17 ოქტომბერს, დაახლოებით საათნახევრიანი პრესკონფერენცია ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გადიოდა. როგორც ჩანს, ეს თემა პატარკაციშვილებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერ მინისტრის პირდაპირ ტრანსლირებაც კი შეწყვიტეს.
“დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ 4 თემაზე. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ეკუთვნოდა ბადრი პატარკაციშვილს, ვილაპარაკებთ ჯოზეფ კეიზე, მის რეპუტაციაზე, მის საქმიანობაზე, გიორგი (ერთ-ერთი წარმომადგენელი. ავტ) მოყვება და გავაანალიზებთ ორ სასამართლო გადაწყვეტილებას და ბოლოში გაგიზიარებთ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ქარხნისთვის და საქართველოსთვის და რა გეგმები გვაქვს ჩვენ” _ განაცხადა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ნდობით აღჭურვილმა პირმა და “რუსთავის ფოლადის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ.
პატარკაციშვილები ქართულ მართლმსაჯულებაზე უკმაყოფილოები არიან და თვლიან, რომ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არაკომპეტენტურია და პროცესუალური დარღვევებით სავსე.
გიორგი გეწაძე: “როგორც ბატონმა ირაკლი მოგახსენათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბოლო დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მრავალმილიონიანი გარიგება, რომლითაც შპს “რუსთავის ფოლადმა” შეისყიდა რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი ქართული ფოლადის აქტივები, გარიგება ბათილად ისე იქნა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება შეიცავს უამრავ პროცესუალურ დარღვევას და ასევე სამართლის ნორმების შეუსაბამო გამოყენებას.”
“ჯერ ჩვენ ვილაპარაკებთ. რაღაც მასალები დაგხვდათ სკამებზე და გეტყვით, რომ გვაქვს სპეციალური ვებ საიტი რომელზეც უამრავი მასალა არის ატვირთული და შეგიძლიათ გაეცნოთ ფართოდ ამ მასალებს” _ განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ყველაზე საინტერესო სწორედ ეს მასალები აღმოჩნდა, მათ შორის თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი 22-ე გვერდი სათაურით: “მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის” ანუ საუბარია შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლოც ისეთ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახისთვის მიუღებელი იქნება.
7 პუნქტიანი ჩამონათვალი ასეთია:
1. არსებული 2200 სამუშაო ადგილის მნიშვნელოვნად შემცირებისა და რუსთავის ადგილობრივ ეკონომიკაზე გამანადგურებელი გავლენის მოხდენის საფრთხე
2. ქარხნის განვითარების შეჩერება, ასობით სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობის მოსპობა.
3. სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი რაოდენობით გადასახადების გადამხდელი მნიშვნელოვანი წყაროს დაკარგვა.
4. საქართველოს, როგორც უცხოური ინვესტიციის მომხიბვლელი მიზნის, იმიჯის მნიშვნელოვანი შელახვა.
5. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, გადახედავს თავის საინვესტიციო გეგმას.
6. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი შეიძლება იძულებული გახდეს წამოიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპენსაციის სახით საქართველოსთვის ასობით მილიონი დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
7. ჯოზეფ კეისთვის მოქმედებისთვის თავისუფლების უზრუნველყოფა მიანიშნებს საქართველოს ბიზნესისა და საზოგადოების რეკრიმინალიზაციის საფრთხეზე.
“დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლო სისტემა საერთოდ არ არის მიუკერძოებელი და ობიექტური. სხვა დარღვევებიც არსებობდა უამრავი, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში, უბრალოდ, ჩვენი ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ დეტალურად ვილაპარაკოთ” _ განაცხადეს პრესკონფერენციაზე.
გაითვალისწინებს თუ არა სახელმწიფო ამ ულტიმატუმს და რა კონტრარგუმენტებზე საუბრობენ “ქართული ფოლადის” წარმომადგენლები, ამას შემდეგი სტატიიდან შეიტყობთ.