მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ნაწილი კანონიერ გამგებლად არა ყურაშვილს, არამედ ყოფილ გამგებელ ლევან ფალავანდიშვილს მიიჩნევენ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადაყენებას ხელს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კარა გულმამედოვი აწერს. თუმცა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ამბობენ, გულმამედოვმა თანამდებობა არალეგიტიმურად დაიკავა. მათივე განცხადებით, საკრებულოს დეპუტატთა ნაწილმა საკრებულოს სხდომა ჩუმად ჩაატარა და ყოფილი თავმჯდომარის მალახაზ ერაძის იმპიჩმენტს კენჭი ასე უყარა.
როგორც “გურია ნიუსს” ერაძის ადვოკატმა იოსებ ხამუტაშვილმა უთხრა, იმ დეპუტატების ხელმოწერებს შორის, რომლებმაც ერაძის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, ერთ-ერთის _ ნოდარ საბიაშვილის ხელმოწერა გაყალბებულია: “ხელმოწერის პროცედურას ყველა უნდა დასწრებოდა, ნოდარი კი არ ესწრებოდა, რასაც მისი გაყალბებული ხელმოწერაც მოწმობს. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი ხელმოწერა გაყალბებულია და დანარჩენები უდასტურებენ, ყველას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი,” _ ამბობს ადვოკატი.
თავად საბიაშვილთან დაკავშირება “გურია ნიუსმა” ვერ მოახერხა, რადგან იგი ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ გუშინვე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კარა გულმამედოვმა ახალი საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ ასათიანი დანიშნა, თუმცა დაკავებულ პოსტს არ ტოვებს ყოფილი აპარატის უფროსი დავით გამყრელიძე და ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ შენობაში ორი აპარატის უფროსია.
ორი დაპირისპირებულ მხარეს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება, სადაც ისინი ბრალს ერთმანეთს მრავალპარტიულობასა და არალეგიტიმურობაში სდებდნენ.