განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მესტიისა და და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში გააქტიურებულია მეწყერსაშიში ზონა. არსებობდა საშიშროება, რომ მეწყერი, ჩამოწოლის შემთხვევაში, მთლიანად მიმართულიყო სოფელზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა, ხოლო სოფელში მდგარ სახლებს მნიშვნელოვნად დააზიანებდა. ყველა ამ რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღეს გადაწყვეტილება 20 ოჯახის სასწრაფო ევაკუირების შესახებ. ამასთან, გზის მიმდებარედ განთავსდა ტეტრაპოდები და მეწყერს შეეცვალა მიმართულება, რათა არ მოხდეს მისი ჩამოწოლა უშუალოდ სოფელზე და ახლა ის მიემართება საავტომობილო გზაზე. ამის გამო აღნიშნულ გზაზე უკვე მესამე დღეა, გამუდმებით მუშაობს ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზა და არხი. ამ ეტაპზე საავტომობილო გზა გახსნილია, თუმცა, ადგილზე მობილიზებული რჩება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფები და ტექნიკა.
ასევე, ინტენსიური წვიმისა და თოვის გამო უშგულში დაზიანდა შიდა გზა, სავარგულებთან მისასვლელი, რომლის გავლითაც მოსახლეობას თივა გამოჰქონდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის.
სოფელ წვირმინდაში წყალმა წაიღო ხიდი, მაგრამ გაწმენდილია შემოვლლითი საცალფეხო გზა და მოსახლეობა გადაადგილებას ახერხებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში დაიტბორა ათამდე სახლი. მცირე წყალმოვარდნები იყო სოფელ ჭალადიდში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომა-ასკანას გზაზე დაფიქსირდა მცირე მეწყერი. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა – აღდგენილი. გაწმენდილია ქალაქ ოზურგეთის ცენტრიც, რომელიც წვიმის გამო დაიტბორა.
რთული ვითარებაა ჩოხატაურში, სადაც წყალმა დააზიანა გზები და ხიდ-ბოგირები. ზარალი მიადგა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 17 სოფელს. ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოწვა მეწყერი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, შუხუთთან ახლოს. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
წვიმის შედეგად, რამდენიმე საათით გარესამყაროს მოწყდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი საპრასია, თუმცა, გზა უკვე გაწმენდილია, ხოლო მიმოსვლა – აღდგენილი. სამუშოები გრძელდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ წაიღო სოფელ ტოლებისა და მუნიციპალიტეტის ცენტრს შორის დამაკავშირებელი ხიდი. თუმცა, არსებობს შემოვლითი გზა, რომლითაც მოსახლეობა ხიდის აღდგენამდე ისარგებლებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტიქიის ზონებში რჩებიან და იქ იქნებიან მანამ, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება. ამავდროულად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და მას, საბოლოო დადგენის შემდეგ, რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს.