როგორ აღმოჩნდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, 2004 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი და კახეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი, სამედიცინო ბიზნესში?
რას პირდება გია ნაცვლიშვილი სახელმწიფოს, რატომ ჰქონდა მას გაფორმებული თავისი წილი არასრულწლოვან შვილებზე და რატომ აირჩია მან სამედიცინო ბიზნესი, ამ ყველაფერზე პასუხს ნაცვლიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
_ ბატონო გია, ჯანდაცვის სფერო ძალიან სპეციფიურია და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. თქვენ იყავით 5 კლინიკის ერთ-ერთი მესაკუთრე, რატომ აირჩიეთ ეს ბიზნესი?
_ იცით რა არის, მე ბიზნესში ვარ 1987 წლიდან, 24 წლის ვიყავი ეს საქმე რომ დავიწყე. ორი წელი მაქვს პოლიტიკაში გატარებული, თორემ დანარჩენი დრო ან მეცნიერებაში ვიყავი, ან ბიზნესში. ჩემთვის ბიზნესი უცხო არ არის და ბიზნესმენობა იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ამ საქმის სპეციალისტი უნდა იყო. მთავარია, როგორ ხედავ დარგის განვითარებას. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია გავაკეთო ანალიზი იმის შესახებ, რამდენად მომგებიანი იქნება სამედიცინო საწარმო.
25 წელია ბიზნესში ვარ. მამაჩემს რაიკომის მდივანი უნდოდა გამოვსულიყავი და კოოპერატივში რომ წავედი, ისე რცხვენოდა, კარგა ხანი არ მელაპარაკებოდა. ახლა უკვე პენსიაში ვარ, აღარც ბიზნესში ვარ და აღარც პოლიტიკაში.
_ ბატონო გია, თქვენი კომპანია “ჯი-ემ-სი”, რომელმაც აუქციონზე გატანილი იაშვილის კლინიკა იყიდა, ამ აუქციონამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაარსდა, როგორ ფიქრობთ, ეს არ არის საეჭვო?
_ საეჭვო? არანაირად! მე გიდასტურებთ, რომ ეს კომპანია დაარსდა ერთი კვირით ადრე და პირდაპირ გეტყვით, სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ამ აუქციონში მიგვეღო მონაწილეობა… მე და ჩემმა მეგობარმა “ჯი–ემ –სი“ დავაფუძნეთ სწორედ ამისთვის. ამაში მე ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მე რომ პროცესებში ვმონაწილეობდი, არასდროს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ.
_ თქვენ და “ჯი-ემ-სის” კიდევ ერთ დამფუძნებელს, ზაზა კაპანაძეს ბრალად გედებათ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზებაში. ბრალდების თანახმად, საუბარია იმაზე, სამშენებლო კომპანია “არტესიდან” დივიდენდის სახით, გაიტანეთ თანხა, რაც თქვენს მიერვე დაფუძნებულ, შპს AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ში ჩარიცხეთ. მეორეს მხრივ, როგორც კლინიკის შემსყიდველი თურქი ინვესტორები ჩვენთან აცხადებენ, მათ უმტკიცებთ, რომ “არტესი” არაფერ შუაშია კლინიკებთან… არადა, სწორედ “ AVANTE“-მ შეისყიდა 5 ქართული კლინიკა.
_ არტესს არ აქვს არავითარი კავშირი, მაგრამ “არტესის” ერთ-ერთ დამფუძნებელს აქვს კავშირი, ამას არ უარვყოფ. იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც პროკურატურამ აღძრა, სრულ აბსურდზეა საუბარი, ჩვენს დროს ხალხს ამაზე არ იჭერდნენ… დაახლოებით საუბარია იმაზე, რატომ მოიგე 15%, როცა 10% გეწერაო.
ჩვენ ავუხსენით თურქებს, რომ ეს არის აბსურდი და იგივე უთხრეს თავიანთმა ადვოკატებმაც. ამ აბსურდს, ჩვენ სასამართლოზე დავამტკიცებთ.
_ შპს “არტესთან“ ჯანდაცვის სამინისტროს 2012 წელს გაფორმებული აქვს 6 ხელშეკრულება 5 766 973 ლარის ღირებულების. ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის სამშენებლო სამუშაოები. 2010-2011 წლებში ამავე პროგრამის ფარგლებში შპს “არტესმა” განახორციელა “რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოსა” და შპს “თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის” რეაბილიტაცია. პროგრამის განმახორციელებელი (დამკვეთი) იყო სსიპ–საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, რომლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა ივანე ყაჭიური. ყაჭიური ამ პერიოდში მუშაობდა თქვენთანაც. ესეც უბრალო შემთხვევითობა იყო?
