ვიდეოკადრებში ტუალეტის გახსნას “საუკუნის პროექტს” უწოდებს.
2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, სიყმაწვილის “საუკუნის პროექტი” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა აიტაცა და 2012 წლის აპრილის თვეში, კახეთის ყოფილ გუბერნატორთან, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
“საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილი აშენდება. საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არარსებობა ანტისანიტარიას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს“, – განაცხადა მაშინ ნიკოლაიშვილმა.