სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, რუსეთს აღნიშნულთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან წამოწყებულ “ლაფსუსის პოლიტიკას” სასწრაფოდ უნდა გადახედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში “კრემლთან ფლირტი” ქვეყნისათვის შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
“დოკუმენტი ცხინვალსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. შესაბამისად, ის ბათილად იქნება ცნობილი,” – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ანალოგიური კომენტარი გააკეთა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ “გაცილებით მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობს და მათზე ამგვარი პრობლემები უშუალოდ აისახება”.
პოლიტოლოგი და ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ასეთ საზღვრებს არ აღიარებს, რეალურად, საქართველოსთვის ეს კონკრეტული ფაქტი, კარგი არ არის. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმ “ლაფსუსის პოლიტიკაში” არ ჯდება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მოსკოვთან დაიწყო.
“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს რაღაც დათმობების ხარჯზე კრემლი ჭკუაზე მოიყვანოს. ამის შედეგები კი რეალურად არ ჩანს. პირიქით, ვხედავთ, რომ ისინი კურსს არ იცვლიან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაც უფრო დროზე გადაიხედება ამ პოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი, მით უკეთესი.
საოკუპაციო კანონი შევარბილეთ, დათმობებზე მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ რუსეთი კეთილ ნებას გამოიჩენს, მაგრამ ის არ ჩანს. ამავე დროს, ძალიან დამაბნეველ სიგნალებს ვიძლევით. განსაკუთრებით პრემიერი, რომელიც ხან ამბობს, ევრაზიულ კავშირს ვაკვირდებითო, ხან – მომავალ წელს ნატოში უნდა შევიდეთო. ორ სკამზე ჯდომას დიდხანს ვერ შევძლებთ და ამის საუკეთესო მაგალითია ის, რაც სომხეთში მოხდა,” – აცხადებს კაკაჩია.
ამასთან, როგორც პოლიტოლოგი განმარტავს, იმისათვის, რომ ჩვენც სომხეთის მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, მდგრადი პოლიტიკა რაც შეიძლება დროულად უნდა შევიმუშაოთ.
“მით უფრო, ამ უკანასკნელი ინცინდენტისა და საზღვრების გადმოწევის ფონზე. ერთიანი მტკიცე პოზიცია უნდა გვქონდეს, რომელსაც ოკუპაციასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს. ასეთ დროს ლავირება და დათმობა საერთაშორისო საზოგადოებას აბნევს და არ მგონია, ეს საქართველოს ინტერესებისთვისაც კარგი იყოს.
ჩვენ თუ მიგვაჩნია, რომ ბორჯომისა და ხილის რუსულ ბაზარზე დაშვება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის საპირწონეა, ძალიან კომიკურ სიტუაციაში ვვარდებით. რუსეთის ტონში არანაირი ცვლილება არაა ერთის გარდა, რაშიც სხვათაშორის, თავისი განცხადებებით ჩვენი ახალი ხელისუფლებაც ეხმარება – თითქოს რაღაც ფლირტის მდგომარეობაში ვართ, რაც არ მგონია საქართველოს წაადგეს,” – აცხადებს კაკაჩია.
იგი საგარეო პოლიტიკურ კურსთან, კერძოდ, ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებასაც ეხება. კაკაჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ აღარ არის კერძო პირი.
“იგი საქართველოს პირველი პირია და მის სიტყვას, შემთხვევით წამოცდენილი იქნება თუ გააზრებულად, საერთაშორისო რეზონანსი აქვს.
აქედან გამომდინარე, მისი ბოლო განცხადებები ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, მთლიანად ჩრდილს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ კურსს. ასეთი ზიგზაგები საგარეო პოლიტიკას არ უხდება და დასავლეთში, ჩვენს მეგობრებსაც ძალიან აბნევს.
აქედან ჩანს, რომ ამ ხელისუფლებას ჯერჯერობით მყარი პოზიცია არ აქვს. დეკლარირებულ დონეზე თითქოს არის, მაგრამ ოფიციალური კურსის 180 გრადუსით შემობრუნება გარკვეულ მერყეობას იწვევს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესებისთვის ძალიან ცუდია. უარესი კი ისაა, რომ ძალიან ცუდ სიგნალს ვაძლევთ რუსეთს, რომ შესაძლოა რაღაც შეიცვალოს. ამან გარკვეული დროის შემდეგ საქართველო სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს,” – ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით რუსეთი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, მოლდოვაზე, სომხეთზე, შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველოსაც დაუდგება ანალოგიური პერიოდი.
“ასეთი განცხადებებითა და პოლიტიკით, ჩვენ რუსეთს კიდევ უფრო ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს შიდა საქმეებში უხეშად ჩაერიოს,” – განუცხადა კორნელი კაკაჩიამ “გურია ნიუსს”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის “სახელმწიფო საზღვრთან” დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების შესახებ განკარგულება გასცა. პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსურ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოებაც დაავალა.
ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი დგინდება და კავკასიონის მწვერვალზე გადის. აღნიშნული შეთანხმების პროექტს რუსეთის მთავრობამ მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა და დასამტკიცებლად პრეზიდენტ პუტინს გადაუგზავნა.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარემ “საზღვრის” დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან “სახელმწიფო საზღვრის” შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერონ.