12 ხმიდან 10 ხმა ვლადიმერ პაპავამ მიიღო, 2 ხმა კი ირმა რატიანს ერგო. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა, ამბობს რომ ხმის მიცემის პროცედურამ დარღვევების გარეშე ჩაიარა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბოსტოღანაშვილმა უნივერსიტეტში უკვე გამოაკრა აკადემიური საბჭოს წევრთა მიერ ხელმოწერილი ოქმი. მისი თქმით ხმის მიცემის დროს შენიშვნები, ხარვეზები და საჩივრები არ დაფიქსირებულა.
“ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 13, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12-მა, რადგან ალექსანდრე კვიტაშვილმა არ მიიღო მონაწილეობა,“- ამბობს ბოსტოღანაშვილი.
ხმის მიცემის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. კვიტაშვილმა არჩევნებზე მოუსვლელობა იმით ახსნა, რომ არ სურდა მისი, როგორც მეცამეტე წევრის ხმა შედეგებისთვის გადამწყვეტი ყოფილიყო.
შედეგების გამოცხადებიდან მოკლე ხანში უნივერსიტეტში ვლადიმერ პაპავა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ გამარჯვებას ელოდა:
“გამარჯვების იმედი მქონდა რა თქმა უნდა, რადგან ყველა ვინც მონაწილეობდა ელოდა გამარჯვებას. თუ ადამიანი გამარჯვებას არ ელოდები, ბუნებრივია არც მონაწილეობ. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასეთ დიდი უპირატესობას მომცემდა აკადემიური საბჭო, ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადეს მათ. ამოცანები ძალიან ბევრია და ეტაპობრივად უნდა გადაწყდეს. მთავარი კი ისაა რომ უნივერსიტეტი იყოს საერთაშორისო დონის და დაიბრუნოს თავისი სახელი,” _ ამბობს პაპავა.
პაპავას თქმით მან არაფერი იცოდა მარინა ჩიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ.
“ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო“,_ ამბობს პაპავა.
რექტორობის კანდიდატმა მარინე მუსხელიშვილმა ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, ის ამბობს რომ პაპავას არჩევა უნივერსიტეტის ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯია. პაპავა რექტორობას ორშაბათიდან შეუდგება.