_ რა შედეგები მოიტანა ერთმა საპარლამენტო წელმა ჭიათურისთვის?
მალხაზ წერეთელი:
_ ჭიათურისთვის საპარლამენტო მუშაობაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა. პირველი არის რეგრესის პენსიონერების საკითხი, მეორე- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ კანონში ჩემი ინიციატივით შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის გაზრდას. ეს კი რამდენიმე მილიონით გაზრდის ჭიათურის ბიუჯეტს. კანონში ცვლილება 4 ოქტომბრის პირველი მოსმენით მიღებულია. ახლა გადის მეორე მოსმენაზე. მთავრობაც მომხრეა, დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო და გარემოს დაცვის კომიტეტების დადებითი დასკვნებიც გვაქვს. ეს იყო 7- თვიანი მუშაობის შედეგი.
_ რა სარგებლობას მოუტანს კანონში აღნიშნული ცვლილება ჭიათურის მოსახლეობას?
_ 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დანაშაული ჩაიდინა და ბუნებრივს რესურსებზე არსებული მოსაკრებელი 10-ჯერ შეამცირა. მაშინ პარლამენტმა მიიღო, ჩემი აზრით, გაუგონარი გადაწყვეტილება. თუნდაც, ის მოსაკრებელი რომ დარჩენილიყო, ჭიათურის ბიუჯეტი ამ 7 წლის მანძილზე 18 მილიონ ლარს არ დაკარგავდა. ახლა კი შეიძლება 4, ან 5 მილიონი გაუხდეთ გადასახადი წელიწადში და ეს თანხა წავა სულ ადგილობრივ ბიუჯეტში.
მარგანეცის ფასი ბაზარზე საკმაოდ მაღალია. რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ანუ მანგანუმის მომპოვებელ ქვენებში გაცილებით მეტია მოსაკრებელის რაოდენობა, ვიდრე ახლა იმ კანონპროექტში, რომლის ინიცირებაც მოვახდინე, მაგრამ ერთბაშად ყველაფერი ვერ გამოვა.
_ ცნობილია, რომ მანგანუმის მოპოვების არეალი ფართოვდება და რამდენიმე სოფლის გადასახლება შეიძლება გახდეს საჭირო. რამდენია ასეთი სოფელი?
12 სოფელი, სადაც ღია წესით მიდის მოპოვება, გადასასახლებელია. იმიტომ, რომ თუ იქ პატარას მოწვიმს, ადამიანი მუხლებამდე ეფლობა ტალახში. თან რა ტალახში. მარგანეცში. ცოტა თუ ტემპერატურა მოიმატებს, მტვრით ივსება ყველაფერი. მანგანუმი, მოგეხსენებათ მე ექიმი ვარ, მედიცინაში ნერვულ შხამად ითვლება. მისი შეყნოსვა და სიახლოვეს ყოფნა უმძიმეს დაავადებებს იწვევს.
_ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 25 მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტაციასაც. რა ეტაპზეა ეს პროექტი და სოფლებსაც ეხება?
_ ამ ეტაპზე წყალსადენების რეაბილიტაცია მხოლოდ ქალაქში ხორციელდება. რაც შეეხება სოფლების წალმომარაგებას, უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა. 16 წყალსადენი და 250 კილომეტრი მიწისქვეშა წყალგაყვანილობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ბალანსზე იყო. მოგეხსენებათ, ეს კომპანია რაც არის. ამ 7 წლის მანძილზე თეთრი არ დაუხარჯავს. წყალომომარაგების რეაბილიტაციაზე „ჯორჯიან მანგანეზი“ უარს ამბობს. ის უნდა გადავიდეს ცენტრალურ ბიუჯეტში, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით შეუძლებელია მისი გაკეთება.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჭიათურაში. ერთი გაწვიმება და მანგანეზით ივსება წყლის სისტემები. დაზიანებული და გამოსაცვლელია მიწისქვეშა მილები. პრაქტიკულად ტექნიკურ წყლადაც ვეღარ ხმარობს მოსახლეობა.
_ და ეს ყველაფერი იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს . . .
_ პარლამენტში მე გახლავართ გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი. უმძიმესი დასკვნა დადო როგორც კომიტეტმა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრომ. 12 სოფელი პრაქტიკულად სიცოცხლეს ამთავრებს. მანგანუმს მოიპოვებენ ღია წესით; იხსნება მთლიანად ტყეები; იკარგება წყლები. წყლების 40 პროცენტი კარსტრული წარმოშობისაა და აფეთქებებით წყალი იკარგება.
ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე კი არ ვდგავართ, ეკოლოგიური კატასტროფაა ჭიათურაში. ყვირილა რა მდგომარეობაშია იცით. ამის გამო მთელი კოლხეთის დაბლობი ზიანდება.
_ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურის რეგიონში მანგანუმს მოიპოვებს, ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს?
