განსახილველ საკითხებს შორის კვლავ მოქმედი მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური ნორმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას არ ითვალისწინებს, კუბლაშვილი იმედოვნებს რომ გამოსავალი მოიძებნება:
“პირველ რიგში, ეს ეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პრინციპი და ჩვენ გვინდა, რომ ეს პრინციპი ყოველგვარი წინასწარი გამოსაცდელი ვადის გარეშე გავრცელდეს ყველა იმ მოსამართლეზე, რომლებიც დაინიშნებიან დეკემბერში, იანვარში და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ მოქმედ მოსამართლეებსაც შეექმნათ პირობები იმისათვის, მათი უფლებამოსილების ვადაც იყოს შეზღუდული არა 10 წლით, არამედ მათი უფებამოსილებაც გაიზარდოს 65 წლის ასაკამდე და, ფაქტობრივად, ისინიც უვადოდ დაინიშნონ თანამდებობებზე.”
_ კონსტიტუციის ნორმა, რომელიც თანამდებობაზე მოსამართლის უვადოდ გამწესებას გულისხმობს, არ ვრცელდება მოქმედ მოსამართლეებზე, აქედან გამომდინარე, რის საფუძველზე ითხოვთ, რომ აღნიშნული ნორმა მათზეც გავრცელდეს?
_ ჩვენ შეგვიძლია, რომ კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც ძალიან ცუდი ნორმაა და რომელიც ამბობს, რომ დანიშვნის წესი არ გავრცელდეს მოქმედ მოსამართლეზე, ამ ნორმის მიმართ გამოვიყენოთ ორგანული კანონის ისეთი ჩანაწერი, რომელიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას და დანიშვნის წესი პირდაპირ არ გავრცელდება მოქმედ მოსამართლეებზე, არამედ გავრცელდება სხვაგვარი წესით, რომ მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს და არა ხელახლა დაინიშნოს, ამიტომ თუკი მოვინდომებთ, ამის გაკეთება შესაძლებელია.
უზენაესი სასამართლო ხელისუფლებას გამოსავალს სთავაზობს: მოქმედი მოსამართლე განცხადებით მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მას უფლებამოსილებას 65 წლის ასაკამდე გაუგრძელებს.
“მოსამართლე ფორმალურად წერს განცხადებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ითხოვს უფლებამოსილების გაგრძელებას. რეალურად ეს იქნება ვადის გაგრძელება და არა უვადოდ დანიშვნა. იუსტიციის საბჭო ვალდებული იქნება მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს,” _ ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ამით არც კონსტიტუციის ნორმა ირღვევა და არც მოსამართლეთა დიფერენცირება ხდება.
კოტე კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ახალი მოსამართლეების 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ, პრინციპულად მიუღებელს უწოდებს. მისი აზრით, გამოსაცდელი ვადის დაწესება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ცუდად აისახება.
“რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, ეს პრინციპულად მიუღებელია მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საგამოცდო ვადით დანიშვნა ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას,” _ ამბობს კუბლაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ დღეს მოქმედი ყველა მოსამართლის სახლში გაშვება შეცდომა იქნება, რადგან მათ შორის ბევრი კარგი მოსამართლეა, რომლებიც ობიექტურობას სააკაშვილის რეჟიმის დროსაც ინარჩუნებდნენ: “ჩემი პოზიციაა, რომ მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ, მაგრამ ეს უნდა იყოს არჩევითი თანამდებობა. ჩავატაროთ არჩევნები, ავირჩიოთ მოსამართლეები და კი, ბატონო, იყვნენ უვადოდ. როდესაც პოლიტიკური გუნდი ნიშნავს მოსამართლეს, ეს ძალიან შორს დგას დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპებისგან. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში ყოველთვის გვეყოლება კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდზე დამოკიდებული სასამართლო. რაც შეეხება მოქმედ მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნას, მათ შორის არიან ძალიან კარგი მოსამართლეები: მერაბ ჯორბენაძე, ეკა არეშიძე, კორკოტაშვილი, კოჭლამაზაშვილი ანუ შეიქმნა მოსამართლეთა ჯგუფი, რომლებსაც გადაწყვეტილებები ევროკონვენციაზე დაყრდნობით გამოაქვთ. იმ ფონზე როცა პროკურატურა გაყინულია, სასამართლოს აშკარა პროგრესი მიმდინარეობს”.
ხატიაშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა სასამართლოს სისტემას გაანადგურებს, რადგან მოსამართლის წარმატებას მის მიერ პროკურატურის შუამდგომლობების დაკმაყოფილების რაოდენობით შეაფასებენ.
მოქმედ მოსამართლეთა ერთი ნაწილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ 65 წლის ასაკამდე კომპენსაციის გადახდას ითხოვს. მოსამართლე მაია ბაქრაძე ფიქრობს რომ 10 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ყოფილ მოსამართლეს კომპენსაციასთან ერთად სხვა სოციალური გარანტიებიც უნდა შეუნარჩუნდეს.
უზენაესი სასამართლო მოსამართლეებისათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდის ინიციატივითაც გამოდის.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ხელფასი 4000 ლარით განისაზღვრება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის 5 000 ლარით, ხოლო პროექტის მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 6 ათას ლარს მიიღებს.
დღევანდელ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრს, მის მოადგილეს სანდო ბარამიძეს და თომას ჰამერბერგსაც ელოდნენ, თუმცა შეხვედრამ მათ გარეშე ჩაიარა.
მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს პრინციპული პოზიცია აქვს _ უვადოდ მხოლოდ ახალი მოსამართლეები დაინიშნებიან და ისიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გავლის შემდეგ.