უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ცდილობს, ეს ნორმა მოქმედ მოსამართლეებზეც გაავრცელოს და არაერთი განცხადებითა თუ ღია წერილით მიმართავს ხელისუფლებას.
იუსტიციის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს. თეა წულუკიანი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ დღეს მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა გამორიცხულია: “ის პირები, რომლებიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ გახდებიან მოსამართლეები, უნდა დაინიშნონ უვადოდ. უვადოდ დანიშვნის ეს კონსტიტუციური წესი არ ეხებათ ამჟამად მოქმედ მოსამართლეებს. ეს არ არის ვინმეს მოგონილი, ეს უკვე წერია კონსტიტუციაში. ძალიან მტკივნეული საკითხია ამჟამინდელი მოსამართლეებისთვის და მათი ხელმძღვანელისთვის, შეეხებათ თუ არა უვადოდ დანიშვნის წესი მოქმედ მოსამართლეებს. მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კონსტიტუცია ამას არ ამბობს _ დღეს მოქმედ მოსამართლეებს მოუწევთ დაასრულონ დროებითი ვადა და შემდეგ თუ მოუნდებათ მოსამართლეობა, შემოიტანონ განცხადება. ყველას მოუწევს კონკურსი გაიაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,” _ ამბობს იუსტიციის მინისტრი.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეებს ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ერთი ნაწილი კატეგორიულად ითხოვს უვადოდ გადანიშვნას, მეორე კი თანახმაა, 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, მაგრამ გარკვეული პირობით.
მოსამართლე მაია ბაქრაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეთა ასოციაცია მალე ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საკუთარ პირობებს წამოაყენებს: “მოსამართლეთა ასოციაციაში ამის თაობაზე არ გვაქვს ერთი აზრი. ამაზე ჩვენ ჩამოვყალიბდებით და საჯარო განცხადებას გავაკეთებთ, უბრალოდ, ასოციაციისთვის მთავარია მოსამართლეებისთვის სოციალური გარანტიების შენარჩუნება და ვადის ამოწურვის შემდეგ ხელფასის დანიშვნა. მოქმედ კანონმდებლობას ჩვენ ასე განვმარტავთ, რომ კონსტიტუციური კანონი, რომელიც მალე შევა ძალაში, მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას არ ითვალისწინებს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ამ კანონს ესაჭიროება შეცვლა და მხოლოდ ორგანული კანონით ვერ დარეგულირდება ეს საკითხი. რადგან ასეთი ჩანაწერი არსებობს, ჩვენ გვინდა დავიცვათ იმ მოსამართლეთა ინტერესები, რომელთა უვადო დანიშვნა, ფაქტობრივად, მოქმედი კანონმდებლობით არ ხერხდება. იმისთვის, რომ გავათანაბროთ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების უფლებები იმ მოსამართლეების უფლებებთან, რომლებზეც ეს არ გავრცელდება, ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლეებს საპენსიო ასაკამდე უნდა მიეცეთ ანაზღაურება, ასე ვთქვათ, კომპენსაცია, რაც მიახლოებული იქნება მოსამართლის ხელფასთან.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ არც მოქმედი და არც ახლადდანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნება: “როდესაც ბატონი კუბლაშვილი ამას ითხოვს, გასაგებია. ალბათ, მას გააჩნია თავისი არგუმენტაცია და მოტივაციაც. ეს მას წარმოაჩენს, როგორც სასამართლო კორპუსზე მეტად მზრუნველ ხელმძღვანელს. მას აქვს ასეთი ხედვა და ეს მისთვის მომგებიანია, რომ მოსამართლეთა მხარდაჭერა მოიპოვოს. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ცოტა ფართოდ ვუყურებ ამ საკითხს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ისე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ავტორიტეტი გაიზრდება თუ არა რაღაც განცხადებების შედეგად.”
აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციის იმ ნორმასთან დაკავშირებითაც, რომელიც ამბობს, რომ უვადოდ დანიშვნამდე, შესაძლებელია ახალ მოსამართლეს გამოსაცდელი ვადა დაუწესდეს. იუსტიციის მინისტრი ამ ვადას სამი წლით განსაზღვრავს, რაც, მისი თქმით, მომავალში შეცდომების ალბათობას შეამცირებს: “ჩვენი რეფორმით შემოთავაზებულია, რომ ახალ მოსამართლეებს დაუწესდეთ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რადგან მათ აჩვენონ საქართველოს მოსახლეობას, რომ არიან პირუთვნელნი და ღირსნი, ატარონ მოსამართლის მანტია. ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. გვეუბნებიან, რომ თუ მოსამართლეს დავუწესებთ გამოსაცდელ ვადას, მაშინ ის თავს იგრძნობს ვალდებულად, რომ ასიამოვნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქმეზე ნაკლებად იზრუნებს. ამ მოსაზრებას აქვს გონივრული საფუძვლები, მაგრამ მეორე მხარეს რაც დევს, ის უფრო წონადია. მეორე მხარეს დევს ის, რომ თუ მოსამართლე მაშინვე იქნება დანიშნული მუდმივად, ჩვენ, შეიძლება, ძალიან ვინანოთ რომელიმე მათგანთან დაკავშირებით. ამიტომ სჯობს, ალბათ, და ეს ასეა მიღებული დასავლეთის არა ერთ ქვეყანაში, რომ გამოსაცდელი ვადა მიეცეთ მათ და ამ ვადის პერიოდში მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი გარეშე ზეწოლისგან, რათა წარმოაჩინონ მოსამართლისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და პირუთვნელობის მაგალითი, რომ მერე გახდნენ სამუდამო მოსამართლეები”.
მოსამართლე მაია ბაქრაძე მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესება მოსამართლის საქმიანობას ჩრდილს აყენებს: “გამოსაცდელი ვადა გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. თვითონ პროცესის მხარეებსაც ექმნებათ გარკვეული უნდობლობა იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული იუსტიციის საბჭოზე და ცდილობს მოიპოვოს მისი სიმპათიები იმიტომ, რომ იქნეს დანიშნული. ამავდროულად კონსტიტუციამ დაუშვა ეს ჩანაწერი და დასავლეთში, კერძოდ გერმანიაში არის ასეთი პრაქტიკა. ამაზე ასოციაციის ერთიან პოზიციას ვერ გეტყვით, თუმცა მე, როგორც ერთი მოსამართლე, მივიჩნევ, რომ არ არის აუცილებელი გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უვადო დანიშვნის საკითხი და უკვე ვადიან დანიშვნებზე საუბრობს ხელისუფლება.”
შალვა შავგულიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაში საფრთხეს ხედავს. ის ამბობს, რომ ამით სასამართლო სისტემაში ახალი სისხლის მოძრაობა შეფერხდება და მივიღებთ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მსგავს მოხუცების ინსტიტუტს; “ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით, რადგან არ მოხდეს სასამართლო კორპუსის ახალი სისხლის შემატების ნაკლებობა. დღევანდელ ჩვენ რეალობაში ნაკლები იქნება ისეთი შემთხვევები, რომ მოქმედ მოსამართლეს, რომელიც უვადოდაა დანიშნული, გაუჩნდეს სურვილი სხვა სფეროში გააგრძელოს საქმიანობა და გაათავისუფლოს თანამდებობა, გამომდინარე იქედან რომ მოსამართლეს აქვს მაღალი ხელფასი და მყარი სოციალური გარანტიები. ამით მივიღებთ იმ სურათს, რომ მოსამართლეები საპენსიო ასაკამდე არ დატოვებენ თანამდებობებს, რაც სერიოზულ პრობლემებს გააჩენს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის და ცხოვრების განვითარების დინამიკას ჩამორჩება სასამართლო კორპუსი და მივიღებთ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მსგავს მოხუცებით დაკომპლექტებულ ინსტიტუტს”.
მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წამოიწყო, მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს _ პირველ რიგში, ის სასამართლოების თავმჯდომარეების უფლებების შეზღუდვას და რიგითი მოსამართლის როლის გაძლიერებას გულისხმობს.