“თქვენ თვითონ თქვენი საქციელით საფრთხის ქვეშ დააყენეთ ამ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის მუშაობა. ჩვენ არ დავუშვებთ ამას და პასუხისმგებლობას ვიღებთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში სერვისები განხორციელდეს უწყვეტად. სამუშაო და სამკურნალო პროცესი იყოს დალაგებული და არა ისეთი კრაზანების ბუდე, რომლითაც თქვენ გადააქციეთ ეს საავადმყოფო ამ ერთი კვირის განმავლობაში.” _ განაცხადა დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკის დანიშნულ დირექტორთან, ტექინ ატიკთან გამართულ შეხვედრაზე და იქვე დასძინა:
“ეს შეხვედრა თურქეთის საელჩოს თხოვნით შედგა. მე არ ვაპირებდი შეხვედრას, ყველაფერი ნათელია…”
პირველი ეჭვი თურქული კომპანიის შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც ტექინ ატიკმა “გურია ნიუსს” ექსკლუზიურად განუცხადა, რომ საავადმყოფოებში ფული არ ჰქონდათ გადახდილი.
ჩვენს კითხვაზე, _ საავადმყოფო რამდენად შეიძინეთ და გადახდილი გაქვთ თუ არა თანხა, ტექინ ატიკმა განაცხადა: “მე ქართული არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ტელევიზიით ვიგებ, “ავანტი”-ს ამ საავადმყოფოების მფლობელს. “ჰოსპიტალ გრუპს” რომელიც საავადმყოფოს ქსელია, როლის ხელმძღვანელია გია ნაცვლიშვილი და ზაზა კაპანაძე, როლისგანაც ჩვენ ვიყიდეთ, პრობლემები აქვთ სამართალდამცავებთანო. ჩვენი ადვოკატები გავუშვით, რათა გაგვერკვია რა ხდებოდა. გვითხრეს, რომ ეს არ ეხებოდა საავადმყოფოებს. ეს ეხებოდა სამშენებლო კომპანიას. გამომდინარე იქედან, რომ ეს თემა გახდა სადავო, რომ არ გაგრძლებულიყო ზედმეტი დავა სხვადასხვა მხრიდან, ჩვენ გადასახდელი თანხა ანგარიშზე გავყინეთ. 6 თვეა ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავუხადოთ თუ არა თანხა.
_ რა რა რაოდენობის თანხა გაქვთ გაყინული ანგარიშზე?
_ საუბარია 20 მილიონზე…
ვინ არიან სინამდვილეში გია ნაცვლიშვილის ნაქები ინვესტორები
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 12 აგვისტოს შპს AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის 50-50%-ანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლიოღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი.
აღნიშნული კომპანიის მფლობელები, რომლებმაც წილი თურქ ინვესტორებზე გაასხვისეს, გახლდათ გივი კაპანაძე და ყველასთვის კარგად ცნობილი გია ნაცვლიშვილი,
ხელშეკრულების მიხედვით, შპს AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის 100% წილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 16 700 000 აშშ დოლარს.
სწორედ ამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს “AVANTE HOSPITAL MANAJMENTS GROUP” არა მხოლოდ იაშვილის, არამედ კიდევ ოთხი კლინიკის მესაკუთრე პარტნიორი იყო. შესაბამისად, გამოვიდა რომ 100%-იანი წილის გაყიდვის შემდეგ, თურქი ინვესტორების ხელში გადავიდა კიდევ 4 ქართული კლინიკა.
ამ კლინიკათა ჩამონათვალი ასეთია: შპს “ახალი სიცოცხლე” (100%); შპს “ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი”(100 % წილის მესაკუთრე); შპს “პედიატრიის ინსტიტუტი. ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი”(80 % წილის მესაკუთრე); შპს “ბავშვთა ახალი კლინიკა”(75 % წილის მესაკუთრე).
კლინიკების გასხვისება ისე მოხდა, რომ არც მყიდველს და არც გამყიდველს სახელმწიფო საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
“ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც შემოდის საქართველოში და ინვესტიციას ახორციელებს, ძალიან დიდი შანსია სახელმწიფოსთან კონსულტაცია და ერთიანი ხედვის გაზიარება. ეს მათი წარმატების საწინდარია. ამ შემთხვევაში, მათი ქმედება იმდენად მიუღებელი იყო, რომ უამრავი კითხვა გაგვიჩნდა ამაზე. ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს.” – აცხადებს დავით სერგეენკო “გურია ნიუსთან”.