_ მე უფრო ნაკლებად უნდა მკითხოთ მაგაზე, ზაზა კაპანაძეს ჯობია დაეკითხოთ (რომელსაც ვერ დავუკავშირდით და თუ სურვილი ექნება, გამოვაქვეყნებთ მის კომენტარებსაც. ავტ). მაგრამ კონსულტანტის დონეზე შემიძლია გიპასუხოთ. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს ტენდერი მოგებული ჰქონდა რომელიღაც ფირმას, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ჯანდაცვის სამინისტროს, მარტივად რომ გითხრათ, “გადააგდო”. მოხდა ისე, რომ გაიყიდა რამდენიმე ობიექტი და უნდა შესულიყვნენ ინვესტორები. სახელმწიფოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ ეს ობიექტები უნდა გადასცემოდა ინვესტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს დაეკისრებოდა ძალიან დიდი საჯარიმო სანქცია. ამიტომ, უნდა გადასცემოდა ვინმეს. ამის განხილვა სასწრაფო წესით მოხდა მთავრობის სხდომაზე, რითაც სახელმწიფომ აიცილა საკმაოდ დიდი ზარალი. ამაში ყაჭიური ვერ იქნებოდა ჩართული, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება იყო.
_ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თქვენი წილი “ჯი-ემ-სი”-ში , საუბარია 25 % ორ ნაწილად გაქვთ გაყოფილი და თანაბრად გადანაწილებული თქვენს არასრულწლოვან შვილებზე. ეს რაში დაგჭირდათ?
_ ცოტა ისეთი უხერხული მომენტია, მაგრამ აგიხსნით. ამ წელს მე გავხდი 50 წლის, დიდი ხანია, შვილები არ მყავდა. გამიჩნდა 2 ბიჭი. 50 წელი კი ის პერიოდია, როდესაც ბევრ რამეზე ფიქრობს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, ჩემისთანა მოწესრიგებული ადამიანი. ანდერძის დაწერა არ მიფიქრია, ფსიქოლოგიურად ცოტა ძნელია, ამიტომ მთელი ჩემი ქონება გადავაფორმე ჩემს შვილებზე. მხოლოდ ეს იყო მოტივაცია, მეტი არაფერი.
_ თურქული კომპანია, რომელსაც თქვენ კლინიკა მიყიდეთ და რომელზედაც აცხადებდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, სინამდვილეში საკმაოდ სერიზული პრობლემების წინაშე დგას თავისსავე ქვეყანაში. სახელფასო დავალიანებები და შეუსრულებელი ვალდებულებები, ამ თემებზე ხშირად წერს თურქული მედია და ამას არც თვითონ უარყოფენ. იცოდით, ვის მიყიდეთ კლინიკები?
_ ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, სანამ ამ კლინიკებს გავასხვისებდით. მე სახელმწიფო სტრუქტურაშიც მიმუშავია და პატრიოტობაშიც ბევრი ნუ შემედრება რა, დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან. მე არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, რომ სახელმწიფოს ავნოს
ყველამ კარგად იცის, როგორ დონეზეა თურქეთში მედიცინა, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი თურქეთში დარბის სამკურნალოდ. ამ კომპანიას 11 საერთაშორისო ცენტრი მარტო თურქეთში აქვს. ეს არის უსერიოზულესი კომპანია. შეიძლება მათ წინააღმდეგ საჩივრები შეტანილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ. პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ რაც გაზეთში დაიწერება, ყველაფერი არგუმენტი არ არის.
_ ბატონო გია, უცნაური გასხვისება გამოგივიდათ. ტეკინ ატეკი, რომელიც იაშვილის კლინიკის დირექტორად იყო მოვლენილი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ფული თქვენთვის ჯერ კიდევ არ მოუციათ და ანგარიშზე აქვთ გაყინული.
_ ხელშეკრულება, რომელიც დევს რეესტრში ითვალისწინებს იმას, რომ რაღაც პერიოდში მომხდარიყო თანხის ჩარიცხვა. ეს არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება.
_ თუმცა, ამავე ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მეც მაქვს ნანახი, საუბარი იყო იმაზე, რომ თანხა ჩაერიცხათ 2 კვირაში და გასულია გაცილებით მეტი დრო.
_ ჩვენ კლინიკები გადავეცით მათ და ფული ნამდვილად 2 კვირაში უნდა ჩაერიცხათ, მაგრამ ძალიან მალევე მოხდა ეს ამბავი, ვგულისხმობ ჩვენს წინააღმდეგ ბრალის წაყენებას, რამაც ბუნებრივია, თავიდან ინვესტორებში დაბნეულობა გამოიწვია. ამიტომ, ეს ვადა ჩვენს მიერ გაგრძელდა 6 თვით. ვფიქრობთ, რომ 6 თვეზე მეტხანს სასამართლო არ გაგრძელდება და ყველაფერი გაირკვევა.
_ თქვენ იმედი გაქვთ, რომ სასამართლოზე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება?
_ ამას იმედი არ ქვია, ეს არის რეალობა. სხვანაირად წარმოუდგენელია. როცა ბიზნესში ხარ, სულ ომში ხარ და ეს ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ასეთი აბსურდული ბრალდება არასდროს მსმენია. ამას რომელი მოსამართლე მოაწერს ხელს? დარწმუნებული ვარ, არცერთი.
_ ანუ, თქვენ თვლით, რომ მთლიანად მართალი ხართ კანონის წინაშე?
_ მე მართლა გეუბნებით, ოფიციალურდ ვაცხადებ, თუ ერთ კაცს მაინც იპოვნიან, ვინც იტყვის, რომ მე ერთი კაპიკი უკანონოდ ამიღი, თუ ერთი ასეთი ადამიანი მაინც გამოცნდება, მზად ვარ, მთელი ქონება და ყველა საავადმყოფო ვაჩუქო სახელმწიფოს.