_ ბატონო დავით, რამდენად თანაბარ პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო მარათონი?
_ რა თქმა უნდა, თანაბარ პირობებზე რთულია საუბარი, როდესაც პრაქტიკულად, ყველა ჩემს შეხვედრაზე მოდიან ადამიანები და ამბობენ, რომ მიიღეს მეგობრული”რჩევა”, არ მოსულიყვნენ შეხვედრაზე, არ გაერისკათ იმათ, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, ვისი ოჯახის წევრიც მუშაობს. ასეთ პირობებში თანაბარ სიტუაციაში მუშაობა რთულია. შეგახსენებთ კიდევ ერთ თემას _ ესაა პარტიის დაფინანსების და დონორების საკითხი, რომლის თაობაზე შედგა შეთანხმება პრემიერ-მინისტრთან, რომ დაიხურებოდა. თუმცა, ეს საკითხი, ჯერჯერობით, არ არის დახურული და ესეც პარტიისთვის პრობლემური თემაა. პრობლემური საკითხია ძალადობა _ როდესაც ვატარებდით პარტიულ შეხვედრებს, იყო ხელისშეშლა”ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ და ბოლო ასეთი ფაქტი 9 სექტემბერს დაფიქსირდა თბილისში, როდესაც ისინი პარტიის დროშებით იყვნენ მოსული და ცდილობდნენ ხელის შეშლას. ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი არ შეგვეშალოს წინასაარჩევნო პერიოდში.
_ წინა წლებში, საარჩევნო პერიოდში თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობდნენ მსგავს ქმედებებზე, საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.
_ რა თქმა უნდა, პრობლემები წინა წლებშიც იყო, თუმცა, ყოველი ახალი არჩევნები ტარდებოდა უკეთესად, ვიდრე წინა და ყოველი არჩევნები შეფასებული იყო დადებითად, ვიდრე წინა. სამწუხაროა, თუ დღეს ხელისუფლება აპირებს ამ ტენდენციის დარღვევას. დღეს ახალი ხელისუფლებისგან ხალხი ელოდება უკეთეს ნაბიჯებს, სიტუაციის გაუმჯობესებას.
_ ბატონო დავით, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ ცესკომ უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე სალომე ზურაბიშვილს?
_ იურიდიული ნიუანსების გარჩევა ჩემგან არ იქნება მართებული. არის ცესკო და სასამართლო, ამიტომ იურიდიულ მხარეს არ შევეხები. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, როგორც პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიტყვი, რომ სამწუხაროა, ქალბატონ სალომეს რომ არ ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ჩემი პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო _ ყველა პოლიტიკოსს, ვისაც აქვს ამის სურვილი, ამბიცია და შესაძლებლობა, უნდა ჰქონდეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და გამოიტანოს საკუთარი პროგრამა ხალხის სამსჯავროზე.
_ ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?
_ მთავარ კონკურენტად მივიჩნევ”ქართული ოცნების” კანდიდატს, იქედან გამომდინარე, რომ ის არის ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი.
_ ნინო ბურჯანაძეს არ მიიჩნევთ ერთ-ერთ კონკურენტად?
_ პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, თუმცა, მთავარ კონკურენტად მივიჩნევ გიორგი მარგველაშვილს.
_ მაშინ ასე შეგეკითხებით _ ქალ კანდიდატებს მიიჩნევთ თუ არა კონკურენტებად?
_ ამ შემთხვევაში არანაირი ნეგატიური დატვირთვა ქალს არ აქვს, პირიქით, თუ გენდერულ კონტექსტში მეუბნებით, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები პოპულარულები იყვნენ და მომავალშიც ვისურვებდი, ბევრი კარგი ქალი პოლიტიკოსი გვყოლოდეს. ამიტომ კონკურენტების შეფასებაში, ქალია თუ კაცი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.