_ წინა კომპანია “მანგანუმი“ ძალით გააკოტრეს. მას ჰქონდა რაღაც სახის ვალდებულებები: მაღაროს გაყვანით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციებს აძლევდა. მაღაროს ჰყავდა ჭიათურაში მაცხოვრებელი 12 ათასი აქციონერი, რომელიც ფლობდა წილის 5% -ს. “ჯორჯიან მანგანეზის“ შემოსვლის შემდეგ – 2007 წლის 1-ლი იანვრიდან, ყოველგვარი ვალდებულებისგან არის გათავისუფლებული ახალი კომპანია. რეგრესის პენსიებსაც „ჭიათურ მანგანუმი“ გასცემდა. იმ 5 პროცენტს 12 ათასი აქციონერი იღებდა. კომპანია ეკოლოგიური მიმართულებითაც მუშაობდა. ახალ კომპანიას ეს ვალდებულებები უბრალოდ არ დააკისრა ხელისუფლებამ.
_ გამოდის რომ “ჯორჯიან მანგანეზი“ რაღაც დოზითაც არ იღებს პასუხისმგებლობას ეკოლოგიურ დაბინძურებაზე? თუ მიგიმართავთ მათთვის ამ საკითხზე და რა იყო მათი პასუხი?
_ 2007 წლის 12 აგვისტოს ბატონ ნოღაიდელის და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომაგენლის მიერ ხემოწერილი დოკუმენტი რომ ნახოთ, იქ შავით თეთრზე წერია, რომ 8 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაფერზე არ აგებენ პასუხს. ასეთი ჩანაწერი აქვთ ხელშეკრულებაში გაკეთებული. ამ 8 წელს გაუდის ვადა 2014 წლის აგვისტოში. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრომ ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ უმძიმესი დასკვნა დადო და ველოდებით, რომ ამასკომპანიის მხრიდან რაიმე სახის რეაგირება მოჰყვება.
_ რამე სამართლებრივი გზა არ არსებობს, რომ 2014 წლამდე „ჯორჯიან მანგანეზი“ დაავალდებულონ, ეკოლოგიური პრობლემები მოაგვაროს?
_ რა თქმა უნდა. ეს მარტო შიდა ვალდებულებები არ არის. კომპანიის საერთაშორისო ვალდებულებაა, არ დააბინძუროს გარემო. მეორეც – დიდი ჯარიმებიც დააკისრეს. ახლა გააქტიურდნენ, როდესაც რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდაზე მიდგა საქმე.
_ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ჭიათურაში ტყეების ჩეხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ „გურია ნიუსს“ სოფელ გეზრულის წაბლნარის სავალალო მდგომარეობაზე ჰქონდა მასალა. ერთია, რომ ხეები დაავადებულია და მეორე, რომ ინვესტორი ჩეხავს ტყეს. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
_ მოსახლეობის ძალიან აქტიური ჩარევით ახლა აღარ იჩეხება ტყეები. დაავადებას რაც შეეხება, როცა იმ ტყიდან გამოდის მასალა, ის უნდა დაიწვას, სხვაგან არ უნდა გადავიდეს. მე მქონდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან საუბარი, როდესაც ის პარლამენტში იყო მოსული და მან დაადასტურა, რომ ტყის ჭრის ლიცენზიები უკანონოდ არის გაცემული, მათ შორის გეზრულის ტყეებშიც. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, ლიცენზიების შესწავლა.
_ თქვენ ისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, უახლოესი ერთი წლის მანძილზე რა პროექტების განხორციელება იგეგმება ჭიათურაში?
_ პირველი საზრუნავი ამ წელიწადში ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანაა, რაც ჭიათურის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაზრდის. დღის წესრიგში დგას „ჭიათურ მანგანუმში“ მუშაობისას ათეულობით წლის მანძილზე დაზარალებული ხალხის საკითხი, რომლებსაც რაღაც პასუხი უნდა გავცეთ. შესაბამისმა კომისიებმა უნდა გადაამოწმონ მათი საქმე. ჩვენ გვყავს 50-მდე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახი, რომლებსაც საერთოდ, სახლი და კარი არ აქვთ. მე ვამბობ 1991 წლის მიწისძვრაზე. ამ მიწისძვრის შემდეგ ზარალი ბოლომდე არ არის ანაზღაურებული და ესეც, სამწუხაროდ, ცენტრალურ ბიუჯეტს დააწვება კისერზე. არსებობს სამთო მაშველის (როდესაც მაღაროზე კატასტროფა ხდება, სამთო მაშველი ერთვება გადარჩენის სამუშაოებში) სახელფასო დავალიანებები. მართალია ეს უწყება აღარ არსებობს, მაგრამ დავალიანება დარჩა. 166 ათასის ლარია წალმომარაგებაში ასევე სახელფასო დავალიანება და ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროებთან, რომ როგორმე გავისტუმროთ ეს თანხები. ასევე არის გარდაცვლილი რეგრესის პენსიონერების საკითხი. მეუღლეებმა უნდა მიიღონ მათ მაგივრად ეს თანხები. ამჟამად ცოცხლებს აღუდგათ პენსია, მაგრამ გარდაცვლილი რეგრესის პენსიონერების მეუღლეებს ვცდილობთ, ან ერთჯერადი სახით, ან რაღაც ფორმით მივცეთ ეს თანხები.
6 მილიონი არის გამოყოფილი პროექტებისთვის. 3 ახლა დაიხარჯება, 3 მომავალ წელს. შემდეგი გზების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს: ჭიათურა-წირქვალი-ხვაშითის გზა, მეორეა კალაური-ითხვისი-ბჟინევის გზა. მესამე უსახელო-მანდაეთის გზა. ამ პროექტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. მოხდება ასევე სოფელ ბერეთისის წყალსადენის რეკონსტრუქცია.