სოფელს სამი ტაძარი ამშვენებს, ერთ-ერთი “ოქონის” მონასტერია, რომელიც მაცხოვრის ამაღლების სახელობისაა. მონასტერი შუა საუკუნეების ძეგლია. 30-იან წლებში ისტორიული მოვლენების შედეგად დაინგრა და ამჯერად ის ადგილობრივმა ბიზნესმენმა, სოლომონ ჩხაიძემ აღადგინა: _ ამით მან სოფელს დიდი და კეთილი საქმე გაუკეთა, აცანის ბრწყინვალე ძეგლი მისი წყალობით ისევ აღდგა, _ ამბობენ ადგილობრივები.
რაც შეეხება თავად მონასტერს, როგორც ადგილობრივი ისტორიის მცოდნე დავით ქინქლაძე გვიამბობს, დიდი ისტორიას აქვს, გადმოცემის მიხედვით, რაც წარწერებითაც მტკიცდება, მალაქია გურიელის დაფუძნებულია _ მალაქია გურიელი მე-16 საუკუნეში მოღვაწეობდა. აქ ციხესიმაგრეც იყო, ძლიერი გალავნით. გალავანი ამჯერადაც არის შემორჩენილი.
მეორე, წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერია. ტაძარი თემის ცენტრში მდებარეობს და ისიც ძველი ტაძრის ნანგრევებზე აიგო. ამ მონასტრის აგება ასევე მეცენატმა და ბიზნესმენმა ბადრი წილოსანმა მოახერხა. მონასტრის ეზოში განლაგებულია კელიები ბერებისთვის. საინტერესოა, რომ ბერებს სოფლის ცენტრში უწევთ ცხოვრება.
დავით ქინქლაძის თქმით, ტაძრების სიმრავლით ეს პატარა სოფელი ოდესღაც უფრო გამოირჩეოდა. თავდაპირველად 7 ეკლესია-მონასტერი იყო აცანაში. ამჯერად სამი ახალი ტაძარია სამი ბიზნესმენის მიერ აგებული. სამივე ტაძარში წირვას იღუმენი გაბრიელი (კახელიშვილი) აღავლენს.
სოფლის სკოლა მცირერიცხოვანი ბავშვებით
სოფელში პრობლემები მრავლადაა. მოსახლეობა დღემდე გულისტკივილით იხსენებს იმ დროს, როცა ჩაის ფაბრიკა მუშაობდა, იყო საბაგირო გზა, რომელიც სოფლის სიამაყეს წარმოადგენდა; მოსახლეობა ადგილზე იყო დასაქმებული და არ უწევდათ ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან წასვლა, ამჯერად უმრავლესობა თურქეთშია წასული და მოსახლეობის რაოდენობა, ამ კუთხით ისედაც მწირ სოფელში, კიდევ უფრო შემცირებულია.
აცანაში, რომელიც საკმაოდ დიდი სოფელია და რამდენიმე საკმაოდ დიდ უბანს მოიცავს, მხოლოდ ერთი საჯარო სკოლაა სოფლის ცენტრში, სადაც სულ 83 მოსწავლე იღებს განათლებას. როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ქინქლაძე ამბობს, თუ შევადარებთ წინა წლებს, 1987 წლისთვის სკოლაში 387 მოსწავლე სწავლობდა. წელს კი ეს რაოდენობა სამჯერაა შემცირებული: _ ცუდი ისაა, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება _ მომავალ წელს 78 მოსწავლე გვეყოლება. მიზეზი დემოგრაფიული პრობლემაა _ ძალიან ბევრი მიდის სოფლიდან, მატება, ძირითადად, არის აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობის ხარჯზე. სკოლაში ნახევარზე მეტი აჭარიდან ჩამოსული ბავშვები არიან, ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკური პრობლემების გამო აქ არ ჩერდება და ტოვებენ სოფელს. აქაურობა ძალიან ლამაზია, მაგრამ საარსებო პირობებია რთული. სოფელი დიდია, მაგრამ სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, რომელიც დროულად ახერხებს ბავშვების სკოლაში მიყვანასა და მერე სახლებში დაბრუნებას.
