რა უფლებამოსილებებს ანიჭებდნენ დამფუძნებლები მათ მიერვე დაფუძნებულ ფონდებს; მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, რა ფინანსურ და ქონებრივ შენატანებს გადასცემდნენ; რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან მიღებული ფინანსების ხარჯვა და არსებობდა თუ არა ფონდების მიერ გახარჯული ფინანსების შესახებ შესაბამისი ხელმისაწვდომი ინფორმაცია; როგორ იყენებდნენ დამფუძნებლის მიერ გადაცემულ უძრავ ქონებას ფონდები და ხომ არ ხდებოდა ამ უძრავი ქონების გასხვისება. ხოლო, გასხვისების შემთხვევაში, როგორ და რა ფორმით ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი; _ ამ კითხვებზე უგულავას გასაიდუმლოებული ფონდებიდან კონკრეტული პასუხების მიღება ვერავინ მოახერხა.
თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების შემთხვევაში, შეუძლებელი იყო ქ. თბილისის 2005-2011 წლების ბიუჯეტებიდან ფონდებისთვის გადაცემული თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა.
რეაბილიტაციის პროცესი გაუმჭვირვალედ და საზოგადოებისგან იზოლირებულად მიმდინარეობდა. ფონდები დამოუკიდებლად წყვეტდნენ, როგორ და რა პრინციპით შეერჩიათ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კომპანია.
წლების განმავლობაში, თბილისის ბიუჯეტიდან თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ფონდისთვის გადაცემული თანხების ჯამი 288 მილიონ ლარს აჭარბებს.
მარტო რიყის ტერიტორიის ჯერ გასხვისებითა და შემდეგ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებით უკან გამოსყიდვით, თბილისის ბიუჯეტმა ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.
გიგი უგულავა, გიორგი ქელბაქიანი და გიორგი საბანაძე _ “სამი გიორგის საქმე”
უგულავას ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ფონდის, “თბილისის განვითარების ფონდის” მთავარი “მცველი” გიორგი საბანაძე გახლდათ.
იტალიელმა სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი საბანაძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შესაძლოა, სულაც არ არის უბრალო შემთხვევითობა ის, რომ საბანაძე სწორედ იტალიაში იმალებოდა, სადაც მერიის მაღალჩინოსნების დიდი ხნის მეგობარი და მათგან უამრავი შეკვეთის მიმღები, მასიმილიანო ფუქსასი ცხოვრობს. თბილისის განვითარების ფონდს მასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა…
მერიის “საფონდო ისტორიების” ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ ყველაზე ადრე იგრძნო მოახლოებული საფრთხე და არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოდან გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ გაავრცელა. მისივე თქმით, საბანაძემ ქვეყნიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია გაიტანა.
2012 წლის 21 ნოემბერს, შსს-მ თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი, გიორგი ქელბაქიანი დააკავა. რომელიც შპს “ენსისის” მეწილე და გენერალური დირექტორია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანია “ენსისის” 70% წილი ქელბაქიანს ეკუთვნის, 30% წილის მფლობელი კი გიორგი გიორგაძეა. შსს სამინისტრომ ქელბაქიანთან ერთად დააკავა კომპანია “ენსისის” ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებათ. გარდა ამისა, მათ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება რიყეზე მდებარე “ბუდაბარის” საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
2011 წლის 16 მარტს კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, ამჯერად “თბილისის განვითარების ფონდის” თავმჯდომარე გიორგი საბანაძესა და შპს “ენსისის” დირექტორ გიორგი ქელბაქიანს შორის. ხელშეკრულება რიყის ტერიტორიაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. 2012 წლის 30 მაისს დასრულებული პროექტისთვის კომპანიის ანგარიშზე 16 141 756 ლარი ჩაირიცხა.
ასევე ქელბაქიანისა და საბანაძის ხელმოწერებია 2011 წლის 20 სექტემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე. დოკუმენტის თანახმად, რიყის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები კომპანია “ენსისის” 2012 წლის 20 სექტემბრისთვის უნდა დაესრულებინა. კერძოდ, რიყეზე უნდა აშენებულიყო მუსიკალური ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, თუმცა ის ჯერაც დაუმთავრებელია. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია.
თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძესა და “ენსისის” დირექტორ გიორგი ქელბაქიანს შორის 2011 წლის 21 სექტემბერს კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც სამშენებლო კომპანია “ენსისის” თბილისის ზღვაზე სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა 2014 წლის 31 დეკემბერია. მისი ღირებულება კი 20 580 136 ლარს შეადგენს.
“თბილისის განვითარების ფონდი” _ გიორგი საბანაძის ეპიზოდები
გიორგი საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდს,“ რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გამოძიება სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება გაფლანგვის სამ ეპიზოდს. 1. ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13 852 497 ლარის გაფლანგვის ფაქტს. 2. ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტს და 3. არამიზნობრივად ე.წ. ფურშეტებზე, ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვს დახარჯულ 719 862 ლარს.
პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე მდგომარეობს შემდეგში: 2011 წლის ნოემბერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც თითქოს მუშაობდნენ „თბილისის განვითარების ფონდში“ შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. დამზადებული პლასტიკური ბარათები, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით გადანაწილდა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე. პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით თანხები ირიცხებოდა ყოველთვიურად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე, საიდანაც თანხები პერიოდულად გამოჰქონდათ ა. თაბუაშვილს, დავით ავალიანს, დიმიტრი ჩხეიძეს და მერიის და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს. ამ ქმედებით აღნიშნული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ უკანონოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით. აქვე გვინდა გაცნობოთ რომ აღნიშნული 719 პირიდან უმეტესობა მანამდე ფიქტიურად დასაქმებული იყო მერიის მიერ დაფუძნებულ „თბილსერვის ჯგუფში, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული.
მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მერის მოადგილემ – დავით ალავიძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილმა თავმჯდომარემ – გიორგი საბანაძემ, გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ სახელფასო პლასტიკური ბარათები და პარტიული მიზნებისთვის საჭირო თანხები უშუალოდ გამოეტანათ საბანკო ანგარიშიდან. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შვიდჯერ გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი.
რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ წინა საარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით შპს „სითი ივენთსა“ და შპს „ ფართი ჰაუსს“, ფონდის სახელით გაუფორმეს ხელშეკრულებები, შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით ხსენებულმა საწარმოებმა ორგანიზება გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ფურშეტებს, რომელთა ანაზღაურების სანაცვლოდ “თბილისის განვითარების ფონდის” ანგარიშიდან გაიფლანგა 719 862 ლარი.
“სითი ივენთსა” და “ფართი ჰაუსთან” გაფორმებულ ხელშეკრულებებს თავად ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძე აწერს ხელს. ხელშეკრულებებში მითითებულია მენიუ, დამსწრეთა რაოდენობა და ღონისძიების ღირებულება.
პარტიული მენიუ ძირითადად კანაპეებიით იყო წარმოდგენილი: კარტოფილის ნავი ფანიტასით, ესპანელი კაცი, შავი პური ორაგულით, ყველის ბურთი, კანაპე სარდერით, კანაპე ქათმის ბურთით, ღვინო წითელი და თეთრი, ნატურალური ხილის წვენები.
“ფართი ჰაუსის“ მიერ ორგანიზებული ფურშეტები 400-დან 600 კაცზე იმართებოდა. პარტიული პროგრამის წარდგენის შემდეგ ნაცმოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს ფურშეტზე ეპატიჟებოდნენ.
გამოძიების თანახმად, საერთო ჯამში “თბილისის განვითარების ფონდიდან” უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.