მათი აზრით, სახალხო დამცველთან არსებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფორმატში არსებული მონიტორინგის ჯგუფი საკმარისი და ეფექტური არ არის. სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან.
საჭიროა თუ არა ციხეებში დამატებითი საზოგადოებრივი მონიტორინგი და რა საფრთხეებს ხედავენ უფლებადამცველები ჯგუფის არასწორად დაკომპლექტების შემთხვევაში, ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსი” უფლებადამცველებს ესაუბრა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ უკვე შემუშავებულია კონკრეტული მექანიზმი, რომლის მიხედვითაც “პატიმრობის შესახებ” კოდექსში და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება უნდა შევიდეს.
მისივე თქმით, კონკრეტული კრიტერიუმები კანონით უნდა განისაზღვროს, რის მიხედვითაც მონიტორინგის განმახორციელებელი არასამთავრობოების შერჩევა უნდა მოხდეს.
“უკვე გვაქვს მექანიზმი, რა მექანიზმიც სწორად და მართებულად მიგვაჩნია, თუმცა არა გვაქვს აკვიატება, რომ ჯგუფის შექმნა თუ მოხდება მაინცდამაინც ამ მექანიზმით უნდა მოხდეს. მზად ვართ მექანიზმი შეიცვალოს და დაიხვეწოს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს. პირველი ისაა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი მონიტორინგი, ამის შემდეგ უნდა შევთანხმდეთ ვინ უნდა იყვნენ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები და ვინ უნდა იყოს მიმართვის გამცემი ორგანო.
“შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აუცილებელია იყოს ღიაობა, მაგრამ… და ამ მაგრამის შემდეგ იწყებოდა ყველაზე მთავარი და საინტერესო, რომ სისტემას ხელი არ უნდა შეეშალოს მუშაობაში და ა.შ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თან უნდათ ჯგუფის შექმნა და თან არ უნდათ”, _ აცხადებს კოჟორიძე.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების საშუალება მიეცემა სანდო რეპუტაცია, სათანადო გამოცდილება და საკადრო რესურსი უნდა ჰქონდეს. იგივეს ფიქრობს “პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ამირან გიგუაშვილი.
“როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მონიტორინგის შექმნის ინიციატორი საია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა, საინტერესოა ჯგუფი როგორ უნდა დაკომპლექტდეს, მასში მხოლოდ ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ, თუ სხვა უფლებადამცველებიც. მიუხედავად ამ ორგანიზაციების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემისა, სრულებით არ არის საკმარისი ამ ჯგუფში ყოფნის უფლება მხოლოდ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს. უკეთესი იქნება თუ დადგინდება კონკრეტული კრიტეტიუმები, რომლის მიხედვითაც ჯგუფი დაკომპლექტდება.
“გვახსოვს, შარშან, როდესაც საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, მასში იყვნენ ჟურნალისტებიც და ადგილი ჰქონდა გარკვეული კონფიდენციალობის დარღვევის ნიშნებს. ჯგუფის წევრების ნაწილი ციხეებიდან გამოტანილი ინფორმაციით პიარს იკეთებდა და გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მცდელობებსაც ჰქონდა ადგილი. ხშირად მათ მიერ გამოტანილი ინფორმაცია გადამოწმებულიც არ იყო. ახალ ჯგუფში, შესაძლოა, ისევ იყვნენ ჟურნალისტები, თუმცა მათ მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტი უნდა ჰქონდეთ, რა ინფორმაციის გასაჯაროება შეეძლებათ და რა არა. სხვა შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციები პოლიტიკური პირების მიერ გარკვეული მანიპულაციის საგანი გახდეს, პირადი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული და არა ციხეებში წესრიგის დამყარებისთვის”, _ ცხადებს გიგუაშვილი.
მისივე თქმით, უმჯობესია, ჯგუფის შექმნამდე გამოქვეყნდეს კონკრეტული კონცეფცია, მოხდეს მისი განხილვა და ჯგუფი შეჯერებული ვარიანტით დაკომპლექტდეს.
“რაც შეეხება ჯგუფის მიერ რეკომენდაციების გაცემას, ამას ღრმა საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. მსგავსი ჯგუფი სახალხო დამცველთანაც არსებობს. აქ საუბარია იმაზე, რომ სახალხო დამცველთან არსებული ჯგუფი ეფექტური არ არის და იდეის ინიციატორები ამიტომ ითხოვენ ახალი ჯგუფის შექმნას. ჯობია, მათ ჯერ კონცეფცია, დებულება გამოაქვეყნონ, განვიხილოთ ეს დებულება და შემდეგ მოხდეს ჯგუფის დაკომპლექტება. მეეჭვება ამ ჯგუფის მიერ დადებული დასკვნა, ან რეკომენდაცია სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს. ჟურნალისტი იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიძლება საკანონმდებლო სივრცეში შევიდეს. ვფიქრობ, ამას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება ადვოკატთა კორპუსთან. ადვოკატებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ამ პროცესებში ჩაერთონ. თუმცა, მეორე საკითხია, ხომ არ იქნება ინტერესთა კონფლიქტი?! ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას”, _ ამბობს გიგუაშვილი.
საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს “ანტიკორუფციული პლატის” თავმჯდომარე, უფლებადამცველი პაატა შავაძეც. ის “გურიანიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფი შედიოდა, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკისრებულ მოვალეობებს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ”.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მსგავსი ჯგუფის შექმნის ნებართვის გაცემა დროის გაწელვის მცდელობაა.
“ნებართვის გაცემა სასჯელაღსრულების მინისტრსაც შეუძლია და პარლამენტისგან ასეთი ნებართვის გაცემის აუცილებლობა, ვფიქრობ, დროის გაწელვის მცდელობაა და მეტი არაფერი. ამასთან, ამან შეიძლება პოლიტიკური ელფერი შეიძინოს, რაც არასასურველი იქნება. წავა ათასნაირი პროტექციები ჯგუფში ვინ უნდა შევიდეს და ვინ არა. ამიტომ ჯობია, მსგავსი ჯგუფის შექმნის ნებართვა სასჯელაღსრულების სამინისტრომ გასცეს, ეს სისტემის გამჭვირვალობისთვის და საზოგადოების ინფორმირებისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს, რადგან ერთი წლის მანძილზე 18 გარდაცვლილი პატიმარი, მათ შორის სამი თვითმკვლელობა ციხეებში არ უნდა ფიქსირდებოდეს”, _ აცხადებს შავაძე.
რაც შეხება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოზიციას არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ ინიციატივაზე, მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგი არსებობს და თუ უფრო მეტ გამჭვირვალობაზეა საუბარი, დიალოგისთვის მზადაა.
მისი თქმით, ტერმინი მონიტორინგის აღდგენა სწორი არ არის, რადგან ციხეების მონიტორინგი უკვე არსებობს სახალხო დამცველთან შექმნილი 40-კაციანი პრევენციული მექანიზმის სახით. ამასთან, სოზარ სუბარის განცხადებით, ციხეებს მონიტორინგს ომბუდსმენის სამსახური პრევენციის მექნიზმთან ერთად დამატებით უწევს.
“თუ ვინმე არ ენდობა უჩა ნანუაშვილს, მიაჩნია, რომ ის საბჭო, რომელიც სახალხო დამცველთან არსებობს, არაეფექტურად მუშაობს და უფრო მეტ გამჭვირვალობაზეა საუბარი, დიალოგისთვის მზად ვარ. თუმცა, ამას სჭირდება დასაბუთება. ციხე იმიტომ არის ციხე, რომ იქ რაღაც კედელი არსებობდეს. თუკი დასაბუთება იქნება, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო და საკმარისი არ არის ის, რომ პირდაპირ ეთერში ურეკავენ პრემიერს, კი ბატონო, ესეც შესაძლებელია, თუმცა – დასაბუთებით”, _ განაცხადა სუბარმა.
როდის დაიწყება ჯგუფის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები, ვის მიეცემა მასში მუშაობის შესაძლებლობა და საერთოდ, გასცემს თუ არა პარლამენტი მსგავს ნებართვას, ჯერჯერობით უცნობია. ერთი ცხადია, რომ უფლებადამცველთა ნაწილი მსგავსი ჯგუფის ამოქმედების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციის გაუმჯობესების მოლოდინში არიან.