რაც შეეხება სკოლის შენობას, ის ახალი აგებულია. ძველი შენობა, 90-იან წლებში, დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. უნიკალური ნაგები იყო, _ გულისტკივილით აღნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, _ უნდოდათ სკოლა დაეშალათ, მაგრამ ამის ნება არ დართო განათლების სამინისტრომ, მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადასვლის შემდეგ კი ეს ნებართვა გაიცა და ძველი შენობის საძირკველიც კი არ დარჩა. ამის შემდეგ აიგო ახალი სკოლა. ყველაზე მეტად რაც გვინდა, დარბაზია _ სურვილი გვაქვს, იგი ძველი სკოლის შენობის ადგილზე ავაშენოთ. დარბაზი პროექტებში ჩასმული იყო, მაგრამ რატომღაც ამოიღეს. ვინც სკოლა დააპროექტა, გახსნას არ ესწრებოდა _ არაფერი არ არის ჩემი, შეცვლილია ყველაფერიო. დარბაზიც და აუზიც უნდა ჰქონოდა სკოლას, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა, ახლა ვცდილობთ დარბაზის პრობლემა მოვაგვაროთ.
რაც შეეხება შენობის რემონტს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებს და ამბობს, რომ რომ ფანჯრებიდან შემოსულმა წყალმა დააზიანა როგორც კედლები, ისევე გამათბობელი სისტემა: _ ამოვარდნილია მეტლახი, რადგან ცემენტის ზემოდან თაბაშირზეა დაგებული. დილეტანტისთვისაც კი იოლი მისახვედრია, რომ მეტლახს თაბაშირი არ დაიმაგრებს. რატომ გააკეთეს ყველაფერი ასე უხარისხოდ, ჩემთვის გაუგებარია. პრობლემაა ინტერნეტთან დაკავშირებითაც _ მიზეზი სიგნალის სისუსტეა, _ ამბობს ანდრო ქინქლაძე.
სოფლის უხუცესი მასწავლებელი
მხოლოდ ერთი სკოლის არსებობის გამო გულისტკივილს გამოთქვამს აცანის მკვიდრი, “იმედის გმირი” მარიამ ჩხაიძე. იგი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ დაწყებითი სკოლა ტელმანის უბანში, სადაც თვითონ ასწავლიდა, დაიხურა. სიხარულით გაიხსენა სოფლის წარსული და თავისი ოჯახის ისტორია, ყველაზე დიდი გულისტკივილი ტელმანის საჯარო სკოლის დახურვის გამო გამოთქვა.
მარიამ მასწავლებელმა პირველად ის გვკითხა, ვნახეთ თუ არა “ოქონის” მონასტერი: _ დიდი მნიშვნელობის ეკლესიაა. განსაკუთრებით მიყვარს, რადგან იქ მე მოვინათლე, _ გვითხრა უხუცესმა მასწავლებელმა.
_ სკოლა შარშან დაიხურა და ძალიან ვწუხვარ. არ გეგონოთ იმას ვჯავრობდე, რომ უმუშევარი დავრჩი. მე მაინც ვერ შევძლებდი მუშაობას, მაგრამ კარგი იქნებოდა, ყოფილიყო. სამი მოსწავლე მყავდა პირველ კლასში, მაგრამ აცანაში წაიყვანეს. წელს კიდევ სამი შემოემატებოდა და 6 იქნებოდა. ძირძველი სკოლა იყო, განათლების პირველი კერა ტელმანის უბნიდან დაიწყო. ეს სკოლა მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით ააშენა. ამჯერად დაკეტილია, კარიც კი არ გამიღია. 74 წელი ვიმუშავე მასწავლებლად. 26 დასაოჯახებელი ახალგაზრდა ცხოვრობს ტელმანის უბანში, როცა გაბედნიერდებიან და ბავშვები ეყოლებათ, ხომ უნდათ სკოლა? მართალია, გზა კარგია და ტრანსპორტიც არის, მაგრამ მაინც ძნელია სამ კილომეტრზე იქეთ-აქეთ სიარული. რა არის ის სოფელი, სადაც სკოლა არაა, სადაც სკოლის ზარი არ დაირეკება და მასწავლებლის ხმა არ ისმის?! _ გვეუბნა თვალზე ცრემლმორეული მარიამ ჩხაიძე.
