შეგახსნებეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას მოსახლეობის იმ ნაწილისაც ესმის და გაგებით ეკიდება, ვინც “მატყუარა” შალვა ნათელაშვილს და “მოღალატე” გიორგი თარგამაძეს უჭერს მხარს.
მისივე თქმით, გიორგი თარგამაძე მის თვალში მოღალატის ეტალონია.
“ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადების საპასუხოდ, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მიმართავს სასამართლოს, სადაც ივანიშვილს დეტულრად მოუწევს მისი ბრალდების ახსნა.
“მივმართავ სასამართლოს, სადაც ბიძინა ივანიშვილს დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის.
“აღარ ვიცი, ამ ყველაფერზე გამეცინოს, თუ ნაწყენი დავრჩე. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის სერიოზული ბრალდება. არ მინდა ამ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვუპასუხო. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ამ საქმეში ვერ გავეჯიბრები. მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, პრემიერს უბრალოდ კარგად არ ესმის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი. ეს აღარ არის ზოგადი შეფასება. ის ბრალდება, რომ მე სახელმწიფო მოღალატე ვარ, აბსურდია. თუ მას არ ესმის ამ სიტყვის შინაარსი, მივმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის, რაც არ უნდა ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა ჰქონდეს. მე არ ვაპირებ სახელმწიფო მოღალატის სტატუსით ვიარო პოლიტიკაში. თუ კი ივანიშვილს ამ ბრალდების მტკიცებულებები გააჩნია სასამართლოში წარმოადგინოს, თუ არა და მან პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის როგორც ჩემი, ასევე ჩემი ამომრჩევლის წინაშე”, _ განაცხადა თარგამაძემ.
თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ თარგამაძე თუ საქმეს სასამართლომდე მიიყვანს, სავარაუდოდ ამით ევრაფერს მიაღწევს, რადგან აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
“ესაა პრემიერ-მინისტრის აზრი და ვფიქრობ, აქ სასამართლოსთვის მიმართვა უპერსპექტივოა. ეს ადამიანები, ივანიშვილიც და თარგამაძეც საჯარო ფიგურები, პოლიტიკოსები არიან და პირველად ხომ არ ხდება, როცა ზოგადად პოლიტიკოსები მსგავს ტერმინებს იყენებენ?! საჯარო პირმა უნდა დაუშვას, რომ მის მიმართ შესაძოა კრიტიკის მაღალი მასშტაბიანობა არსებობდეს.
“ვფიქრობ, სასამართლომდე რომც მივიდეს ეს საქმე, სასამართლო ამას დარღვევად არ სცნობს, რადგან პრემიერმა მისი აზრი გაახმოვანა, აზრის გამოხატვის თავისუფლება კი დაცულია“, _ განმარტავს კოჟორიძე.