“ეს კლინიკა იყო ჩვენი კერძო საკუთრება და გაყიდვის უფლება გვქონდა. მე რატომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში სერგეენკო? ეს არის კერძო კომპანია. სიტყვაზე, ქარხანა რომ მქონდეს ნაყიდი და მერე გამეყიდა, ეკონომიკის სამინისტროში ხომ არ უნდა მივსულიყავი?! იაშვილის კლინიკა არის ნაყიდი აუქციონზე. ეს კლინიკა აუქციონზე გაიტანეს 6 მილიონ ლარად. ეს იყო ელექტრონული ტენდერი და კონკურენციის შედეგად 10 მილიონ 400 ათას ლარად ვიყიდეთ. თითქმის ორჯერ ძვირი გადავიხადეთ. გასხვისება შეგვეძლო. არავითარი შეზღუდვები არ ყოფილა. ჩვენთან მილიონი მყიდველი მოდიოდა არასერიოზული. მე თვითონ ვიყავი ჩასული თურქეთში. ხელშეკრულების დადება ჰაერიდან კი არ მოხდა. ოთხი თვე მიდიოდა ამ კონტრაქტზე მუშაობა. უსერიოზულესი ჯგუფია, ვინც ეს კლინიკა იყიდა. ეს არის უსერიოზულესი ჯგუფი, “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს“ თურქეთში მარტო 107 საავადმყოფო აქვს და სამედიცინო უნივერსიტეტი თვითონ სტამბოლში. მაგათი შემოსვლა ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება რეალურად სასიკეთოდ” _ ასეთ კომენტარს გია ნაცვლიშვილი სააგენტო “ნეტგაზეთთან” აკეთებს.
აზმი ოფლუოღლუ, იმავდროულად, “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ დამფუძნებელია. როგორც მფლობელები აცხადებენ, აღნიშნული კომპანია თურქეთში ერთ-ერთი უმსხვილესია და თურქეთის 7 სხვადასხვა ქალაქში 11 ჰოსპიტალს ფლობს.
თუმცა, როგორც ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, გია ნაცვლიშვილის მიერ უსერიოზულეს ჯგუფად მოხსენიებულ “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს” თავის სამშობლოში უსერიოზულესი პრობლემები აქვს, იმდენად სერიოზული, რომ საქმე სასამართლომდეც მივიდა.
რამდენიმე ეპიზოდი თურქი ინვესტორების გაუხმაურებელი სკანდალური საქმეებიდან
ეპიზოდი პირველი: “გურია ნიუსმა” ერთ-ერთ უცხოურ საიტზე (http://www.doktoraktuel.com/ana-sayfa/universal-grup-maas-sorunu-7598.html) მოიპოვა ინფორმაცია, სადაც უნივერსალ ჯგუფის დოქტორი აქთუელი სტატიაში, რომელიც 2013 წლის 12 ივლისსაა გამოქვეყნებული სახელწოდებით, “აქთუელი: აგვისტოს შუა რიცხვებში ხელფასის საკითხი მოგვარდება,” აცხადებს, რომ ბოლო დროს უნივერსალ ჯგუფში ხელფასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გასარკვევად პირდაპირ ჯგუფის დირექტორს ბატონ მურათ აქანს ესაუბრნენ, რომელმაც “უნივერსალ ჯგუფის” სახელით ახსნა-განმარტება გააკეთა.
აღნიშნული ხსნა-განმარტების შინაარსი კი დაახლოებით ასეთია: როგორც მოგეხსენებათ აზმი ოფლუოღლუმ საავადმყოფოების ჯგუფის თავისი წილის 26 %, 2011 წელს, დაახლოებით 2 წლის წინ ჰოლანდიის საპენსიო ფონდისა PGGM, IFC და კერძო ფონდის ადმინისტრაციის ADM კაპიტალისგან შექმნილ კონსორციუმს მიყიდა, რის შედეგადაც სამეთვალყურეო საბჭოს გამოეყო და ადმინისტრაცია მთლიანად პროფესიონალებს ჩააბარა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2016 წლისთვის ფონდები მთლიანად გამოეყოფოდა საერთო კომპანიას და წილების გაყიდვის საკითხზეც შეთანხმებას მიაღწიეს. მარტში ჩატარებული გენერალური საბჭოს შემდგომ კონსორციუმმა ისე რომ არ დაელოდნენ 2016 წელს, მიმდინარე წელს ანუ დაგეგმილზე სამი წლით ადრე გამოეყო პარტნიორობას და თავიანთი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარტნიორების მხრიდან მიღებული უნებლიე ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგად 2011 წელს შესრულებული 5 წლიანი გეგმა და ბიუჯეტის ერთს მხრივ გადამოწმებას საჭიროებდა, მეორეს მხრივ უნივერსალ ჯგუფის ხელახალი შეფასების საჭიროება დადგა დღის წესრიგში. ამ პერიოდში კაპიტალის ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული გარემოებები, განსაკუთრებით ბოლო 3-4 თვის მანძილზე 2011 წელთან ერთად დაგეგმილმა ბიუჯეტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს კომპანიაზე და ამის გამო შეიქმნა პრობლემები ხელფასების დარიგების კუთხით. ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაიწყო ფულადი დახმარება, რის საშუალებითაც დაიწყო პრობლემების მოგვარება.
