შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დროს საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლაზე, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზების გავლების ფაქტებზე.
“ამასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირა. აღნიშნა, რომ ნატოსთვის მიუღებელია მსგავსი ქმედებები, რაც აისახა ნატო-ს გენერალური მდივნის ბოლოდროინდელ განცხადებებში”, _ აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებიც განიხილეს. საუბარი შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობას. ხაზი გაესვა რეფორმების განხორციელების მიმართულებით არსებულ პროგრესს, რაც ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის ანგარიშშიც აისახა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, თავის მხრივ, დაადასტურა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ალექსანდრე ვერშბოუმ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და ქვეყნის ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს.
“ამ მხრივ ნატო-ს მხრიდან იქნება ყოველგვარი მხადაჭერა, რაც კონკრეტულად აისახება მომავალ გადაწყვეტილებებშიც. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ როდესაც დადგება ამ კონკრეტული გადაწყვეტილებების დრო, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როგორც ISAF-ის ოპერაციაში კონტრიბუციის თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული პროცესების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, შესაბამისად და ადეკვატურად იქნება ასახული ნატო-ს გადაწყვეტილებებში”, _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო მინისტრმა აგრეთვე, შეხვედრები გამართა გენერალური მდივნის თანაშემწესთან უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში სორინ დუკარუსთან და ნატო-ში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელთან ჟან ბაპტის მატეისთან.