ამის შესახებ კახიშვილმა “გურია ნიუსს” არჩევნების პროცესის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, იმ საარჩევნო კოდექსის პირობებში, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს წყნარი არჩევნები ტარდება.
“ეს არჩევნები შეუდარებელია თავისი მშვიდად ჩატარების პროცესით, როგორც საარჩევნო კამპანიის, ისე კენჭისყრის დღისა იმ არჩევნებთან შედარებით, რომელიც საერთოდ ჩატარებულა საქართველოში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან წყნარი არჩევნები ტარდება იმ საარჩევნო კოდექსის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს.
სხვა თემაა, რომ საარჩევნო კოდექსი უნდა შეგვეცვალა, შეცვლილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები, საარჩევნო დავების რეგულაციები, სიების ხარვეზები დროულად უნდა დაგვედგინა, მაგრამ ამ კანონის პირობებში უპრეცენდენტოდ მშვიდი არჩევნები ტარდება და იმედს ვიტოვებ, რომ ხმების შეჯამების პროცესიც მშვიდ გარემოში ჩაივლის ისე, რომ კითხვის ნიშნები არავის ექნება. რადგან ძირითადად, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე იწყება ხმების შეჯამების პროცესი, რომელიც სხვადასხვა კითხვის ნიშნებს იწვევს საარჩევნო სუბიექტების და მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ხმების დათვლაც ცივილიზებულ ფორმაში ჩაივლის,” _ აცხადებს კახიშვილი.
მისივე თქმით, დარღვევები, რომელიც დღეს დაფიქსირდა, იმდენად უმნიშველოა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.
“ბუნებრივია იქნებოდა პროცედურული დარღვევები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ არჩევნებს ის ხალხი ატარებს, რომლებიც აქამდე ატარებდნენ. ზუსტად ამიტომ აღვნიშნე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები უნდა შეცვლილიყო. დარღვევები იქნებოდა, მაგრამ მეორე საკითხია, რომ სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ის, რისი გამოსწორებაც დაუყოვნებლივ იყო შესაძლებელი, გამოსწორდა კიდეც. თუ აქამდე დამკვირვებლებს უბნებზე არ უშვებდნენ, ან ხმების შეჯამების დროს უბნებიდან აგდებდნენ, ახლა ეს აღმოიფხვრა. რაც შეეხება სხვა წვრილმან პროცედურულ დარღვევებს, ვფიქრობ, ამას არჩევნების შედეგზე არანაირი გავლენა არ ექნება. ერთადერთია, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა,” _ ამბობს კახიშვილი.
რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, კახიშვილი აცხადებს, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლის ერთი პროცენტიც რომ მისულიყო არჩევნებზე, მოქმედი კანონმდებლობით არჩევნები მაინც შედგებოდა.
“მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციაც საჭიროა. იმისთვის, რომ არჩევნები მეტად ლეგიტიმური იყოს და ის პროცენტული გაანგარიშება, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს დაუდგინდებათ ლეგიტიმურად გამოცხადდეს, საჭიროა ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა,” _ ამბობს კახიშვილი.
მისივე განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს კანონი არ დაურღვევიათ, მაშინ, როდესაც მათ თავიანთი არჩევანის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადეს.
“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების დღეს აკრძალულია საარჩევნო პოლიტიკური ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიით. ქუჩაში კი აგიტაცია აკრძალული არ არის. ეს აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ საუბნო-საარჩევნო კომისიაში. ამ შემთხვევაში არც ივანიშვილს და არც წულუკიანს კანონი არ დაურღვევია,” _ განუცხადა კახიშვილმა “გურია ნიუსს”.