მისი განცხადებით, ამას მოსამართლეთა საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ნორმა ითვალისწინებს. კონკრეტულად კი “ევროპული ქარტია, მოსამართლეთა სტატუტის შესახებ“.
“ვფიქრობ, დავძლევთ ვეტოს. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რაც შემოთავაზებული იქნა პრეზიდენტის შენიშვნებით და რაც ადრე ბატონი კოტე კუბლაშვილის მიერაც იყო წარმოდგენილი, ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნონ მოსამართლეები.
სინამდვილეში ამას არ ჰქვია გამოსაცდელი ვადა. ეს არის მოსამართლის 3 წლიანი ვადით განწესება, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება და ამ მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, შემდგომ უნდა გადაწყდეს საკითხი უვადოდ დანიშვნის თაობაზე. უვადოდ განწესებამდე კი, მონიტორინგი სწორი წესით, ობიექტურად უნდა ჩატარდეს. ამას ითვალისწინებს სამოსამართლეო საქმიანობაზე ძირითადი მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმა, როგორიცაა “მოსამართლეთა სტატუტის შესახებ” ევროპული ქარტია. იგივეს დასაშვებად მიიჩნევდა ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, რომელიც კომისიამ კონკრეტულად საქართველოს 2010 წლის ორგანულ კანონთან მიმართებით მიიღო,” _ განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებდა, მიხეილ სააკშვილმა ვეტო დაადო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე მოითხოვს. ამას უმრავლესობაში არ ეთანხმებიან და დღევანდელ სესიაზე ვეტოს დასაძლევად ემზადებიან.