სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 წლის ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედარში ჩინელ ჟივეი დენგს 4 წუთში 10:3 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორობაც მიამატა.
ოქროს მედლისათვის ბრძოლას პეტრიაშვილი ნახევარფინალში გამოეთიშა, სადაც უნებლიე შეცდომის გამო რუსეთის ეროვნული ნაკრების ტიტულოვან წევრ – ჰაჯიმურატ გაცალოვთან დამარცხდა. გაცალოვთან დაპირისპირებამდე გენო პეტრიაშვილმა ორი შთამბეჭდავი გამარჯვების მოიპოვა – მერვედფინალში ინდოელი ჰიტენდერ ჰიტენდერი 47 წამი დაამარცხა,რუმინელ დანიელ ჩინტოანს კი წუთსა და 55 წამში 7:0 სძლია.
17 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ 2 წევრი გავიდა ხალიჩაზე, თუმცა წარუმატებლად – ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.
დღეს, მედლები თავისუფალი სტილით ჭიდაობის ერთადერთ დარჩენილ წონაში, 74 კილოგრამში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს, რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, კლასიკები მსოფლიო ჩემპიონატს 20 სექტემბრიდან შეუერთდებიან. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მედლებისათვის ასეთი შემადგენლობით იბრძოლებს – ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96), ლევან არაბული (120). მთავარი მწვრთნელი: ოთარ ტატიშვილი.