გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა კალაშოვს თემქის დასახლებაში სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. აღნიშნულ ფაქტზე ადგილზე საპატრულო პოლიცია და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ.
საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია კახა კალაშოვი. დადგენილია ინციდენტში მონაწილე სამი პირი, რომლებიც ასევე დაიკითხნენ.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 120-ე მუხლით)
შეგახსნებეთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, 5 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დასრულების შემდეგ, დამსწრე 11 ათასი დელეგატიდან, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ აქტივისტს, კახა კალაშოვს ( მცხოვრები თემქის დასახლების ა. კვარტალი, კორპ. 42 ) თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები და “ქართული ოცნების” წევრები.
“ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ, კახა კალაშოვმა თავის სამუშაო ფარდულში ( იგი არის მეწაღე და სახლის მახლობლად მცირე საწარმო აქვს მოწყობილი ) საქართველოს დროშა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დელეგატის მანდატი გააკრა კედელზე. მის ფარდულში შესულმა სამმა პიროვნებამ, დაინახა რა ეს ნივთები, მოსთხოვეს ჩამოეხსნა და დაეხია, რაზეც კალაშოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ კახა კალაშოვს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი არის შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავი, მიხეილ სანამაშვილი. სანამაშვილი ემუქრებოდა კალაშოვს, რომ ნათესავების, კერძოდ, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით სასტიკად გაუსწორდებოდა. მეორე თავდამსხმელი არის თამაზ გვარამია, ხოლო მესამე თავდამსხმელის ვინაობა კახა კალაშოვისთვის უცნობია. სწორედ ეს მესამე, კალაშოვს ემუქრებოდა, რომ ის რუსეთიდან სპეციალურად გამოაგზავნეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა იმისათვის, რომ ვინც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერს ყველას გაუსწორდეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გმობს აღნიშნულ ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მის სასწრაფოდ გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო კამპანიის არაერთ ღონისძიებაზე ხელის შეშლის მცდელობებისა თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტების შსს-ს მხრიდან ნელი და არაეფექტური რეაგირების გამო”, – აღნიშნიშნული იყო პარტიის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.