აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.
ჩხეიძის განცხადებით, 10 დღის წინ, აძვში, რომელიც საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, რის შედეგადაც, აძველების მიწის ფართობი, 4 ჰექტარი, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
მისი განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 400-მდე ჰექტარი მიწის ფართობი დაიკარგა.
ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების განცხადებით, აღნიშნული საკითხი მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 37-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად გააპროტესტა.
მცოცავი ოკუპაციის თემას დღეს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტრო პასიურია.
“შეკითხვები მაქვს ძალიან მარტივი – დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების შემდეგ რატომ არ მოხდა არანაირი აქტივობა საქართველოს დელეგაციის მხრიდან ეუთოში. ესაა სრულიად გამაოგნებელი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პაატა გაფრინდაშვილის წასვლის შემდეგ, ჩვენ იქ დელეგაცია არ გვაყავს და ეს სიმართლეა – აღარ გვყავს. ევროპის საბჭოში ჩვენს დელეგაციას არ მოუთხოვია მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის შეკრება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვეთხოვა რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება – თუ ესენი არ გაკეთდა, არაფერი მოხდება. ამისთანა პასიური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსოვთ? ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებს საგარეო პოლიტიკაზე განცხადებას ყველა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი პირების გარდა”, _ განაცხადა ვაშაძემ.
თუმცა, ვაშაძის განცხადებას, რომ საგარეო უწყება პასიურია, არ ეთანხმება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. ექსპერტის აზრით საგარეო უწყება პასიური არაა, მაგრამ არც დიდი აქტივობებით გამოირჩევა, რადგან ამ მომენტში საერთაშორისო არენაზე პრობლემის აქტუალიზაცია, არანაირ შედეგს არ მოიტანს
“ყველაფერი ფარდობითია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასიურობაც. არ ვფიქრობ, რომ უწყება ადრინდელთან შედარებით პასიურია, რადგან ის მოქმედებს, აფიქსირებს პოზიციას. როცა მისგან რეაქცია არაა, ესეც გარკვეული გამოძახლია.
“ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა სამინსიტროს რეაქციები დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუ ასეთი პოლიტიკა საერთოდ არსებობს. ჩვენ მხოლოდ პრემიერ ივანიშვილის განცხადებები გვაქვს. ასევე, მისი პირადი წარმომადგენლის ბურაბ აბაშიძის კარასინთან დიალოგი და პროცესი, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს. სხვა რაიმე ხელშესახები არ გვაქვს.
“ვფიქრობ, ამ მომენტში პრობლემის საერთაშორისო არენაზე აქტუალიზაცია, არანაირ შედეგს არ მოიტანს. საგარეო უწყებამ რა მიმართულებით უნდა იაქტიუროს?! საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების კუთხით? რუსეთზე ზემოქმედებისთვის ეს ნაკლებად ეფექტური იქნება. თუ დასავლეთიდან არ გვიკარნახეს გააქტიურება, ისე არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ დამოუკდიებელი მოთამაშეები არ ვართ. მიმაჩნია, რომ საგარეო საქმეთ სამინსიტრო არც აქტიურია და არც პასიური”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ბერიძე.
ექსპერტის ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ საგარეო უწყების მეტ აქტივობას მინისტრის მეტი ავტორიტეტი სჭირდება, რაც მაია ფანჯიკიძეს არ გააჩნია.
“ცნობიალია, რომ სულელის გაფუჭებული საქმე მთელი თაობების სატირალი ხდება. სააკაშვილმა იმდენი რამე გააფუჭა, რომ ამის გამოსწორებას სერიოზული დრო სჭირდება. თვითონ ვაშაძე რას აკეთებდა, როცა მინისტრი იყო? მხოლოდ თავისი უაზრო კომენტარებით იყო ცნობილი. არც ფანჯიკიძეა გენიოსი ამ კუთხით, მაგრამ რა უნდა ქნან? ისევ ომის დაწყების გარდა, ომმა კი რაც მოგვიტანა ყველამ დაინახა. ფანჯიკიძეს რომ ავტორიტეტი ჰქონდეს კარგია, მაგრამ … მას არ შეუძლია რაიმე კონკრეტულის, სერიოზულის გაკეთება. თუმცა, შეიძლებოდა საერთაშორისო ფორუმებზე ცოტა მეტი აქტივობაც”, _ აღნიშნავს შუბითიძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ირკალი კიკიანს. მისი აზრით, ქართულმა მხარემა არანაირი ტრიბუნა არ უნდა გაუშვას და იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც ქვეყანაშია. საგარეო უწყებამ უნდა იბრძოლოს საქართველოს ოკუპაციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.
“როდესაც ქვეყნის ფაქტიურად პირველი პირი აცხადებს, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანი არ უნდა იყოს, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი ერთადერთი ძალა დასავლეთის მხარდაჭერაა. თუ ეს მხარდაჭერა მოგვაკლდება, ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, უწყების გარკვეული პასიურობა იგრძნობა, მით უმეტეს, თუ წინა ხელისუფლების აქტივობებსაც შევადარეთ.
“ქართულმა მხარემ არანაირი ტრიბუნა არ უნდა გაუშვას, რომ იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც საქართველოშია. უნდა იბრძოლოს, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. ქართული დიპლომატია უფრო აქტიური უნდა იყოს ამ კუთხით.
“ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქართული ხმარე ცდილობს რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს და ამის გაკეთება მარტოს სურს. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასავლეთზე გადის. მათი მხარდაჭერით შეიძლება გარკვეულ წარმატებებს მივაღწიოთ და არა პირისპირ მოლაპარაკებებით. ქართული მხარე რუსეთთან ცალკე არ უნდა დარჩეს, რადგან ზოგადად დიპლომატია ძალაზეა დაფუძნებული”, _ უთხრა “გურია ნიუსს” კიკიანმა.