თბილისელების ინფორმირებისთვის ფინანსთა სამინისტრო განმართავს:
2013 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტი მთლიანობაში შეადგენს 704,0 მლნ ლარს, აქედან 448,1 მლნ ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი, 37,2 მლნ ლარი წლის დასაწყისში არსებული ნაშთი, ხოლო დანარჩენი 218,7 მლნ ლარი არის ქ. თბილისის საკუთარი შემოსავლები.
გამომდინარე იქიდან რომ ქ. თბილისის მერიის მხრიდან 2013 წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხების ათვისება შეაფერხა, 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ქ. თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტზე არსებული ნაშთი შეადგენს 189,7 მლნ ლარს, რაც ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში ქ. თბილისმა დააგროვა 150,0 მლნ ლარზე მეტი.
აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე, 2014 წლის დასაწყისისათვის ქ. თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთი გადააჭარბებს 100,0 მლნ ლარს და იქნება 63,0 მლნ ლარით მეტი ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო ტრანსფერი 2013 წელთან შედარებით მცირდება მხოლოდ 49,9 მლნ ლარით. გარდა ამისა, 2014 წელს გაიზრდება ქ. თბილისის შემოსავლებიც, რის შედეგადაც 2014 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტის მოცულობა იქნება უფრო მეტი, ვიდრე 2013 წელს.
რაც შეეხება ტრანსფერის მოცულობის გაანგარიშებას – 2014 წლის ტრანსფერების გაანგარიშებისთვის შეიცვალა გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის სტატუსის კოეფიციენტები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით 4-ჯერ მეტი იყო და შეადგენდა 3,8-ს, შემცირდა და განისაზღვრა 2,8-ის ოდენობით. ასევე, შემოღებულ იქნა მაღალმთიანობის კოეფიციენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ მაღალმთიან რეგიონებს.
ტრანსფერის შემცირების მიუხედავად, აღსანიშნავია რომ მთლიანი ტრანსფერის მოცულობიდან 50,0%-ზე მეტი გამოყოფილია ქ.თბილისისთვის და აღნიშნული ტრანსფერის ფარგლებში შესაძლებელია სრულად დაფინანსდეს ქ. თბილისის ფუნქციების განსახორციელებლად დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური მიმართულებით, რომელთა შორისაცაა საბავშვო ბაღების გაზრდილი ხარჯები.
რაც შეეხება თბილისში “ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის” ორგანიზებას – თბილისის მერის განცხადება, თითქოს მთავრობამ უარი განაცხადა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში თანამონაწილეობაზე, კიდევ ერთი სიცრუეა, რადგან თბილისის 2015 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს უკვე გამოიყო 6,5 მლნ ლარი სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისათვის, ხოლო ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1,5 მლნ ლარი.
ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს თბილისის მერს და “ნაციონალურ მოძრაობას”, შეწყვიტოს თბილისელებისთვის მორიგი ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება და დედაქალაქის დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოადგინოს რეალური ციფრები.