აღნიშნული პრობლმების გამო შეწუხებულია როგორც სადგურის თანამშრომლები, ასევე მგზავრები. მათი თქმით, სადგურს წყლის მიწოდება თითქმის ერთი წელია შეუწყდა. უწყლობის გამო აღარ ფუნქციონირებს მგზავრთა საპირფარეშო და იქ საშინელი ანტისანიტარიაა.
ცნობისთვი, მუნიციპალიტეტიდან სოფლებში სამარშრუტო ტაქსები ზოგან მხოლოდ ერთხელ დადის, რის გამოც რაიონიდან სხვადასხვა ქალაქებისკენ მიმავალ მგზავრებს მატარებლის ლოდინი საათობით საპირფარეშოსა და წყლის გარეშე უწევთ.
“ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, ეს უწყლობაა. ალბათ წელიწადია აქ წყალი არ მოდის. გვპირდებიან იქნება, დაპირებები არის, მაგრამ ასრულების რა მოგახსენოთ. ამით პრობლემა გვექმნება როგორც ჩვენ, ისევე მგზავრებს. დამლაგებელი წყალს სახლიდან ეზიდება. რამდენი უნდა მოიტანოს, რომ ამხელა დარბაზსაც და საპირფარეშოსაც ვამყოფინოთ?! ერთი ვედრო წყალი არაფერს არ ნიშნავს ამხელა დარბაზზე და ოთახებზე. ამბობენ, რომ სადგურს ნებართვა არ ჰქონდა და ამის გამო ჩაჭრეს წყალი. არ ვიცით ვისი მიზეზით ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ უწყლობა ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის ფაქტია”, _ ამბობენ სადგურის თანამშრომლები.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ ვინ შეასრულა სარემონტო სამუშაოები სადგურ “ლანჩხუთში” და ვის ვალდებულებაშია წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ დავუკავშირდით სადგურის უფროსს კახა ჩაჩუას. მისი თქმით, ეს პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სადგურ ლანჩხუთს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, პრობლემის მოგვარება სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის ვალდებულებაა, თუმცა, ეს საქმე საკმაოდ გაჭიანურდა, რომლის მიზეზებზე სადგურის უფროსი ინფორმაციას არ ფლობს.
“ჩვენთან რემონტი ზაფხულში ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები შეასრულა კომპანია ,,ფროფერტი მენეჯმენტმა.“ კომპანიამ, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, მილები გაიყვანა, დააყენა მრიცხველიც, მაგრამ ტექნოლოგიური პირობები არ იყო დაცული. ამ პრობლემის მოგვარება თბილისიდან უნდა გადაწყდეს. დეპარტამენტი ინფორმირებულია ამის შესახებ და არის საუბარი, რომ წყლის მიწოდება დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა აღდგეს”, _ გვითხრა ჩაჩუამ.
წყალკანალში აცხადებენ, რომ სადგურისთვის წყლის მიქოდების პრობლემას ტექნიკური პირობების შეუსრულებლობა ქმნის.
“სადგურს წყალკანალის მიმართ ტექნიკური პირობის დავალიანება აქვს. ჩვენ როცა ახალი ობიექტი აგვყავს აღრიცხვაზე, მან უნდა აიღოს დაერთების ტექნიკური პირობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: გაიზომება მანძილი, დიამეტრი, რა მილით უნდა შეყვანა და ეს ღირს გარკვეული თანხა, ეს უნდა გადაიხადოს დამკვეთმა. მათ არ გადაიხადეს და წყალი დავულუქეთ, მხოლოდ ეს არის მიზეზი. ამ წუთშივე ჩავრთავთ წყალს მთავარია საბუთები იყოს მზად”, _ გვითხრა წყალკანალის დირექტორის მოადგილემ ლევან აფხაზავამ.