სოფლის პრობლემები
აცანა მარტოდმარტო ებრძვის პრობლემებს. წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით, აცანელთა ყველაზე დიდი პრობლემა _ უგზოობა გადაიჭრა. ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი ამ სოფელზეც გადის. ახლა აცანელებს 7 წუთში შეუძლიათ ლანჩხუთის ცენტრს დაუკავშირდნენ. ადგილობრივები კმაყოფილებას ვერ მალავენ ამის გამო, მაგრამ გულისტკივილით ამატებენ, რომ წარსულში უზარმაზარი სოფლის მოსახლეობა თითქმის გამესამედდა.
უმუშევრობის გამო, სოფლიდან ზოგიც სამუდამოდ, ზოგი დროებითაა გადახვეწილი. ძალიან შეცვლილია დემოგრაფიული მდგომარეობა და ძირითადად უარესობისკენ. აცანის საბავშვო ბაღში მისულებს შენობის ქვემო სართულზე, დაახლოებით, 10-12 ბავშვი დაგვხვდა, ამდენივეს ეძინა მეორე სართულის საძინებელ ოთახებში.
აცანისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მეწყერი, რომელიც გამუდმებით ემუქრება სოფელს წალეკვით. აცანის შემოვლის დროს, ჩვენ თითქმის ერთი ათეული მოქმედი მეწყერული ზონა ვნახეთ. ეს ზონები ყველა გაწვიმების შემდეგ აქტიურდება და ფართოვდება. აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე, წინა დღეების გამუდმებული წვიმების გამო, მეწყერმა ჩაიტანა ახლადგაკეთებული გაბიონი და ასწლოვანი ნაძვის ხეები. ამის გამო, გზაზე გადაადგილებაც შეზღუდულია, რაც ზედმეტ უსიამოვნებას უქმნის ადგილობრივებს. მოსახლეობა გზის ამ მონაკვეთის შეკეთებას ითხოვს ადგილობრივი მთავრობისაგან.
ჩვენი აცანაში სტუმრობის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიტანა ლანჩხუთმა ბუნების არასასიამოვნო სიურპრიზი _ რამოდენიმედღიანი წვიმები, რომელთა შემდეგ კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა. სოფლის რწმუნებული უჩა ჩხაიძე ამბობს, რომ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებენ ამ სერიოზული პრობლემის მოგვარებას.
სოფელში, ახალი მთავრობის დაპირებების მიუხედავად, ბოლო ერთი წლის მანძილზე არ შექმნილა არც ერთი სამუშაო ადგილი, არც რამე ძვრები იგრძნობა, რაც წაახალისებს ადგილობრივ წარმოებისა და მცირე საამქროების ამოქმედებას. ამის გამოა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთშია სამუშაოდ გადახვეწილი.
მეორე მსოფლიო ომის ექო
აცანამ დიდ საბჭოთა იმპერიას 90 მეტი ახალგაზრდა ვაჟკაცი “შეაშველა” დიდ სამამულო ომში. მათგან მხოლოდ ორია ცოცხალი _ გიორგი ჩხაიძე, რომელიც ახლა 92 წლისაა, მეათეკლასელი იყო, როცა ომში წაიყვანეს. მან უვნებლად გამოიარა ომის ქარცეცხლი და თავში მიღებული ჭრილობით დაუბრუნდა საკუთარ კერას. აცანელთა დიდი ნაწილი ომიდან შინ ვერ დაბრუნდა. ყველასათვის საყვარელი მასწავლებლის მარიამ ჩხაიძის ორივე ძმა და ორი ბიძაშვილი ომმა იმსხვერპლა.
გიორგი ჩხაიძე, ასაკის მიუხედავად ახლაც მხნედ გამოიყურება. იგი ომის მონაწილის პენსიით ცხოვრობს და ახალი ხელისუფლების მისამართით ერთადერთი სათხოვარი აქვს _ პენსიონერს სათანადო დაფასება და პატივისცემა ჰქონდეს: _ მართალია, ახლა ჩვენი პენსია 200 ლარი გახდა, მარა მარტო ეს არაა საკმარისი. მე შვილები მეხმარებიან ცოტას, თორემ პენსია არ გვეყოფოდა მე და ჩემს მეუღლეს თვიდან თვემდე, _ ამბობს ბატონი გიორგი.
მეორე მსოფლიო ომის მეორე ცოცხალი ვეტერანი კარლო ჩხაიძე კი ლოგინადაა ჩავარდნილი და სოციალურად შეჭირვებულ მის ოჯახს თავის გატანა უჭირს.