_ წინა არჩევნების დროს ამ სისტემამ იმუშავა ერთი პარტიის სასარგებლოდ, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა,” _ ამის შესახებ გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ ვითარებამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც პრობლემები შექმნას.
“მით უმეტეს, რომ მონოპოლიური ვითარება შექმნილია, როგორც პოლიტიკური მიზნიდან, ისე ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარებაზე საფიქრალია. თუ გვინდა არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი”, _ თქვა ლაშა ტუღუშმა.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ გარე სარეკლამო ბაზარზე მონოპოლისტი არ არსებობს: “2010 წელს, როცა თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება სხვა კომპანიებსაც შეეძლოთ. აქედან გამომდინარე, მონოპოლიაზე საუბარი შეუძლებელია. მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კომპანია მონოპოლისტად არ შეიძლება ჩაითვალოს ერთ კონკრეტულ ბაზარზე _ ერთ კონკრეტულ ქალაქსა თუ დაბაში. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განივრცოს.
ჩემი ინფორმაციით, დღეს საქართველოში გარე სარეკლამო ბაზარზე ასამდე კომპანია მოქმედებს, რომელთა შორის წამყვანი პოზიცია “აუთდორ.ჯიs” უკავია,” _ აღნიშნავს გალუმაშვილი.
მისივე თქმით, თუ თვითონ მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსებობს პრობლემები ან ეჭვი, რომ ის სხვადასხვა გარემოებების გამო, არაკეთილსინდისიერად ჩატარებული ტენდერის პირობებში დაიდო, მაშინ ამ ხელშეკრულების გადახედვაზე შეიძლება ვისაუბროთ: “სხვა შემთხვევაში, “აუთდორ.ჯი” არ შეიძლება ქალაქ თბილისის მასშტაბით მონოპოლისტად ჩაითვალოს, რადგან ამ კომპანიამ, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩვეულებრივ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა,” _ აცხადებს გალუმაშვილი.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გარე სარეკლამო ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა წინასაარჩევნოდ ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში აყენებს: “როდესაც მედია ბაზარი, რომელშიც სარეკლამო, პიარ და პრომოუშენ ბაზარსაც ვგულისხმობ, დახურული იყო, მაშინ, რასაკვირველია, შეიძლებოდა ამ რესურსის რომელიმე კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენება. თუმცა, დღეს ასეთი ბერკეტები არ მოქმედებს.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რეკლამისადმი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ყველა კანდიდატი ერთნაირ პირობებშია. თუმცა, მეორე მხრივ საკითხავია, გარე სარეკლამო ბაზრის მომსახურებას ფინანსურად რამდენი კანდიდატი გასწვდება,” _ უთხრა სოსო გალუმაშვილმა “გურია ნიუსს”.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, გარე სარეკლამო ბაზარზე რომელი კომპანიაა დომინანტი: “თუ იგივე მოთამაშეა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისევ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა მიმდინარეობს და ამ კუთხით, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას უნდა ველოდოთ. თუმცა, თუკი ეს მოთამაშე “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარი ორგანიზაციით შეიცვალა, მაშინ სიტუაცია უფრო უარესია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გარე სარეკლამო ბაზარზე ვითარება კი არ გამოსწორდა, არამედ პოლიტიკური მოთამაშე შეიცვალა,” _ აღნიშნავს გამზარდია.
იგი, ასევე, კლანების გადანაწილების პროცესის შესახებ პრეზიდენტის განცხადებასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით, სააკაშვილმა ერთი მხრივ, აღიარა, რომ კლანური მმართველობა იყო და ბევრი ინსტიტუცია კლანების გავლენის ქვეშ არსებობდა; მეორე მხრივ კი, დააფიქსირა, რომ კლანი იცვლება, რაც თავისთავად ძალიან გასაკრიტიკებელია, რადგან ხელისუფლება ამისთვის არ შეცვლილა: “ეს გულისხმობს, რომ “ქართული ოცნება” იმავე რეჟიმში აგრძელებს მმართველობას…”
გამზარდია ასევე, არ გამორიცხავს, რომ წინა და ახალი ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებაშიც კოაბიტაციის პირობებში იყვნენ: “ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ კანონპროექტი, რომელზეც ლაშა ტუღუში საუბრობს, ძალაში არ შედის, რადგან ამ კანონის ძალაში შესვლა, შეიძლება ბევრს არ “აწყობდეს”. საქართველოში არის დარგები, სადაც ხელისუფლება და მათი მოწინააღმდეგე მხარეები თანხმდებიან, რომ თავისუფალი სივრცეები არ სჭირდებათ. ურჩევნიათ გადაინაწილონ, ან ერთმანეთს წაართვან. ყოველ შემთხვევაში, მართვადი სივრცეები უფრო აწყობთ, ვიდრე თავისუფალი, რადგან არავინ იცის ეს თავისუფალი სივრცე საით შემოტრიალდება,” _ უთხრა არჩილ გამზარდიამ “გურია ნიუსს”.
ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნა, თბილისის მასშტაბით გარე სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარებაზეცაა საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია “აუთდორ.ჯი”-ს თბილისის ბაზარზე კვლავაც წამყვანი პოზიცია უჭირავს. ამასთან, აღნიშნულ კომპანიას თბილისის მერიის მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.
ანგარიშში ასახულია “აუთდორ.ჯი”-ს დირექტორის, კოტე ჭავჭანიძის კომენტარი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ “აუთდორ.ჯი” და მისი კონტრაქტორი კომპანია “ალმა+” დედაქალაქში გარე რეკლამის ბაზრის 90%-ს აკონტროლებს (გარე რეკლამა, ტელევიზიის შემდეგ, სარეკლამო ბაზრის ყველაზე მსხვილი სეგმენტია).
“მტკვრის მარცხენა სანაპიროს “სმოდ ედვერთაიზინგი” ფარავს. ამ კომპანიას ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტად არასდროს უმოქმედია და, სავარაუდოდ, დე ფაქტო მდგომარეობით, ის “აუთდორ.ჯი”-ს შემადგენლობაში შედის. ორივე კომპანიას ოფშორული მფლობელები ჰყავს, რომელთა უკანაც, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აზრით, დავით კეზერაშვილი იმალებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “სმოდიც” და “აუთდორ.ჯი”-ც დავით იაკობაშვილის ხელში გადავიდა. 2011 წლიდან მოყოლებული იაკობაშვილი კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია რამდენიმე ენერგოკომპანიაში”, _ ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის მაისში “აუთდორ.ჯი”-ს მფლობელობის საკითხი პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა: “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გოგა ხაჩიძემ და ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მრჩეველს, გია ხუხაშვილს დავით იაკობაშვილისთვის “აუთდორ.ჯი”-სა და სარეკლამო სააგენტო “მედია პორტის” წართმევის მცდელობაში დასდეს ბრალი. საქართველოში იაკობაშვილის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბერიძემ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მთავრობა იაკობაშვილის საქმიანობაში არ ჩარეულა. თუმცა ბერიძემ არ უარყო, რომ სწორედ იაკობაშვილი ფლობს “აუთდორ.ჯი”-ს.
კომპანია “აუთდორ.ჯი” 2008 წელს დაარსდა და მოკლე დროში საქართველოს გარე რეკლამის ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა. კომპანიას უფლება აქვს რეკლამა განათავსოს ბილბორდებზე, თბილისის ლიფტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე(ავტობუსი, მეტრო) და ქალაქში არსებულ საფეხმავლო ხიდებზე.