ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ბაღში ერთი საწოლი თვითონ მიიტანა, დანარჩენი ორი კი, აღსაზრდელის მშობლებმა.
საწოლების უქონლობის გამო ბავშვებს შუადღით ვერ აძინებენ. რეგულარულად მხოლოდ იმ ორ პატარას სძინავს, რომელთა მშობლებმაც საწოლები მიიტანეს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბაღში საჭირო ინვენტარიც არასაკმარისია. 930 ლარის ღირებულების მაგიდა, სკამები, სათამაშოები და წიგნები ბაღს საჩუქრად რიმა ასკურავამ გადასცა, რომელიც წარმოშობით ამავე სოფლიდანაა. თუმცა, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.
მისი ახლობელი ეკა ალექსაია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ასკურავა საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ჩათვალა, “ეს მცირედი საჩუქარი ბავშვებისთვის სასიხარულო იქნებოდა”.
როგორც ბაღის უფროსი აღმზრდელი თეა ჩიჩუა ამბობს, ბაღი შარშან გაიხსნა და თავდაპირველად 20 აღსაზრდელი ჰყავდათ.
“ყველა საჭირო ნივთი გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაღი უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობა გაიზარდა და სკამები და მაგიდები არასაკმარისია. ამჯერად, ეს პრობლემა რიმა ასკურავას დახმარებით მოგვარდა, რომელმაც 8 მაგიდითა და 32 სკამით დაგვასაჩუქრა. თუმცა, ისევ რჩება საწოლების პრობლემა… მომავალი წლიდან აღრიცხვაზე ორჯერ მეტი ბავშვი გვყავს. აქ ისედაც ქირით ვართ,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ჩიჩუამ.
სოფლის რწმუნებული ზაზა წულაძე აცხადებს, რომ ბაღის ყოფილი შენობა უკვე აღრიცხვაზეა, “ინფრასტრუქტურულ პროექტებში მალე ჩასვამენ და აუცილებლად გაარემონტებენ”.
ანალოგიური მრობლემაა მუნიციპალიტეტის 22 ბაღში, სადაც ასევე საწოლების დეფიციტია. ამის შესახებ “გურია ნიუსს” საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა განუცხადა.
“აღნიშნული პრობლემის მოგვარება მომავალი წლის ბიუჯეტში გაწერილია. საუბარია სულ 800 საწოლზე. ახლა მხოლოდ 200 საწოლი გვაქვს. ჩვენი დიდი სურვილია ახალი ბაღები გაიხსნას, მაგრამ ვინაიდან სპეციფიკური მოთხოვნებია საწოლებზე, ვენტილაციის სისტემაზე, ცივსა და ცხელ წყალზე. არის სოფლები, სადაც ბაღები საერთოდ არ არის. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე ინფორმირებულია. თუმცა, შენობის გადასაკეთებლად საკმარისი თანხები არაა. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რეგიონალური განავითარების ფონდი ორ ბაღს თავიდან ბოლომდე გაარემონტებს. ესაა მაჩხვარეთისა და სუფსის ბაგა-ბაღები. ასევე, საუბარია მესამე ბაღის გარემონტებაზეც, რომელიც შესაძლებელია სწორედ ქვიანის ბაღი იყოს,“ _ უთხრა “გურია ნიუსს” გიგინეიშვილმა.