2013 წლის იანვარსა და თებერვალში რეგიონული ქსელის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს რეგიონების (თბილისის გარდა) მოსახლეობის არსებული პრობლემების დადგენას და ამ პრობლემების შესაბამისობის ინდეტიფიცირებას იმ აქტივობებთან, რომელსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა სიტუაცია რეგიონულ ცენტრებსა და და სოფლებს შორის განსხვავდებოდა. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის მიერ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობების აღქმისას. ამ გარემოებიდან გამომდინარე 2013 წლის ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ შესაძლებლობების და რესურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით
როგორც კვლევის მიხედვით ირკვევა, ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად რესპონდენტები ყველაზე ხშირად საკრებულოს თავმჯდომარესა და სოფლის რწმუნებულს მიმართავენ, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის მისაღებად კი გამგებელს.
მიუხედავად იმისა, რომ დადებითად შეფასდა ის სერვისი, რომელიც მიიღეს ადგილობრივი სტრუქტურებიდან, გამოკითხულების მხოლოდ 12.6% თვლის, რომ შემდგომშიც ექნება ურთიერთობა მათთან. ნახევარზე ოდნავ მეტი 55% თვლის, რომ არ ექნება ან არა, ხოლო 32.4% თვლის, რომ სავარაუდოდ აღარ ექნება ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული სერვისით კმაყოფილების ხარისხი გავლენას არ ახდენს რესპონდენტების სამომავლო მიმართვიანობის მონაცემებზე.
დაბალი ჩართულობის მიუხედავად, რესპონდენტთა 78.7 თვლის, რომ სოფლის მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს სოფლის მართვაში, 18.2%-მა თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
ინფორმირებულობა პარლამენტის დეპუტატის საქმიანობის შესახებ
რესპონდენტებს ვეკითხებოდით იცოდნენ თუ არა, ვინ არის მათი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი: 39%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი.
მათგან, ვინც იცოდა, დასახელდა შემდეგი ადამიანები, სიის პირველ 15 ადამიანს წარმოგიდგენთ უცვლელად, როგორც დაასახელეს რესპონდენტებმა:
გოგი ქავთარაძე აკაკი ბობოხიძე, სამველ პეტროსიანი, ვაჟა ჩიტაშვილი, პარვიზ ზეინალოვი, მახიდ დარზიევი, სულეიმანოვი, ისმაილოვი, ირაკლი ტრიპოლსკი, ვახტანგიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, თემურ ჩხაიძე, გურამ მისაბიშვილი, ახალაია, ფეიქრიშვილი გიორგი, ფატი ხალვაში, ანზორ თხილაიშვილი, მალხაზ ბაუჟაძე
რესპონდენტთა 42,5%-ს არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ.
რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინაასაარჩევნო შეხვედრებისას შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან არჩევნების შემდგომ შეხვედრებზე, 4%-ს კი საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე.
რესპონდენტების 24% ამბობს, რომ დანამდვილებით იცის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მოსახლეობასთან მოწყობილი შეხვედრების შესახებ. 17,4% დარწმუნებულია, რომ დეპუტატი არ აწყობს შეხვედრებს. 25,1% ვარაუდობს, რომ დეპუტატი აწყობს შეხვედრებს, ოღონდ ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ არის.
რესპონდენტების 61%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.
კითხვაზე, მათგან ვინ იცის, სად მდებარეობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, 52,1%-მა არ იცის როგორ მიმართოს ბიუროს. 47,9%-მა კი იცის.
“სიდას” ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შესახებ ცალკე კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც ჩვენთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.