მოგვიანებით ქალაქ ლანჩხუთისა და სუფსის მოსახლეობაც მოინახულა.
წვიმის მიუხედავად, აცანაში შეხვედრაზე 150-მდე ადამიანი მოვიდა. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ისინი ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ იმის გამო, რომ ის გამოცდილი პოლიტიკოსია და ქვეყნის საქმეს კარგად წაუძღვება.
_ არ არის მარგველაშვილი ცუდი, მაგრამ ნინო უკეთესია. უაღრესად ჭკვიანი ქალბატონია. ამ სოფელში თითქმის ყველა მას ვუჭერთ მხარს. დარწმუნებული ვართ, აცანაში ბურჯანაძე გაიმარჯვებს, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
აცანელებმა შეხვედრაზე გაიხსენეს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ საქართველო მაშინ აყვავდება, როცა ქალი გახდება პრეზიდენტი: _ ჩვენ გვჯერა ამ წინასწარმეტყველების და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალი აუცილებლად თქვენ იქნებით.
იმავეს ამბობდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის მოსასმენად გამოსული სუფსის მოსახლეობა.
ნინო ბურჯანაძემ ლანჩხუთელებს მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად უამინდობისა, ისინი მასთან შესახვედრად გამოვიდნენ.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბურჯანაძეს კითხვით მიმართა, თუ რომელ ქვეყანაში განახორციელებდა ის პირველ ვიზიტს გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯერ ხუმრობით უპასუხა, რომ ჩასაფრებული ჟურნალისტივით დასვით კითხვაო, შემდეგ კი სერიოზულად უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ეს რუსეთი იქნება. ამ პასუხს ხალხის დიდი კმაყოფილება მოჰყვა.
_ როგორც ჩანს, ეს მართლაც უნდა გავაკეთო, რადგან ასე გაგიხარდათ, _ თქვა ბურჯანაძემ, _ მე არ შემეშინდება იმის, რომ დამიძახებენ პრორუსულ კანდიდატს. ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რუსეთთან ყოფნა აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ აცანელებს კიდევ ბევრი კითხვის დასმა სურდათ, წვიმამ იმატა და ბურჯანაძე ქალაქ ლანჩხუთისკენ გამოეშურა, სადაც კულტურის ცენტრის დარბაზი სავსე დახვდა.
აქ მოსახლეობას გია ბურჯანაძემ მიმართა, რავა უცებ მოგიძებნიათ კაი ადგილი ამ თქეშიდან დასაცავადო და შემდეგ ნინო ბურჯანაძის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.