ის, რომ კომპანიის სახელფასო კრიზისი აქვს და კაპიტალის ზრდის მოლოდინიც ფუჭი აღმოჩნდა, ამას მოწმობს აღნიშნული განცხადება.
ეპიზოდი მეორე: კიდევ ერთ თურქულ საიტზე (http://www.hurriyet. com.tr/ekonomi/20695735. asp) ვრცელდება სხვა მასალებიც აღნიშნული კომპანიის შესახებ. მასალის გამოქვეყნების თარიღი 2012 წლის 6 ივნისია.
აღნიშნული სტატიიდან ირკვევა, რომ “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” ჯგუფებიდან ერთ-ერთის – “ჯეო”-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მაჰირ დურანმა სასამართლო დავა წამოიწყო, რადგანაც “უნივერსალ ჯგუფმა” მისთვის ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადა. უნივერსალ ჯგუფში, მათ შორის გერმანულ ჰოსპიტალში საერთო ჯამში 14 საავადმყოფო და 1800 ადამიანზე გათვლილი საწოლი შედის. ჯგუფმა გასულ წელს ADM Capital Group-ს და მსოფლიო ბანკის მიერ IFC -სთან ერთად დაარსებულ ჰოლანდიის საპენსიო ფონდისა( PGGM, IFC) და კერძო ფონდის ადმინისტრაციის ADM კაპიტალისგან შექმნილ კონსორციუმს 140 მილიონ დოლარად აქციების 26 პროცენტი მიჰყიდა.
ახალი გაერთიანების – უნივერსალის (ყოფილი ჯეო) გენერალურმა ხელმძღვანელმა მაჰირ დურანს თანამშრომლობა შესთავაზა.
“მე ვმუშაობდი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად მედიქალ პარკში.- ამის შესახებ წინადადება მე მათგან მივიღე და მუშაობა დავიწყე. – აცხადებს მაჰირ დურანმი.
ეპიზოდი მესამე _ ამავე მასალაში (ქვესათაურით _ “იანვრის ხელფასის ჩამოჭრა”) კიდევ ერთი პერსონაჟის, ბატონი რაქიფის განცხადებით, მისმა გუნდმა სწრაფი ტემპით აუღო ალღო სამუშაოს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კონფლიქტები დაიწყო. ეს კონფლიქტები კი ანაზღაურებას უკავშირდებოდა.
_ იანვრიდან ხელფასის აღება აღარ მოხერხდა. აპრილამდე ველოდი, მაგრამ შემდეგ ხელშეკრულების გაუქმებაზე ფიქრი დავიწყე. ამ დროის განმავლობაში ვერაფერს მივაღწიე. ალბათ ადამიანს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ისეთი საერთაშორისო სტრუქტურისაგან როგორიც მსოფლიო ბანკია, ხელფასის მიღება პრობლემა გახდა.” – აღნიშნა მან. როგორც სტატიის მიხედვით ირკვევა, ანალოგიური პრობლემები კიდევ 30 კაციან ჯგუფს აქვს.
ამ საკითხში “უნივერსალ ჯგუფი” თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებენ, რომ “ჯეო ჯგუფი” თვითდაფინანსებაზე იყო და ხელფასის საკითხიც თავად უნდა გაერკვიათ.
ეპიზოდი მეოთხე: _ ამავე სტატიის კიდევ ერთი ქვესათაურიდან _ “ფენერბაღჩეს სპონსორთა უარი” გია ნაცვლიშვილის ნაქები თურქული კომპანიის კიდევ ერთი ამბავი ირკვევა: “უნივერსალ ჯგუფმა” 2012 წლის დასაწყისში ფენერბაღჩეს კალათბურთის ქალთა კლუბის სპონსორობა ითავა და სამწლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა, მაგრამ პირველივე სეზონის დასაწყისში მან სპონსორობაზე უარი განაცხადა და ხელშეკრულების ანულირება მოახდინა, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა კლუბს.
რა ბედი ელის ქართულ კლინიკებს და როგორ მოხდა მათი გასხვისება, ამას ჩვენი გამოძიების მეორე ნაწილიდან შეიტყობთ.