“ამ კვირაში ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების თაობაზე სასამართლო პროცესი იწყება. მეც და ჩემი დამცველებიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც ამ, ასევე ყველა სხვა საქმეზე სასამართლოში ჩემი სრული უდანაშაულობა დავამტკიცოთ.
ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ. ისიც მესმის, რომ ჩემი დაპატიმრება მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დასასუსტებლად და მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენი პარტიის რიგებში დაბნეულობისა და დეზორგანიზაციის შემოსატანად.
მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის – ქუთაისის სასამართლოში ეს საქმე წამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურას მოსამართლე ახალბედაშვილისგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რომ ის გამოიტანდა ჩემი წინასწარ პატიმრობაში აყვანის სრულიად დაუსაბუთებელ და უკანონო განაჩენს.
შემდეგი ნაბიჯი იყო, როდესაც მოსამართლე გურულს გადაწყვეტილება ძალაში დაატოვებინეს. ესეც უპრეცედენტო დარღვევაა! მოსამართლე გურული საერთოდ არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით ამ მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ იმდენად დიდია ივანიშვილის სურვილი, რომ მე ციხეში ვიყო, რომ მთავრობა ამ პროცედურულ დარღვევებზეც წავიდა.
ამ დარღვევებს დარწმუნებული ვარ სტრასბურგის სასამართლო ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს. როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი საზოგადოება სულ მალე დარწმუნდება, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა და ამ ყველაფერს საერთო არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან.
ყველა ჩემ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები სამართლებრივი ბრძოლის ამ ახალი რაუნდის დაწყების წინ!” _ აღნიშნულია მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.